საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა შეკრების პირველი ნაწილი დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა 13 მარტს დაწყებული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების მთავარი შეკრების პირველი, სამკვირიანი ეტაპი დაასრულა.

ნაკრები 9 დღეს დაისვენებს და "შევარდენს" 10 აპრილს დაუბრუნდება.

ამასობაში კი წლის ყველაზე მნიშვნელოვან სარაგბო მოვლენამდე 2 თვეზე ოდნავ მეტი რჩება - 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველო ჩვენი რაგბის ისტორიაში პირველად მასპინძლობს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს, რომელიც თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, რა დროსაც მსოფლიოში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად 12 უძლიერეს ნაკრებთან ერთად "უმცროსი ბორჯღალოსნები" იბრძოლებენ.

A
ჯგუფი: ავსტრალია, ინგლისი, სამოა, უელსი
B ჯგუფი: ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია, შოტლანდია
C ჯგუფი: არგენტინა, საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა

12 გუნდი სამ 4-გუნდა ჯგუფშია განაწილებული. ორ ჯგუფს (A და C) თბილისში "ავჭალის სტადიონი" უმასპინძლებს, რომელსაც სპეციალურად ამ ტურნირისთვის დაემატა ახალი ტრიბუნა, ხოლო B ჯგუფის მატჩები ქუთაისში, "აია არენაზე" გაიმართება. ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ჯგუფური ეტაპის თამაშები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს გაიმართება, ხოლო პლეი ოფებსა და ფინალებს 14 და 18 ივნისს "მიხეილ მესხის" და "ავჭალის სტადიონები" უმასპინძლებს.

ჩვენს ქვეყანას მსგავსი დონისა და მასშტაბის ტურნირისთვის არასდროს უმასპინძლია. საქართველოს ახალი ზელანდიის, ინგლისის, ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ირლანდიის, უელსის, არგენტინის, საფრანგეთის, შოტლანდიის, იტალიის და სამოას ნაკრებები ეწვევიან.

ამ ასპარეზობაში პირველად შარშან მანჩესტერში მივიღეთ მონაწილეობა და მე-10 ადგილის დაკავებით უძლიერესთა შორის ადგილი სპორტული შედეგითაც გავინაღდეთ.

მთავარი შეკრების პირველი ეტაპი
ამრიგად, მაისსა და ივნისში სარაგბო სამყაროს ყურადღება საქართველოსკენ იქნება მოპყრობილი, "უმცროსი ბორჯღალოსნებიც" შესაბამისად ემზადებიან კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ტურნირისთვის, რათა უძლიერესთა შორის ადგილი საკუთარ კედლებში შევინარჩუნოთ.

ამისათვის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ, მწვრთნელებმა - ლადო კილასონიამ და ზურაბ ამონაშვილმა, მაწრთობებმა - გიორგი და გივი ნადარეიშვილმა გუნდი სექტემბრიდან შეკრიბეს და სელექციის პარალელურად, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ეტაპობრივ სამზადისს შეუდგნენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მარტის პირველ ნახევარში დასკვნითი, 9-კვირიანი მზადება დაიწყო, რომლის დროსაც მორაგბეებს შუალედებში დასვენების საშუალება აქვთ. მთავარი შეკრების პირველი, 3-კვირიანი ნაწილი 30 მარტს დასრულდა "შევარდენზე" და მის შედეგებზე ლადო კილასონია გვიამბობს:

"დასკვნითი შეკრების პირველი სამი კვირა ფიზმომზადებას დაეთმო. ვიმუშავეთ როგორც ძალის მატებასა და კუნთის გაზრდაზე, ასევე სისწრაფისა და გამძლეობის გაუმჯობესებაზე. ვემზადებით ჩემპიონატისთვის, სადაც ტემპი ძალიან მაღალი იქნება და ამისათვის სპეციალური მომზადება გვჭირდება. გვქონდა ბურთით ვარჯიშებიც, თუმცა ისინიც ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ემსახურებოდა.

სასიამოვნო და მნიშვნელოვანია, რომ ამ 3-კვირიან პერიოდში სერიოზული დაზიანება არავის მიუღია. ნაყოფიერად ვივარჯიშეთ და კვირიდან კვირამდე მატება თვალშისაცემი იყო. ახლა ბიჭები 9 დღე დაისვენებენ და გვექნება 2-კვირიანი შეკრება, სადაც აქტუალური კვლავ ფიზმომზადება იქნება, ოღონდ საქმეში უფრო მეტად ჩაერთვება ბურთი.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება შარშან მივიღეთ და ვფიქრობთ, რომ ტურნირს წელსაც კარგ ფიზიკურ ფორმაში შევხვდებით. მანამდე გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და ის დაგვანახებს, სად უნდა მოვუმატოთ დატვირთვებს, სად შევანელოთ ტემპი, რათა როცა საჭირო იქნება, ისევ მოვუმატოთ".

მატება თვალშისაცემია
რადგან მთავარი შეკრების პირველი სამი კვირა უმეტესად ფიზმომზადებას დაეთმო, საინტერესოა მაწრთობის, გიორგი ნადარეიშვილის მოსაზრების მოსმენა:

"სისწრაფესა და გამძლეობაში მატება გვაქვს. აწონვებიდან ჩანს, რომ კუნთის მასა მატულობს. ბოლო კვირაში ვარჯიშები უფრო სწრაფი, ინტენსიური გახდა და ბიჭებს ისე აღარ უჭირდათ, როგორც პირველ ორ კვირაში, ანუ აქაც მატება გვაქვს.

9-დღიანი შესვენების შემდეგ მოთამაშეებს ტესტირება ჩაუტარდებათ და ზუსტი მონაცემები მას შემდეგ გვეცოდინება. დასვენება და აღდგენა სწორედ იმას ემსახურება, რომ ჩვენმა განვლილმა პერიოდმა უკეთესი შედეგი მოიტანოს.

10 აპრილიდან ფიზმომზადების ვარჯიშები გაგრძელდება. კვლავ ვიმუშავებთ სისწრაფისა და გამძლეობის გაუმჯობესებაზე, ხოლო კუნთის მასის მატების ვარჯიშებს ძალის მატების ვარჯიშები შეცვლის. ამავდროულად, გახშირდება ბურთით ვარჯიშები".

მონდომებით ყველაფერი დაიძლევა
აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში "უმცროს ბორჯღალოსნებს" სამი საკონტროლო მატჩი ელით სამხრეთ აფრიკის ვესტერნ პროვინსის აკადემიის 20-წლამდელთა გუნდთან. პირველი, არასტანდარტული თამაში (სამი 20-წუთიანი ტაიმი) 29 აპრილს გაიმართება, ხოლო 3 და 6 მაისს სტანდარტული შეხვედრები იქნება. ეს საკონტროლო მატჩები ბიჭებს მაღალ ტემპში თამაშებს მიაჩვევს და მწვრთნელებს იმ ხარვეზებს დაანახებს, რომლების გამოსასწორებლად დაახლოებით 3 კვირა ექნებათ.

"მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პირველი სამი კვირა რთული იყო, თუმცა ეს სირთულეები ბიჭებმა ერთად დგომით გადავლახეთ. ახლა ცოტას დავისვენებთ, ძალებს აღვიდგენთ, მობილიზებას მოვახდენთ და შეკრებას გავაგრძელებთ" - ამბობს ნაკრების კაპიტანი ილია სპანდერაშვილი.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" 9 ნომერი გელა აფრასიძე, რომელმაც წელს დიდ ნაკრებში 2 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა, ამბობს, რომ განვლილმა სამმა კვირამ ჯანიც შემატა და გამძლეობაც:

"შარშანდელის მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დიდი მონდომებით ვემზადებით. მაშინაც დიდი დატვირთვები გვქონდა და ახლაც ასეა, მაგრამ ვუძლებთ და იმედია, ეს გარჯა მსოფლიოს ჩემპიონატზე დაგვიფასდება. განვლილ 3 კვირაში წონაშიც მოვიმატე და სისწრაფე და გამძლეობაც გაუმჯობესებული მაქვს.

აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში აფრიკელებთან კარგი ტესტ-მატჩები გველის და დიდ გამოცდილებას შევიძენთ. მთავარ ტურნირამდე მსგავსი თამაშების ჩატარება საჭიროა, რათა შევიკრათ და მსოფლიოზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ. მიზანი 12 მოწინავეს შორის ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ვნახოთ, საქმე როგორ აეწყობა".

"უმცროსი ბორჯღალოსნების" რაზმი შეკრებაზე:

შერკინება: გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), ივანე გელაშვილი (ვეფხვები), პეტრე ჯინჭარაძე (აია), ლევან ჭავჭავაძე (არმია), ლევან პაპიძე (ლელო სარასენსი), თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენსი), რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენსი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენსი), ბექა საღინაძე (ლელო სარასენსი), სანდრო მამამთავრიშვილი (თი-ბი-ეს უნივერსიტეტი), ილია სპანდერაშვილი (არმია), არსენ მაჩალაძე (აია), შოთა არეშიძე (აია), გიორგი ნუცუბიძე (აია), თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), გელა მახარაშვილი (აკადემია);

ხაზი: გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი), ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია), თედო აბჟანდაძე (აია), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენსი), სანდრო სვანიძე (არმაზი), დავით მესხი (არმია), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), ბექა მამუკაშვილი (ლელო სარასენსი), მირიან მოდებაძე (აია), საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია, სამხრეთი აფრიკა), გიორგი წიკლაური (ჯიქი), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენსი), ლუკა დვალიშვილი (არმაზი).

საფრანგეთიდან შემოგვიერთდებიან:

ლაშა ტაბიძე (ბორდო), ჯაბა შათირიშვილი (ლა როშელი), ომარ ოდიშვილი (პო), უჩა ჭეიშვილი (მონპელიე), გურამ პაპიძე (ლიონი), ლაშა ჯაიანი (ექსეთერი), გიორგი გოგოლაძე (მონპელიე), ლუკა იურინი (ლიონი).

სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე; მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი; მაწრთობები: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი; ფიზიო: ირაკლი შაორშიძე; ექიმები: რომან სახოკია, ლადო ჭელიძე; ვიდეოანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი; მენეჯერი: ოთარ იაშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე რომ ემზადებოდნენ წინა მსოფლიოს დროს, ეხლა ასე არ აპირებენ? მაგარი იყო მაშინდელი მომზადებებიო
ქუთაისელი
16:28 31-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული