ფინალისთვის "უმცროსი ბორჯღალოსნები" 26 ივნისს იაპონიას დაეჯახებიან

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე", რომელიც მომავალ წელს გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია, წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", რომლებიც B ჯგუფის ბინადარნი არიან, მეორე ტურის მატჩში ზიმბაბვეს ნაკრებს მცირედი შანსიც არ დაუტოვეს და 43:7 დაამარცხეს.

საინტერესო იყო ამავე ჯგუფში იაპონიისა და კანადის ნაკრებების დაპირისპირება. ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა პირველ მატჩში ზიმბაბვეს ნაკრებს გაჭირვებით მოუგეს - 39:36. კანადელებთან მათი დაპირისპირება ანალოგიური სცენარით წარიმართა და საბოლოოდ ამ მატჩშიც სამი ქულის სხვაობით -
38:35 გაიმარჯვეს.

"ნეკერჩხლის ფოთლებმა" იაპონელებს სერიოზული ბრძოლა გაუმართეს და მატჩის მიმდინარეობისას ანგარიშში რამდენჯერმე დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა ბოლომდე მებრძოლ, მარდ და ფიზიკურად საკმაოდ კარგად მომზადებულ მეტოქეს ვერ სძლიეს.

ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურისთვის ფინალში ითამაშებს, ხვალ საქართველოსა და იაპონიის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში გამოვლინდება. მეტოქეს ხელს ფრეც აძლევს, რადგან ჩვენზე ერთით მეტი პრემიალური ქულა აქვს აღებული.

აღსანიშნავია, რომ მეტოქის ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა. იაპონელებს ოთხ-ოთხი ლელო კანადამაც გაუტანა და ზიმბაბვემაც. არადა, შარშანდელ ტურნირზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ამომავალი მზის ქვეყნის შვილები სწორედ დაცვაში შესანიშნავი თამაშით გამოირჩეოდნენ.

ჩვენი ჯგუფისგან რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა A ჯგუფში, სადაც ფინალისტის ვინაობა, ფაქტობრივად, გარკვეულია - ეს არის მასპინძელთა გუნდი, რომელმაც მეორე ტურში ჩილეს ნაკრებს 54:25 მოუგო. ამერიკელებმა მანამდე ტურნირის ფავორიტს, ტონგას ნაკრებსაც სძლიეს და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ.

ბოლო, მესამე ტურში მათი მეტოქე აუტსაიდერი, რუსეთის ნაკრებია, რომლის ძლევაც და ფინალის საგზურის ოფიციალურად გაფორმება, წესით, არ უნდა გაუჭირდეთ.

A ჯგუფი
ტონგა-რუსეთი 62:7, აშშ-ჩილე 54:25,

სატურნირო მდგომარეობა
1. აშშ - 9 ქულა, 2. ტონგა - 5, 3. ჩილე - 5, 4. რუსეთი - 0

B ჯგუფი
საქართველო-ზიმბაბვე 43:7, იაპონია-კანადა 38:35.

სატურნირო მდგომარეობა
1.იაპონია - 10 ქულა, 2. საქართველო - 9, 3. კანადა - 2, 4. ზიმბაბვე - 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U20. საქართველო-ზიმბაბვე 43:7 - ერთი ნაბიჯი ფინალამდე

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ნეკერჩხალი დაბერტყეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული