ევროპის ჩემინატის ფორმატი შეიცვალა, ყველაფერი იცვლება

AutoSharing Option
"შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახლახან რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში "შავი ზღვის თასის" გათამაშება მოიგეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და განვითარების მენეჯერი გიორგი ჭუმბურიძე ლას პალმასში გამართული FIRA AER-ის გენერალური ასამბლეადან დაბრუნდნენ, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. პრესკონფერენცია ამ თემების გარდა, საქართველოს ნაკრების ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მზადების გეგმასაც დაეთმო.

დავით ჩავლეიშვილი, საქართველოს 17-წლამდლეთა ნაკრების მწვრთნელი:
"ჩვენი გუნდის წარმატება მნიშვნელოვანწილად თბილისისა და ქუთაისის სარაგბო აკადემიების დამსახურებაა. ეს მორაგბეები საკმაოდ
დიდი ხანია აკადემიის მწვრთნელების მეთვალყურეობით ვარჯიშობდნენ. გუნდის ერთად შეკრება კი რუმინეთში გამგზავრებამდე ათი დღით ადრე მოხერხდა. ფაქტობრივად, სრული გუნდით, სწორე ეს ერთადერთი საწვრთნელი შეკრება გვქონდა.

თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მოთამაშეებს საერთო ენა გამოენახათ. გუნდში ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, რაც წარმატების მიღწვაში ძალიან დაგვეხმარა.

პირველი თამაში უკრაინის ნაკრებთან გვქონდა. საწყის 20 წუთში ბიჭებს ნერვიულობა ეტყობოდათ. თუმცა საკუთარი თამაშის პოვნა მალე მოახერხეს და უკრაინელებს ათი ლელო გავუტანეთ. აღსანიშნავია, რომ აქედან ცხრა უკანახაზელების ანგარიშზეა. გუნდი მაქსიმალურად ცდილობდა ხელდახელ ებურთავა და გამოსდიოდა კიდეც.

მეორე თამაშში, ფინალში მასპინძლების გუნდს დავუპირისპირდით. როგორც თვითონ ამბობდნენ, ეს მათი ოქროს თაობაა და, დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ამ მორაგბეებმა უნდა ჩაანაცვლონ ამჟამინდელი ეროვნული ნაკრების მოთამაშეები. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯიც ხშირად სცოდავდა და მეტოქეც წვრილმან პროვოკაციებს არ თაკილობდა, რუმინელებისთვის გამარჯვების შანსი არ მიგვიცია. მეტიც, საკმაოდ დამაჯერებლად მოვუგეთ - 27:8.

აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ რუმინელებმა ძალზედ ცუდად გვიმასპინძლეს. წარმოუდგენლად აუტანელ პირობებში გვაცხოვრებდნენ, ერთი სიტყვით, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მატჩისთვის სათანადოდ არ მოვმზადებულიყავით."

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"შავი ზღვის თასის გათამაშება წლეულს პირველად ჩატარდა ოფიციალურად, რაც ჩვენი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია. ბუქარესტში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების გამარჯვების ამბავმა ასამბლეაზე ჩამოაღწია და ამან ჩვენი პოზიციები, იქ წამოჭრილ უამრავ სადავო საკითხზე, საგრძნობლად გაამყარა.

ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ლელოების აბსოლუტური უმრავლესობა უკანახაზელებმა გაიტანეს. მწვრთნელებმა დავით ჩავლეიშვილმა და მამუკა ტყეშელაშვილმა ნაყოფიერად იმუშავეს. მიმაჩნია, რომ გუნდმა ძალიან კარგად ითმაშა, თუმცა, ცხადია, ყველაფერი იდეალურად არაა და სამუშაო საკამოდ ბევრია.

რაც შეეხება FIRA AER-ის გენერალურ ასამბლეას, საერთო ჯამში ჩვენთვის სასარგებლო ბევრი საკითხი გადაწყდა. ამ ორგანიზაციას ბლომად პრობლემები დაუგროვდა. ახლახან ეროვნულმა ფედერაციებმა და FIRA AER-ის ხელმძღვანელობამ კომერციული სტრუქტურა დააფუძნეს, რომელმაც დაახლოებით ისე უნდა იმუშავოს, როგორც "შპს ექვსი ერი" ფუქციონირებს.

ცხადია, კომერციული სტრუქტურის შექმნაში და რაგბის განვითარებისთვის ზრუნვაში ცუდი არაფერია, მაგრამ იმ პირობებით, რაც მათ შეიმუშავეს, საგრძნობლად იზღუდებოდა ჩვენი უფლებები, რასაც ვერაფრით დავთანხმდებოდით. ასამბლეაზე ამ საკითხთან დაკავშირებული ჩვენი ხედვა მკვეთრად დავაფიქსირეთ და საკმაოდ მწვავე განსჯის შემდეგ, ყველაფერი ისე გადაწყდა, როგორაც ჩვენთვის იყო ხელსაყრელი.

ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა. შევთანხმდით, რომ გაისად 18-წლამდელების ევროპის ჩემპიონატში რვა გუნდი იასპარეზებს. აქედან ექვსი ელიტური, ექვსი ერის ქვეყნების 18-წლამდელთა გუნდები იქნება, ორიც ჩვენი დივიზიონიდან საუკეთესო. ვინაიდან წლეულს ამ ასაკში მესამე ადგილი დავიკავეთ, ევროპის ჩემპიონატზე ადგილი ავტომატურად გვეკუთვნოდა, თუმცა ამის დასამტკიცებლად ბევრი ბრძოლა დაგვჭირდა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გაისად აუცილებლად ვითამაშებთ, თუმცა წლეულს ოქტომბერში, ბუქარესტში მაინც მოგვიწევს ასპარეზობა. აქ ევროპის ჩემპიოანტის მერვე გუნდის ვინაობა გაირკვევა. იქ თამაშის უფელბას ერთმანეთს ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებები შეეცილებიან. ჩვენი გუნდისთვის კი ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მეტი საერთაშორისო დონის მატჩი გამართოს და გამოცდილება შეიძინოს.

მომავალი წლიდან მოსალოდნელია, რომ ბევრი რამ შეიცვლება. კერძოდ აქამდე არსებული ტურნირების ტრანსფორმაცია განხორციელდება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, ამჟამად მხოლოდ პროექტებზე მუშაობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ყოველთვის დროულად გვაწვდიან და თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრიც აინტერესებთ. ერთი სიტყვით, გამორიცხული არ არის, საქართველოში რაიმე მაღალი დონის ტურნირი ტრადიციული გახდეს.

ამასთან, სავარაუდოდ, იანავარში გვინდა 2014 წელს თბილისში მსოფლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარებაზე გავაკეთოთ განაცხადი. "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გამართვის შემდეგ IRB-იში საქართველოს რაგბის კავშირის ავტორიტეტი იმდენად გაიზარდა, რომ გამარჯვებაში ეჭვი არ გვეპარება. საამისოდ კი ინფრასტრუქტურაა აუცილებლად გასაუმჯობესებელი.

მანამდე კი ყველაზე აქტუალური საზრუნავი კარს მომდგარი მსოფლიოს თასის გათამაშებაა. ნაკრების მწვრთნელმა უკვე დაასახელა იმ 32 მორაგბეს ვინაობა, ვინც
მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმისთვის მზადებას 4 ივლისიდან დაიწყებს. გამოძახებულთა შორის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ცხრა მოთამაშეა. ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია. თუ გავიხსენებთ, 2003 წლის მსოფლიოს თასზე ეროვნულ ჩემიონატში მოთამაშე არცერთ მორაგბეს არ უასპარეზია. მომდევნო მსოფლიოს თასზე, რომელიც 2007 წელს საფრანგეთში გაიმართა, ასეთი ორი იყო. ზრდის დინამიკა ძალიან შთამბეჭდავია და ეს, ცხადია, კარგია.

საქართველოს ნაკრები თბილისში ფიზმომზადების მწვრთნელის, გერეთ ადამსონის ხელმძღვანელობით ორი კვირა ივარჯიშებს. 18 ივლისს ჩვენი გუნდი საფრანგეთში, კანში გაემგზავრება. აგვისტოში კი ორ საწვრთნელ შეხვედრას გამართავს. ერთი მეტოქე "კლერმონი" , იქნება, მეორე კი, სავარაუდოდ, "მონპელიე" ან "ტულონი". ახალ ზელანდიაში 3 სექტემბერს გავემგზავრებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული