ვერც ძალით გავტეხეთ, ვერც ხერხით ვაჯობეთ

AutoSharing Option

საქართველო-იაპონია 14:29

საქართველო (15-9) კობახიძე, ძნელაძე, მარგიანი (გაგოშვილი 70), გაბროშვილი (მჭედლიშვილი 41), აბრამიძე, კვარაცხელია, ღამბაშიძე (ჯინაშვილი 74)(1-8) ჟვანია (ნავროზაშვილი 41), ჩომახაშვილი (მატკავა 41), ჩილაჩავა, ბიწაძე, მიქაუტაძე (ჟღენტი 65), თხილაიშვილი, ტყეშელიაძე, ლოსაბერიძე (ჩხიკვაძე 68)
ლ: ნავროზაშვილი. 3ს: კობახიძე
იაპონია (15-9) კუროსავა, ჰიკოსაკა, ვაიფუ, ნუნომაკი, ჰანო, ნაკამურა, უჩიდა. (1-8) კიტაგავა (იშიძავა 60), ნავაი (მუკარაკა 71), ენოკი, აშიია, სონანაკა, ცუჯი, კიმი, ოშადა.
3ლ: ჰიკოსაკა (2), ჰანო. 4ს, გ: ნაკამურა.
სინბინი: ენოკი.
მსაჯი: ხოაკიმ მონტესი (ურუგვაი)

"სამწუხაროდ, ჩვენი თამაშის ძლიერი მხარეები ვერ გამოვიყენეთ, უპირატესობის
მოპოვება ვერ შევძელით. მეტოქემ სწორედ იმ კომპონენტში დაგვჯაბნა, რომლითაც ჩვენ ვაპირებდით წარმატების მიღწევას. რაკში და მოლში თამაშშიც გვაჯობეს. ერთი სიტყვით, ჩვენზე უკეთეს გუნდთან წავაგეთ", - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაატა ნარიმანაშვილმა.

"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხევდრა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მატჩის პირველ ათ წუთში წააგეს. დასაწყისშივე უყურადღებობის გამო დაშვებული სამი შეცდომა ჩვენ გუნდს 11 ქულად დაუჯდა. ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის ძალა კი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქართველ მორაგბეებს არ აღმოაჩნდათ.

ანგარიში იაპონელებმა მეორე წუთზე გახსნეს. მეტოქემ პირველივე შეტევა აქტიურად წამოიწყო, ჩვენ 22-მეტრიან ზონაშიც შემოაღწია, თუმცა ბურთი ავართვით და იქვე რაკში თამაშისას დავჯარიმდით. იაპონიის ნაკრების მგეზავმა რიოდო ნაკამურამ ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0.

ანგარიში სტუმრებმა სამ წუთში, უკვე მომდევნო შეტევაზევე გაზარდეს. ჩვენმა გუნდმა ისევ რაკში თამაშისას დაარღვია წესი და ნაკამურამ თავისიანებს კიდევ ერთხელ მოუტანა სამი ქულა - 6:0.

იაპონელთა მორიგი, მესამე შეტევა კი უკვე ლელოთი დასრულდა. მარცხენა ფრთაზე მორკინალებმა ჩვენი გუნდის 22-მეტრიან ზონაში შეაღწიეს და მერე ბურთი სწრაფად მარცხნივ, გრეძელ ფრთაზე ჩაათამაშეს. იქ კი გარემარბ მასაკაცუ ჰიკოსაკას შეჩერება ვერაფრით შევძელით. ნაკამურამ ვერ გარდასახა - 11:0.

ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია. იაპონელებმა აშკარად დაგვჯაბნეს დერეფანში თამაშში, არადა ერთადერთი, ძალიან მარტივი კომბინაცია ჰქონდათ, რომლის განეიტრალებაც ჩვენმა უფრო მაღალმა მორკინალებმა ვერაფრით შეძლეს. წავაგეთ, უფრო სწორად კი უხეიროდ ავაგდეთ რამდენიმე საკუთარი დერეფანი.

ნათლად ჩანდა, რომ იაპონელთა მწვრთნელს, იუკოი მოტოკის საქართველოს ნაკრების თამაში წვრილად ჰქონდა გაშიფრული, შესწავლილი და კონტრზომებიც ზუსტად დამუშავებული. მეტოქის მოთამაშეები თავგანწირვით, დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით იბრძოდნენ და ჩვენ მორკინალებს მიძალების საშუალებას არ აძლევდნენ. იმ შემთხვევაში კი, როცა ბურთი ხაზზე გაგვქონდა ხელდახელ სათამაშოდ მუდამ შეცდომას ვუშვებდით.

ერთი სიტყვით, ის თამაში რაც გამარჯვებას მოგვიტანდა ვერაფრით ავაწყვეთ. ცხადია, "უმცროს ბორჯღალოსნებს" ფარხმალი არ დაუყრიათ და პირველი ათი წუთის შემდეგ უფრო სწრაფად და მძლავრად ამოქმედდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, სალელოვე შეტევის ორგანიზება ვერაფრით მოვახერხეთ. იაპონიის ნაკრები შეუვალი კედელივით იდგა.

ცხადია, შეცდომებს ყველა უშვებს და ჩვენმა მეტოქემაც, მეტადრე შერკინებაში თამაშისას რამდენიმე შეცდომა დაუშვეს. კერძოდ, ჩვენი გუნდის შერკინების ბურჯს ლევან ჩილაჩავას ვიზავი მაო ენოკი წინააღმდეგობას ვერ უწევდა. მან რამდენჯერმე განზრახ ჩააქცია შერკინება. არბიტრმა ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა იაპონელი, მერე კი ტაიმის მიწურულს სინბინში გაუშვა.

საბოლოოდ, პირველ ტაიმში ის მოვახერხეთ, რომ ფულბეკმა ბახვა კობახიძემ სამი საჯარიმო გაიტანა, რაზეც ნაკამურამ ერთით უპასუხა - 14:9, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენებისას საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სამი ცვლილება განახორციელა. შეცვლილთაგან ორი პირველხაზელი იყო. მათ ჩვენი გუნდის თამაში საგრძნობლად გამოაცოცხლეს და დაახლებით 15 წუთის განმავლობაში მეტოქის მოდენის ნახევარზე "დავბანაკდით", მაგრამ, სამწუხაროდ, 49-ე და 52-ე წუთებზე ზედიზედ ორი საჯარიმო ვერ გაიტანა და ანგარიშში დაწინაურების რეალური შანსი ხელიდან გავუშვით.

ეს კი მეტოქემ არაფრით გვაპატია. სამ წუთში მათ შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს. დერეფანი, საქართველოს ნაკრების 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან ჩვეულებრივ მოიგეს, მოლი შეკრეს და ხუთიოდ მეტრით წინ წაიწიეს. ბრძოლაში ქართველი მორაგბეები მრავალად ჩაერთნენ. იაპონელთა ცხრა ნომერმა კეისუკე უჩიდამ მოულოდნელად ბურთი მოლიდან გამოიტანა და მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშა. ერთი-ერთზე დარჩენილმა მეტოქის უკანახაზელებმა ჩვენ უკანახაზელებს ხელდახელ ბურთაობაში აჯობეს და გარემარბმა მასაკაცუ ჰიკოსაკამ მატჩში მეორე ლელო მიითვალა. ნაკამურამ გარდასახა - 21:9.

დაკარგული, ცხადია, ჯერ არაფერი იყო. 20 წუთი საკმარისი დროა მატჩის ბედის შემოსაბრუნებლად და ჩვენ ბიჭებს საამისოდ ცდა არ დაუკლიათ. 62-ე წუთზე მოედნის ცენტრში დანიშნული საჯარიმო კობახიძემ აუტში გადაიტანა. მეტოქის ლელოდან რვა მეტრში დერფანი სუფთად მოვიგეთ, მოლი შევკარით, თუმცა იაპონელებმა მისი დაძვრის საშუალება არ მოგვცეს.

წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მესამეხაზელმა გიგა თხილაიშვილმა აიტაცა და მარჯვენა გრძელ ფრთაზე შეუტია, მას კიდევ ერთი მესამეხაზელი გიორგი ტყეშელიაძე წამოეშველა, ისევ რაკი და ცხრა ნომერმა ჯიმი ღამბაშიძემ დროულად შენიშნა, რომ მარცხენა ფრთაზე მისი თანაგუნდლები იაპონელ მორაგბეებზე მეტნი იყვნენ. ღამბაშიძემ ბურთი დროულად სწორედ იქით გაათამაშა. ლევან ჩილაჩავამ ორიოდ მეტრი წინ წაიწია და კიდევ უფრო მარჯვნივ ეფექტურად გადააწოდა შეცვლაზე შესული ზაზა ნავროზაშვილს, რომლის შეჩერებაც იაპონელებმა ვღარ შეძლეს. გარდასახვა ასევე შეცვლაზე შესულმა შუამარბმა უჩა მჭედლიშვილმა დაარტყა, მაგრამ ვერ გაიტანა - 14:21.

ეს იყო ჩვენი მოწინააღმდეგის ერთადერთი სერიოზული შეცდომა მთელი თამაშის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ დრო მატჩის გადასარჩენად საკამარისად იყო დარჩენილი , "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მონაგარს ვეღარაფერი შესძინეს.

იაპონელებმა კი ჯერ 67-ე წუთზე ნაკამურას საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა 10 ქულამდე გაზარდეს, მერე კი 10 წუთში ჩვენი საფირმო ხერხით, მოლით ლელო გაგვიტანეს. ნაკამურამ ვერ გარდასახა - 29:14.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა და ახლა 5 ივნისს ტურნირზე მესამე ადგილისთვის ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფინალში კი, პირველობისთვის და 2012 წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის, იაპონიის ნაკრები A ჯგუფის გამარჯვებულ სამოას გუნდს ეთამაშება.

მატჩის შემდეგ
პაატა ნარიმანაშვილი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"ვერაფრით წარმოვიდგენდი, იაპონიის ნაკრები შერკინებაში და ძალისმიერ თამაში თუ გვაჯობებდა. სამწუხაროდ, მატჩის დასაწყისში უყურადღებიბის გამო მეტოქეს დაწინაურების საშუალება მივეცით.

ბახვა კობახიძემ, რომელიც აქამდე შესანიშნავად თამაშობდა, ხელსაყრელი პოზიციდან ორი საჯარიმო ვერ გაიტანა. ეს, უწინარესად, ზედმეტი ნერვიულობის ბრალია."

დავით ლოსაბერიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"იაპონელებს მატჩის დასაწყისშივე ჩვენ მივეცით დაწინაურების საშუალება. მოვდუნდით და სამჯერ დავჯარიმდით. თავიდანვე ანგარიშში წინ გავუშვით და ვეღარ დავეწიეთ. შერკინებაშიც გავიჭირდა და უკანა ხაზიც ვერ დადგა სათანადოდ. თავდადებით იბრძოდნენ და ვერ გავტეხეთ."

ურუგვაი-აშშ 33:5
ურუგვაი (15-9) დელ კერო, ფავარო (პასინი 72), ბარხესი, პრადა, რომანო, სილვა (ბერბატო 75), დურანი. (1-8) ბენაიუნი, კარისიმი, ეჩევერია (ჰედო 62), ლამანა, ლაკოსტე, ალონსო (ჰერნანდესი 66), სპეკერი (ზერბინო 66), პუპპო.
4ლ: დელ კერო, ლამანა, პრადა, ბენაიუნი. 3ს,2გ: ბარხესი
აშშ (15-9) ჯო კოული, სოოიალო, ფარელი (ფელონი 74), ჯოუნზი (მილსი 62), ჰოგსი, მეგი, დურანი. (1-8) აუმატაგი, ლატუ, მალენი (მაკლოიდი 66), კოლემანი, ტრეისი (ტრეისი 38), კოლერი, სანტი, ოჰარა
ლ: მეგი
მსაჯი: ტუი კომიტი (სამოა)

სამოა-რუსეთი 50:14
სამოა (15-9) პოლიკო, იონა, სუა, ლილომაივავა (ალაუნი 67), იოსუა, ფააპალე (ფაავე 54), აფემაი (ტუია 64). (1-8) ფაატუ, ლაფო, სმითი (ალაალატოა 63), სკელტონი (ტოქიტელე 64), ტაქატაული, ფააფოუ, ფოე, სემეანე (ტაუფუა 54).
7ლ: ლილომაიავა (4), იოსუა, სუა, ფააფოუ.
რუსეთი (15-9) სიმპლიკევიჩი, ტოლმაჩევი (ისაევი 67), მარტიში, ვასილიევი, ნიკუჩენკო, იამშიკოვი (კუკიშევი 67), გოდლიუკი. (1-8) სკობიოლა (კოსობოჩკინი 51), სელსკი, მატვეევი (ჩაჩურა 71), გალიცკი, შირინოვი (სტეპანოვი 67), პოჩეჩუევი (რაზუმოვი 74), ჟივატოვი, ვენგეროვი (ბერზინი 37)
2ლ: სიმპლიკევიჩი, ტოლმაჩევი. 2გ: გოდილიუკი
მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)

კანადა-ზიმბაბვე 49:23
კანადა (15-9) კეი, აპელდორნი (მანდი 73), ფუაილეფაუ, პარფრეი, ჰესლერი, ჰარმსტრა, ფერგუსონ (ნილი 48). (1-8) მაკლოიდი, ჩო, მაჰარი (ტენატი 52), ჰემპრიზი (სტოუნზი 52), პიერსი (დობრავსკი 69), ოლმსტიდი, კელი, არდონი.
7ლ: ჰესლერი (2), ნილი, ტენატი, ერდრონი, პიერსი, ფუაილეფაუ. 7გ: ფერგუსონი (2) ჰარმსტრა (5)
ზიმბაბვე (15-9) ცუმა, კოლი, კუცია, ფან რენსბურგი, ჩივანზა, ლინფილდი (ნელსნი 58), ჯიჯი. (1-8) სიბანდა, კარურუ, ბრაის-როჯერსი (მაკომვა 43), ჯარავაზა, ლოგანი (მუტანგადურა 76), მანდივანზა, ჯონესი, მემა (ჩიკაკა 58).
3ლ: ჯიჯი (2), კოლი. 2ს: ლინფილდი (2). გ: ნელსონი
მსაჯი: ტაიზო ჰირაბაიაში (იაპონია)

სატურნირო მდგომარეობა
A ჯგუფი
1. სამოა -15 ქულა, 2. ურუგვაი - 9, 3. რუსეთი - 5, 4. აშშ - 2.
B ჯგუფი
1. იაპონია - 14 ქულა, 2. საქართველო - 10, 3. კანადა - 5, 4. ზიმბაბვე - 0

VII ადგილისთვის
ზიმბაბვე-აშშ

V ადგილისთვის

კანადა-რუსეთი

III ადგილისთვის

საქართველო-ურუგვაი

ფინალი
სამოა-იაპონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული