U20. მ/ჩ: რაგბი ჩვენი თამაშია, ჩვენ უკვე იქ ვართ!

AutoSharing Option
საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ჰიმნები დასრულდა. გუნდებმა, როგორც რაგბიში ჩვეულებრივი ამბავია, ომახიანად იმღერეს. მერე, ასევე ტრადიციისამებრ, "ბეიბი ბლექსმა" ჰაკა შეასრულა. საფრანგეთის ნაკრები, ისევე, როგორც სტადიონზე შეკრებილი ქომაგები, ახალზელანდიელებს ერთმწკრივად დალაგებული, გარინდებული უყურებდა და უსმენდა.

ჰაკა დასრულდა. ფრანგები, თითქოს გაქვავდნენო, ადგილიდან არ იძვრიან. გაქვავდნენ ახალზელანდიელებიც. ასე იდგნენ და ერთმანეთს შესცქეროდნენ. ერთმანეთს თვალით ზომავდნენ.

ასე დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა. დგანან და ერთმანეთს უყურებენ. გაოცებული გულშემატკივრები ერთმანეთს შესცქერიან - რა ხდება?

მსაჯი ჯერ ახალზელანდიელებს მიუახლოვდა, მერე ფრანგებს. არა, არცერთი იძვრის ადგილიდან. მერე არბიტრი
ისევ "ბეიბი ბლექსთან" მივიდა. არავინ იცის, რა უთხრა. ახალზელანაიელები დაიშალნენ, ფრანგებმაც სწორედ ამის მერე დაარღვიეს მწკრივი და ორივე გუნდი სათამაშოდ გაემზადა.

ჰაკაზე, მოწინააღმდეგე გუნდის ერთგვარი "პროტესტის" ათასგვარი ფორმა გვინახავს. ზოგი უსტვენს, ზოგიერთი გუნდი რომაელთა ლეგიონივით სოლისებურად დგება. ინგლისელი ქომაგი, მაგალითად, ჰაკას მსვლელობისას თავიანთი ქვეყნის ჰიმნს მღერის. "პროტესტის" ასეთი ფორმა რაღაც ახალია. დადგნენ ფრანგები და თვალი-თვალში გაუყარეს ჰაკას საბრძოლო შეძახილებით აღგზნებულ ახალზელანდიელებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ძალიან კარგი სანახაობა იყო - ეფექტური, რაგბული, კაცური. ეს ყველაფერი საქართველოში, თბილისში, "ვაკის სტადიონზე" ხდებოდა. ჩვენთან, აქ, თბილისში მსოფლიოს საუკეთესო 12 ახალგაზრდული ნაკრები ყველაზე უკეთესის გამოვლენისთვის იბრძვის. ის, რაც მსოფლიოს რაგბიში დამკვიდრებულია, ტრადიციაა, ფასეულობაა, ყოველივე ამას ცოცხლად ვხედავთ.

ამის გაგებას, გასიგრძეგანებას რაგბის გურმანობა არ სჭირდება. ეს ძალიან უბრალო, ჩვეულებრივი ამბავია.

თუმცა, როგორც ჩანს, ასეც არაა.

როგორც ჩანს, ისევე, როგორც რაგბის სამყარო, მისი ნამდვილი ქომაგიც (ხაზს ვუსვამთ, ნამდვილი და არა მოდას აყოლილი) გამორჩეული და უფრო სხვანაირია, უფრო რომანტიკოსია, სულ სხვაა.

რაგბის ნამდვილი ქომაგი შემწყნარებელია, იცის, ვისგან რას უნდა გამორჩეს მისი გუნდი. იცის, რა შეუძლია და რა არა. ზუსტად ხვდება პერსპექტივას და მოთმინებით ელოდება უკეთეს მომავალს.

თვით ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში ტარდება, უკვე მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ნაკრები რომ პლანეტის საუკეთესოთა შორისაა (და მომავალ წელსაც იქნება), უკვე სასწაულია. ამ სასწაულის ჩამდენმა ხალხმა კიდევ ერთი სასწაული ჩაიდინა და მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდი, არგენტინის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხა.

- U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]

აქამდე ჩვენი რაგბი დიდი ხნის მანძილზე მძიმედ, შრომით, გაჭირვების მიუხედავად ჯიუტად მიდიოდა. იმიტომ, რომ იცოდა, იქ, ელიტაში სულ სხვაა. იქ პატივისცემა რომ დაიმსახურო, ბევრი ოფლი უნდა ღვარო. ის, რომ მსოფლიოს რაგბის მომავალი ვარსკვლავები დღეს საქართველოში არიან შეკრებილნი, უკვე ამ პატივისცემის გამოხატულებაა, რადგან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბობოლათა რიცხვს (ჯერჯერობით) არ განეკუთვნება და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარება ანდეს.

არგენტინასთან გამარჯვებით ეს პატივისცემა, დაფასება კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენ უკვე იქ ვართ. მსოფლიოს სარაგბო ოჯახის სრულფასოვანი წევრები ვართ და ამას გაფრთხილება, მეტი შრომა, მონდომება და მხარდაჭერა სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული ჯერ სრულად ტრადიციები და კარგი იქნება თუ თამაშის წინ საბრძოლო მუხტს თუ შევქმნით...!!! მეც მქონდა ეს აზრი.... ამიტომ გეთანხმებით... ხორუმიც, ფარიკაობაც, და ა.შ. ყველაზე მეტად მომწონს Tazos იდეა ტან ბორჯღალოსნები ვართ.. ამიტომ ვემხრობი მის იდეას...
emzari qutaisi
12:22 16-06-2017
0
ორი სიტყვა ირლანდიასთან თამაშის შედეგის მნიშვნელობის შესახებ, ანუ რა მნიშვნელობა აქვს მე-9 ადგილის დაკავებას:
მეცხრე ადგილზე გასული მომდევნო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფების განთესვისას ხვდება მესამე კალათში. გასულ ჩემპიონატზე დაკავებული მე-10 ადგილის გამო წელს ვიყავით მეოთხე(10-12ადგილები) კალათიდან და წილისყრით გვერგო პირველი კალათიდან(1-2-3 ადგილები) მესამეადგილოსანი არგენტინა, მეორე კალათიდან (4-5-6 ადგილები) მეოთხეადგილოსანი სამხრეთ აფრიკა და მესამე კალათიდან (7-8-9 ადგილები) მეცხრეადგილოსანი საფრანგეთი
რამაზ
12:11 16-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული