ჩვენი გუნდი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეობას ინგლისის, უელსისა და იტალიის ნაკრებები გაუწევენ.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები თბილისში ახლახანს დაბრუნდა. განვლილ ტურნირზე და სამომავლო გეგმებზე ნაკრების მწვრთნელებს
დავით ჩავლეიშვილსა და მამუკა ტყეშელაშვილს ვესაუბრეთ.
- საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო რუმინეთის დედაქალაქში გამართული ეს შეჯიბრება ქართული
- მამუკა ტყეშელაშვილი: "ამ ტურნირის მნიშვნელობა ძალიან დიდი იყო და პასუხისმგებლობაც შესაბამისად მეტი გვქონდა. შეჯიბრების ორი საუკეთესო გუნდი ელიტარულ გუნდებთან თამაშის უფლებას იღებდა, რაც ნებისმიერი მონაწილე გუნდისთვის საოცნებო იყო. საბედნიეროდ, ყველა მატჩი მოვიგეთ, პირველი ადგილი დავიკავეთ და გაისად, აპრილში ესპანეთში ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ერის ქვეყნების გუნდებთან ვიასპარეზებთ."
დავით ჩავლეიშვილი: "აღსანიშნავია, რომ ელიტაში ისეთი დიდი სარაგბო ქვეყნების გუნდებს ვეთამაშებით, როგორებიც ინგლისი, უელსი და იტალიაა. მათთან თამაში ჩვენი მორაგბეებისთვის უდიდესი სკოლა იქნება, ფასდაუდებელ გამოცდილებას შეიძენენ. თანაც, რაც ყველაზე კარგია, მიეჩვევიან მათთან თამაშს და როცა ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა მოუწევთ, ელიტური ქვეყნების კომპლექსი მოხსნილი ექნებათ.
ეს შეჯიბრება ექსპერიმენტულია. ორი წლის შემდეგ აპირებენ, რომ ექვსმა გუნდმა ითამაშოს, ოღონდ ბოლო ადგილზე გასულს, ქვედა დივიზიონიდან გამარჯვებული შეცვლის."
- მოდით, თავად ტურნირზეც ვთქვათ. პირველი თამაში ჩვენს ნაკრებს მასპინძელთა გუნდთან ჰქონდა, რაც ფაქტობრივად, ფინალის ტოლფასი იყო.
- დავით ჩავლეიშვილი: "რუმინეთის ნაკრებთან, როგორც ყოველთვის დაძაბული თამაში გამოვიდა. ეს გუნდი წლეულს ერთხელ უკვე დამარცხებული გვყავდა და კარგად ვიცოდით მისი შესაძლებლობები. თუმცა ამჯერად რუმინელები უფრო მობილიზებული და მოტივირებულნი გამოვიდნენ სათამაშოდ.
ჩვენს გუნდს პირველი მატჩის კომპლექსმა ცოტა ხელი შეუშალა დასაწყისშივე თამაში რომ დაელაგებინათ. ამიტომ პირველი ნახევარი მხოლოდ ორი ქულის სხვაობით 5:3 მოვიგეთ. მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, გუნდმა თამაში იპოვა, ჯამში ოთხი ლელო გავუტანეთ, აქედან სამი მოლით და ერთხელაც კონტრშერევაზე დავიჭირეთ მეტოქე - 27:6."
მამუკა ტყეშელაშვილი: "მარტო შერკინებით არ გვითამაშია. ხელდახელაც კარგად ვიბურთავეთ. სამწუხაროდ, ძირითადი ცხრა ნომერი დაშავებული გვყავდა და მისი შეცვლა ნომინალურ ფულბეკს მოუწია. ტექნიკური წუნი თამაშისას, ცხადია, იყო, მაგრამ მაინც კმაყოფილნი ვართ. მეტოქეს ყველაფერში ვაჯობეთ, აუტში, შერკინებაში და ხელდახელ თამაშშიც. სადაც საჭირო იყო მოლსაც ვიყენებდით. რატომაც არა, ბიჭებს მშვენივრად გამოსდიოდათ და წარმატებას მიაღწიეს კიდეც."
- ბელგიის ასაკობრივი ნაკრებები ბოლო დროს სულ უფრო უმატებენ. არადა, მეორე მეტოქე სწორედ ამ ქვეყნის თანატოლთა გუნდი იყო.
- დავით ჩავლეიშვილი: "ბელგიას ამ ტურნირზე ძალიან კარგი, ძლიერი გუნდი ჰყავდა. მორაგბეები ფრანგები არიან და მწვრთნელიც ფრანგი ჰყავთ. სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა მათაც ოთხი ლელო გავუტანეთ და საკმაოდ დამაჯერებლად მოვუგეთ - 27:9."
მამუკა ტყეშელაშვილი: "ბელგიელებმა ჩვენი რუმინელებთან თამაში ნახეს. ამიტომ რაღაც კონტრზომები მიღებული ჰქონდათ. მაგალითად, მოლი რამდენჯერმე გაგვიჩერეს, თან მსაჯისთვის შეუმჩნევლად რაკსა და მოლში ბიჭებს ურტყამდნენ. მატჩის მერე ყველა დალურჯებული გამოვიდა. პროვოკაცებსაც მიმართეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ."
- მესამე მეტოქე პორტუგალიის ნაკრები ის გუნდია, რომელიც ჩვენთან ერთად გაისად ელიტაში იასპარეზებს.
- დავით ჩავლეიშვილი: "პორტუგალიის ნაკრებმა რუმინეთს მოუგო, რამაც საშუალება მისცა უარეს შემთხვევაში მეორე ადგილი დაეკავებინა. მათთან, ფაქტობრივად, ფინალი ვითამაშეთ, რამდენიმე მორაგბე ტრავმირებული გვყავდა. ვინც მოედნზე გავიდა, მაქსიმუმი გაიღეს, რომ მეტოქე დაემარცხებინათ - 24:3."
მამუკა ტყეშელაშვილი: "მეორე ტაიმის ბოლოსკენ მოედანზე ცამეტნი დავრჩით. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელბმა მხოლოდ ერთი საჯარიმოს გატანა მოახერხეს. ლელოს გატანის შანსიც არ ჰქონიათ, პირიქით, იქით გავუტანეთ და ტურნირი ისე დავასრულეთ, რომ ლელო არ მიგვიღია. დაცვაში ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს."
- ეს შეჯიბრება უკვე წარსულია. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს წინ ძალზედ მნიშვნელოვანი, ურთულესი მატჩები ელით. ინგლისი, უელსი და იტალია ჩვენი ბიჭებისთვის შესანიშნავი გამომცდელები იქნებიან. რა გეგმები გაქვთ გაისად გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის?
- დავით ჩავლეიშვილი: "ევროპის ჩემპიონატამდე ხუთი თვე გვაქვს. ვეცდებით ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ. გვინდა ერთი საწვრთნელი შეკრება გავიაროთ საქართველოში, მეორე კი საზღვარგარეთ, საფრანგეთში ან იტალიაში. პორტუგალიის ნაკრების მენეჯერმა შემოგვთავაზა საფრანგეთში, ერთ-ერთ სარაგბო აკადემიაში ერთობლივი წვრთნები გავმართოთ და იქვე სამ გუნდს შორის ტურნირიც ჩავატაროთ. ანუ პორტუგალისთან ერთად ამ აკდემიის გუნდს უნდა ვეთამაშოთ. ჯერ ამაზე პასუხი არ გაგვიცია. ყველაფერი ფინანსებზე იქნება დამოკიდებული."
მამუკა ტყეშელაშვილი: "რაც შეეხება შემადგენლობას, იმედი გვაქვს, რომ ტრავმირებული მოთამაშეები შემოგვიერთდებიან. ისე გამოვიდა, რომ რუმინეთში ძირითადი სამი მორაგბის გარეშე ვიასპარეზეთ. დაშავებული გვყავდა ცხრა და ათი ნომრები, ასევე ერთი მეორეხაზელი. ამასთან, კიდევ ერთხელ ჩავატარებთ საწვრთნელ შეკრებას გაფართოებული შემადგენლობით, კიდევ ერთხელ ჩავატარებთ სელექციას. ვფიქრობთ, ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდი უფრო მოღონიერებული იქნება."
საქართველოს ნაკრები
რამაზ მაზმიშვილი, საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე, ბადრი ალხაზიშვილი, უჩა გურგენიძე, ილია მელაძე (ყველა-აკადემია), ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), ალექსანდრე ცისკარიშვილი, გიორგი აფციაური (ორივე-თიბისი), ნიკა ამაშუკელი, მიხეილ მასხარაშვილი, შოთა თევზაძე, ონისე მოგელაშვილი (ოთხივე-ჯიქები), ზაურ ხარებავა (რაინდები), საბა ჩიხლაძე, ლაშა ლაშხია (ორივე-ლელო), შალვა შაშიაშვილი, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ფრუიძე (სამივე-აია), გიორგი მარველანი, ვახტანგ ამირანაშვილი (ორივე-ივერია), რევაზ ბროძელი (არმაზი), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"