თბილისი მსოფლიო ალაფასთვის მზადაა

AutoSharing Option
24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით თბილისი 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფას უმასპინძლებს. მსოფლიოს პირველობაში 8 გუნდი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრების გარდა ჩემპიონობისთვის - სამოა, იაპონია, რუსეთი, კანადა, ურუგვაი, აშშ და ზიმბაბვე იბრძოლებენ. შვიდივე სტუმარი გუნდის დელეგაცია უკვე თბილისშია და მატჩებისთვის მზადებას აქ განაგრძობს.

მსოფლიოს ალაფის დაწყებამდე კი "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ტურნირის წინა პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, მერიის სოციალური უზრუნველყოფისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და რაგბის საერთაშორისო საბჭოს ტურნირების
დირექტორი ფილიპ ბურდარიასი ესაუბრნენ.

გია ნიჟარაძე:" მსოფლიოს ალაფის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია, ჩემპიონატში მონაწილე დელეგაციები ჩამოვიდნენ და მატჩების დაწყებამდე მზადებას აქ განაგრძობენ. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი დონის ტურნირი გუნდურ სახეობაში საქართველოში დამოუკიდებლობის შემდეგ არ გამართულა. ეს შეჯიბრება მარტო სპორტული თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი, მას მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დატვირთვა აქვს.

თამაშები 4 სათამაშო დღეს ჩატარდება - 24, 28 მაისს და 1, 5 ივნისს. მატჩები 2, 4 და 6 საათზე დაიწყება, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი 6 საათზე ითამაშებს. "შევარდენზე" გასამართ მატჩებზე დასწრება უფასო იქნება, "ავჭალაში" ჩასატარებელი შეხვედრების აბონიმენტი კი, რომელიშიც 12 მატჩი შედის 30 ლარი ღირს და ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ტურნირი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან სუსტი გუნდი არც ერთია, ყველა თამაში საინტერესო და დაძაბული იქნება. მადლობა მინდა ვუთხრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიას და რაგბის საერთაშორისო საბჭოს მხარდაჭერისთვის. ასე რომ, ვალდებულები ვართ სტუმრებს სათანადო მასპინძლობა გავუწიოთ და ყველგან კომფორტი შევუქმნათ. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის პირობას გაძლევთ, რომ უახლოეს წლებში საქართველო კიდევ უფრო მასშტაბურ ტურნირებს უმასპინძლებს".

ფილიპ ბურდარიასი: "ყველა გუნდი ჩამოსულია, ვესაუბრე მენეჯერებს და ამ ეტაპზე ბედნიერები არიან. 4 დღეა აქ ვართ, შევამოწმეთ ყველა დეტალი და ყველაფერი კარგად არის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიას და რაგბის კავშირს. ეს ტურნირი თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულია, ძალიან ბევრი ჟურნალისტი ჩამოდის და შეიძლება ითქვას, რომ დიდი დაკვირვების ქვეშ იქნებით".

დავით ნამგალაური:" საორგანიოზაციო საკითხები მოგვარებულია, თუ რაიმე პრობლემა მაინც გამოჩნდება სამინისტრო მზად არის რაგბის კავშირის დახმარებისთვის. რაც შეეხება სპორტულ მხარეს - დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები გვასახელებენ. იოლი თამაშები არ იქნება, მაგრამ ჩვენ გვჯერა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების".

მამუკა ქაცარავა: "მნიშვნელოვანი ტურნირია და დიდი ზეიმია მთლიანად ქალაქისთვის. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული თუ როგორ ჩაივლის ყველაფერი. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა რაგბის კავშირს, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია. თბილისის მერია მზად არის დახმარებისთვის და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად ჩაივლის".

msy.gov.ge
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული