U20. საქართველო-ფიჯი 30:13 - ფინალამდე ქართველებს 80 წუთი გვაშორებს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე "ბორჯღალოსნებმა" ლისაბონში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ალაფის 2015 წლის გათამაშების მეორე ტურში ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვან და ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, ელიტიდან შარშან დაქვეითებული ფიჯი 30:13 დაამარცხეს.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ჩვენ ნაკრებს პორტუგალიასთან გასამართი მატჩი დარჩა. გუნდები ბოლოს ერთმანეთს შარშან, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ, რომელშიც პორტუგალიელებს ჩვენმა 20-წლამდელებმა 44:14 სძლიეს.

ფავორიტთა რკენაში
საქართველოს ნაკრებმა მოუგო ძლიერ მეტოქეს, რომლის შემადგენლობაშიც ინდივიდუალურად ძლიერი შემსრულებლები, დიდი ფიზიკური ძალისა და ტექნიკური არსენალის მქონე მორაგბეები თამაშობდნენ.

კუნძულელები ჩვეულ სტილში ცდილობდნენ ხაზის გაჭრას და
ეს რამდენჯერმე მოახერხეს კიდეც, მაგრამ ჩვენი ბიჭების ორგანიზებულმა დაცვამ, მთელი 80 წუთის განმავლობაში მაქსიმალურმა კონცენტრაციამ, მათ წარმატებაზე ფიქრის იმედი არ მისცა.

გადამწყვეტი მეორე ტაიმის შუა პერიოდი იყო, როდესაც ფიჯიმ მძლავრად შემოგვიტია და რომლის დროსაც საქართველოს ნაკრები მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ბიჭები არ გატყდნენ და ამით ფსიქოლოგიური კოზირი მათ ხელში გადავიდა. ამ ეპიზოდში კუნძულელებს ლელოს გატანა რომ მოეხერხებინათ და სხვაობა მისაწვდომ ზღვრამდე დაეყვანათ, დასკვნით მეოთხედში მათი შეჩერება ძალიან რთული იქნებოდა.

შეხვედრა მზიან, მაგრამ ქარიან ამინდში გაიმართა. თამაში ჯერ გახურებულიც არ იყო, როდესაც საქართველოს ნაკრები ზედიზედ ორი შეცდომის შემდეგ დაჯარიმდა და ფიჯელთა მგეზავმა ტონგამ ანგარიში გახსნა.

სამაგიეროდ, პირველივე შერკინებისას გამოჩნდა, რომ აქ უპირატესობა ქართველთა მხარეს იყო და მერე 20-წლამდე ბორჯღალოსნებმა მოლშიც იმძლავრეს, რამაც საერთო წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მაგრამ მანამდე სალელოვე შანსი კვლავ ფიჯიმ მიიღო, როდესაც ტუიდრაკიმ ხაზი გაჭრა, თუმცა, მეორე ეშელონმა დაცვაში კარგად ითამაშა. ფიჯელები ტარანზე წასვლით და ოფლოუდებით ცდილობდნენ უპირატესობის შექმნას, მაგრამ შეცდომებსაც ხშირად უშვებდნენ და ამან ქართველ მორაგბეებს საქმე გაუიოლა.

როდესაც ბურთი საქართველოს ნაკრების მორაგბეების ხელში ხვდებოდა, კუნძულელთა დაცვას მოკლე დარტყმების შეკავება ძლიერ უჭირდა. სწორედ ასეთი შეტევის შემდეგ გათანაბრდა ანგარიში: ლელომდე დაახლოებით მეტრი რჩებოდა, რეფერიმ ჯარიმის უპირატესობა მოგვცა, მაგრამ რეზი ჯინჭველაშვილმა ახლოდან არეკნი დაკრა და 3:3. ტონგას ფიჯელთა დაწინაურება მალევე შეეძლო, როდესაც მეტოქეს ჯარიმის სწარაფად გათამაშება არ დავანებეთ და ჯარიმამ 10 მეტრით გადაიწია, მაგრამ მგეზავს 45 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. ამას ტონგასა და ნდაბენაისეს ხაზის გაჭრები და ოფლოუდების სერია მოყვა, მაგრამ 22-ში ქართველთა დაცვამ კარგად ითამაშა და მერე მეტოქე პასისას შეცდა.

პირველი ტაიმის შუაში ქართველთა ჯერი დადგა. კარგად დაძრულ მოლს ოთო გიორგაძე მოწყდა და ის დიდი გაჭირვებით შეაჩერეს, მანვე მეორედაც კარგად შეუტია და ზედ ხაზზე შეაჩერეს, სადაც თორნიკე ბუბუტეიშვილმა იყოჩაღა და შეხვედრის პირველი ლელო შეიტანა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. პასუხად ფიჯიმ კვლავ გაჭრა ხაზი და სალელოვე შეტევის შეჩერება ჯარიმად დაგვიჯდა, რაც ტონგამ 3 ქულად აქცია. რადგან მოლით შეტევა კარგად გამოდიოდა და საქართველოს დერეფანშიც უპირატესობა ჰქონდა, 20-წლამდელებმა ჯარიმის კარში დარტყმას ამ უპირატესობის გამოყენება არჩიეს, მერე ბურთი დაიკარგა, მაგრამ ფიჯი შერკინებაში დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილმა 38-ე წუთზე პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 13:6.

მაგარი დაცვით
მეორე ტაიმი, რომ დაიწყო ქართულმა შერკინებამ ისევ იმძლავრა და ჯინჭველაშვილმა ჯარიმა გაიტანა. მერე ვასილ ლობჟანიძემ საკუთარი ნახევრიდან კარგად იარა და ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, შეტევა ფლანგზე ირაკლი სვანიძემ გააგრძელა, მაგრამ 22-ში დავჯარიმდით და კარგი შეტევა ჩაიშალა.

47-ე წუთზე ლელო მაინც გავიდა: მოლით მნიშვნელოვანი მანძილის მოგების შემდეგ, ფრთაზე უპირატესობა შეიქმნა, ბურთი ანზორ სიჭინავას მიუვიდა და ისიც ლელოში შეიჭრა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია (21:6).

გარკვეული პერიოდით საქართველოს ნაკრებმა კარგი დაცვით მეტოქეს თავის ნახევარზე გამოკეტა, მაგრამ ხაზი მაინც გაიჭრა და ფიჯელთა ფულბეკმა ლელო ძელებსშუა გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. 56-ე წუთზე ფიჯი თავისივე შერკინებაში დაჯარიმდა, ჯინჭველაშვილმა ჯარიმიდან მორიგი 3 ქულა მიითვალა და ფიჯი ვა-ბანკზე წავიდა.

მეტოქის გააფთრებული, დაახლოებით 10-წუთიანი შემოტევის შეჩერება ჯარიმების ხარჯზე ხერხდებოდა და დავით პაპავაძე სინბინით დაისაჯა, მაგრამ სწორედ ამ რთულ სიტუაციაში ბიჭებმა კიდევ უფრო მოინდომეს და ლელოს მოედანში ფიჯელები "ჯიუტად" არ შეუშვეს.

ფიჯი გატყდა, საქართველოს ნაკრებმა თამაშის მის ნახევარზე გადატანა მოახერხა, კუნძულელთა შერკინებამ კვლავ მოისუსტა და ჯინჭველაშვილმა 73-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა. მერე სიჭინავამ წამოიწყო კარგი კონტრშეტევა, იერიში მარჯვნივ გაიშალა და როლანდ კვაჭაძემ ბურთი ლელოში კი დაამიწა, მაგრამ მანამდე ფეხი გვერდით ხაზს იქით გადადგა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დერეფანი მოიგო და მათ 22-ში დარჩა, შედეგად, ფიჯი დაჯარიმდა და ჯინჭველაშვილმა ჯარიმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:13 საქართველოს სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წინა და მომდევნო მეტოქეები
ჯგუფის მეორე მატჩში საქართველოსგან ძლეულმა ურუგვაიმ პორტუგალია 37:26 დაამარცხა. მასპინძლებმა მაგრად იბრძოლეს და პირველი ტაიმი 14:20 დათმეს, ხოლო 72-ე წუთზე ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანეს (26:30), მაგრამ ერთ წუთში მეოთხე ლელო გაუშვეს და თამაშის წაგებასთან ერთად, სამხრეთამერიკელებს პრემიალური ქულაც გაატანეს. პორტუგალიამ ოთხის წილ 3 ლელო გაიტანა.

მეორე ჯგუფში ტონგამ 8 ლელო გაუტანა ნამიბიას, 45:11 დაამარცხა და პრემიალური ქულაც მიითვალა. კანადამ ჰონკონგს 24:15 აჯობა, დასკვნით ტურში ერთმანეთს სწორედ ტონგა და კანადა ხვდებიან და მათ შორის გამარჯვებული ფინალში ითამაშებს.

საქართველოს ალაფის ფინალს ნაბიჯი აცილებსო
ასე დაასახელეს მსოფლიო რაგბის ვებგვერდზე ტურის შემაჯამებელი სტატია - ფინალამდე ქართველებს 80 წუთი აშორებთო. სტატიაში ასევე აღინიშნა - ქართველების ძალაზე და გაუტეხელ დაცვაზე ორიენტირებულ თამაშს, ფიჯელებმა ვერაფერი დაუპირსპირესო.

ნამატჩევს
ილია მაისურაძე, 20-წლამდელების მთავარი მწვრთნელი:

"ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ფიჯელები, ყველას კარგად მოგეხსენებათ რამდენად სახიფათონი არიან ბურთით, შესაბამისად ჩვენი ტაქტიკაც მაქსიმალურად ბურთის შენარჩუნებაზე იყო ორიენტირებული. ყურადღებას ვაქცევდით სწორ დაცვას და ვცდილობდით მოწინააღმდე წნეხის ქვეშ გვყოლოდა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემ ბიჭებს, ყველას ვინც გვქომაგობდა და გვერდში გვედგა. ახლა დავისვენებთ, გავივლით კარგ აღდგენას და დავიწყებთ შემდეგი მატჩისთვის მზადებას".

მსოფლიო რაგბის ჟურნალისტის შეკითხვას, შეძლებს თუ არა, საქართველოს ნაკრები ალაფის მოგებას, ილია მაისურაძემ უპასუხა:

"ჩვენ ყველა თამაშისთვის შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვემზადებით. დღეს გადავლახეთ ფიჯის ბარიერი და ახლა სრული ძალებით მოვემზადებით პორტუგალიის წინააღმდეგ სათამაშოდ და თუ გავიმარჯვებთ, შესაბამისად შემდეგ თამაშზე ვიფიქრებთ."

ზურა ამონაშვილი, 20-წლამდელთა მწვრთნელი:

"ჩვენი დავალება იყო, რომ მოედანზე ბურთი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა, ფიჯელებისთვის სივრცეები არ მიგვეცა და მოწინააღმდეგე წნეხში გვყოლოდა. ეს მეტნაკლებად მოხერხდა. პირველ ნახევარში ქარი ჩვენს საწინააღმდეგოდ იყო, რამაც ცოტა გაგვირთულა საქმე. უშუალოდ ბურთის დაჭერას და შენარჩუნებას რაც შეეხება, შეცდომები იყო დაყვანილი მინიმუმამდე.

წინა თამაშიდან გამომდინარე, დღეს აქცენტი უფრო დაცვაზე გვქონდა გაკეთებული, ვინაიდან ურუგვაისთან ამ კომპონენტით ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავით. დღეს კი, კარგი დაცვით მოვახერხეთ წნეხში გვყოლოდა მოწინააღმდეგე და სივრცე არ მიგვეცა, რამაც საბოლოო შედეგი გამოიღო.

ფიჯი ძალიან ძლიერი გუნდია. პირველი თამაში მათ ისე კარგად ვერ ჩაატარეს, თუმცა დღეს ბევრად უფრო დაბალანსებული რაგბი ითამაშეს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ლამის 5 წუთიან ეპიზოდში ბურთი არ დაკარგეს, მიუხედავად ჩვენი კარგი დაცვისა.

განსაკუთრებულად ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენმა ბიჭებმა ითამაშეს საღი გონებით, არ აღელვებულან, ბოლომდე კარგი დაცვა ითამაშეს და კარგად გაართვეს თავი დავალებებს. რთულ თამაშში და წნეხის ქვეშ მოახერხეს ცივ გონებაზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მათ მხოლოდ ძალის და ანთებული გულის ხარჯზე კი არა, არამედ გონებით, სწორი და დალაგებული თამაშით გაიმარჯვეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი მოთამაშეების კლასი გაიზარდა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ ფიზ.მომზადების ჯგუფს, ვინაიდან გუნდი არის ბრწყინვალე კონდიციაში. ასეთი ტემპის თამაშები ჩვენ არ გვიწევს საქართველოს ჩემპიონატში და ფიზ.მომზადების ჯგუფმა იზრუნა იმაზე, რომ ეს ტემპი და გამძლეობა მოემატათ ბიჭებს, რაც გამარჯვების მოპოვების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო.

დღეს ამ გამარჯვებით დავტკბებით, ხვალიდან კი შემდეგი თამაშისთვის მზადებას შევუდგებით. პირველი ორი დღე მაქსიმალურად დაეთმობა აღდგენას და ვარჯიშებიც შესაბამისად აღდგენაზე ორიენტირებული დაბალი ინტენსივობის იქნება".

საქართველო 30:13 ფიჯი
საქ (4ქ) - 2ლ: ბუბუტეიშვილი სიჭინავა; გ 5ჯ ა: ჯინჭველაშვილი სბ პაპავაძე
ფიჯ (0ქ) - ლ: მბერა"მაისუვა; გ: ნდაუნგუნუ; 2ჯ: ტონგა

მატჩების განრიგი (საქართველოს დროით)

12 მაისი საქართველო 46:12 ურუგვაი
16 მაისი საქართველო 30:13 ფიჯი
20 მაისი საქართველო - პორტუგალია 20:00 სთ
24 მაისს ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება 20:00 სთ

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავ ახალგაზრდებს ფინალში გასვლას და ვუსურვებ წარმატებას კანადასთან. საქართველოო-პორტუგალია 19-11; კანადა-ტონგა 13-11. კონცენტრაცია და თამაშის ორგანიზაცია, ზომიერი აზარტი და თავსეკავება - ...და მსოფლიო თასზე თამაშსაც ალალად დაიმსახურებთ, იქ კი განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობებია
rezo110
09:55 21-05-2015
0
Fexburtelibs caakitxet es statia tu tu tanashs ar iyureben...
1234
10:29 18-05-2015
0

სიახლეები პოპულარული