მორაგბეებო, ფეხბურთის თამაში არ იცით?

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა საქართველოს 19-წლამდელ და 15-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებებს უმასპინძლა. ორივე გუნდმა ახლახან სხვადასხვა დონეზე წარმატებულად იასპარეზა. 15-წლამდელებმა ჟენევაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს, 19-წლამდელებმა კი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროპის ჩემპიონის ტიტული ირგუნეს. "უმცროსი ბორჯღალოსნები" საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ წარადგინა.

გიორგი ნიჟარაძე:
"დღევანდელი დღე ქართულ რაგბიში ერთ-ერთი გამორჩეულია. მინდა დავიწყო 15-წლამდელთა ნაკრების წარდგენით, რომელმაც ახლახან ჟენევაში გამართულ შვიდკაცა რაგბის ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. ფინალში სამხრეთ აფრიკის გუნდთან მხოლოდ ერთი ლელოთი დავმარცხდით, "ბოკეს" მომავალ
თაობასთან თამაშში ამდენის მიღწევა იოლი საქმე არ არის.

წარმატება მინდა მივულოცო ჩვენს 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ამ ასაკში სპორტის სათამაშო სახეობებში ეს პირველი დიდი გამარჯვებაა. ჩემპიონის ტიტულთან ერთად ჩვენმა მორაგბეებმა მომავალი წლის აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი "ჩელენჯ ტროფის" გათამაშების საგზური მოიპოვეს. ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად გუნდს სათანადო პირობების შექმნა სჭირდება, რათა ოცწლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს".
ლადო ვარძელაშვილი:

"ჩვენმა 19-წლამდელებმა მართლაც დიდ წარმატებას მიაღწიეს, ეს ნამდვილად არ იყო ადვილი. ოცნებად გვქონდა, ასეთი ძლიერი, წარმატებული გუნდი გვყოლოდა. იმედი გვაქვს, მორაგბეები ზრდას, განვითარებას არ შეწყვეტენ დ ისეთები გაიზრდებიან, ჩვენს ქვეყანას რომ ეკადრება. ვფიქრობ, ეს თაობა კიდევ არაერთხელ გვასახელებს და ქვეყნის ღირსებას წარმატებით დაიცავს საერთაშორისო არენაზე.

პირდაპირ ვიტყვი, რომ სხვა სახეობებისგან განსხვავებით, მორაგბეები მეტ ყურადღებას იმსახურებენ. ასეთი წარმატებები, თუ არ ჩავთვლით მოჭიდავეებს, არც ერთ სახეობაში არ გვაქვს. ყველაფერს ვიღონებთ, რათა უფრო უკეთესი პირობები შევუქმნათ. მათ მართლაც ძალიან გაგვახარეს."

ამის შემდეგ მორაგბეები ფურშეტზე მიიპატიჟეს, მანამდე კი მინისტრმა მათ ხუმრობით ჰკითხა: ფეხბურთის თამაში არ იცით?

დიმა ობოლაძე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მენეჯერი:
"თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ 2001 წლის შემდეგ, როცა ჩილეში ამავე ასაკის ნაკრებმა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა, ასეთი კარგი თაობა არ გვყოლია. ძალიან ნიჭიერი თაობაა. ჩვენთვის, ნაკრების ხელმძღვანელებისთვის ბელგიაში მიღწეული გამარჯვება სიურპრიზი არ ყოფილა. იმდენად ძლიერი მოთამაშეები გვყავს, რომ დარწმუნებულნი ვიყავით გამარჯვებაში. ერთადერთი საფიქრალი ის იყო, შეძლებდნენ თუ არა პასუხიმგებლობის სრულად გააზრებას, რამდენად სწორად, სერიოზულად მიუდგებოდნენ საქმეს. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივაც გაამართლეს.

ბელგიაში მოწინააღმდეგეებს იმდენად ვჯობდით, რომ ძნელია გუნდის სუსტ მხარეებზე ილაპარაკო. ის, ფაქტობრივად, ვერ დავინახეთ. სხვა, გაცილებით ძლიერ გუნდებთან თამაშში, შეიძლება გამოჩნდეს.

ახლა მთავარია, სამომავლოდ ეს გუნდი არ დაგვეშალოს. ეს მოთამაშეები 17 წლის ასაკიდან ერთად მოდიან, რამდენიმე ტურნირში ასპარეზობის გამოცდილება აქვთ და თბილისისა და ქუთაისის აკადემიებში ხშირად ერთად ვარჯიშობდნენ, ამიტომ ერთმანეთს კარგად იცნობენ, შეთამაშებილნი არიან. თანაც გუნდს სამი სერიოზული ლიდერი ჰყავს, კონსტანტინე მიქაუტაძე, ლევან ჩილაჩავა და დავით ლოსაბერიძე ფრანგულ კლუბებში თამაშობენ.

"ჩელენჯ ტროფის" გათამაშებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ, აშშ-ის, იაპონიის და ურუგვაის ნაკრებები ჩვენთვის დაუძლეველი ბარიერი არ არის. მათთან ბევრჯერ გვითამაშია და საკმაოდ დამაჯერებლადაც მოგვიგია. სამოას ნაკრებთან თამაშის გამოცდილება კი არ გვაქვს. ერთი სიტყვით, სანამ მოედანზე არ გავალთ, წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია. წარმატების მისაღწევად კი სერიოზული მზადებაა საჭირო. ამ გუნდს შეუძლია, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს."

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ზურაბ ჟვანია, ზურაბ ერისთავი, ტარიელ ჩხიკვაძე, მერაბ მატკავა (ყველა-აია), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ირაკლი ჩომახაშვილი (არმაზი);
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ბექა ბიწაძე (ივერია), გიორგი ჟღენტი (თსუ\ლომები);
მესამე ხაზი: გიორგი ტყეშელიაძე (ვისოლი\ყოჩები), გიორგი ჭყოიძე (ლელო), ლაშა თხილაიშვილი (ბათუმი XV), ლაშა ლომიძე (აკადემია), დავით ლოსაბერიძე (დიჟონი)
#9: რამაზ ჯინაშვილი (თსუ\ლომები), ჯიმი ღამბაშიძე (ლელო)
N#10: ლუკა კვარაცხელია (ვისოლი\ყოჩები), უშანგი მჭედლიშვილი (ლელო);
NN#12-13: ზურაბ ძნელაძე (აია), გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), გიგა გაგოშვილი (შევარდენი), ბექა ხიპაშვილი (აკადემია);
NN#11-14: გიორგი აბრამიძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), ვანო გაბროშვილი (არმაზი);
NN#15: ბახვა კობახიძე (თსუ\ლომები)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული