U20. "ბორჯღალოსნები" "ახალგაზრდულ ალაფაზე" ფინალში გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" ფინალში გავიდა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში მასპინძელი თანატოლები დაამარცხეს - 19:11 და პირველობა არავის დაუთმეს.

ჩვენმა გუნდმა სამი თამაშიდან სამივეში მოიგო, ისე, რომ ერთხელაც არ დამდგარა მარცხის საფრთხის წინაშე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს მორაგბეებს ოდნავ გაუჭირდათ ბოლო შეხვედრაში აუტსაიდერ პორტუგალიასთან.

მასპინძლებს დასაკარგავი აღარაფერი ჰქონდათ და საქართველოს ნაკრებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. ისიც, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მატჩის არბიტრის დახმარებით, რომელმაც რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და სულაც ძალზე საოცარ გადაწყვეტილებებს
იღებდა.

თამაში ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. "უმცროს ბორჯღალოსნებს" მიზნის მისაღწევად ერთი ნაბიჯის გადადგმაღა სჭირდებოდათ და ამიტომ მწვრთნელებმა ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცეს. თუმცა, ამ ფორმაციის ნაკრებში ვინ ძირითადია და ვინ სათადარიგო, ძნელი გასარჩევია. ყველა, ვისაც თამაში უწევს, მაქსიმალურად იხარჯება და ამტკიცებს, რომ ნაკრებში ტყუილად არ მიუწვევიათ. ხოლო ვინ ძირითადში ათამაშოს და ვინ სათადარიგოთა შორის იყოს, ამას მხოლოდ მწვრთნელი წყვეტს.

ერთი სიტყვით, თამაში "ცოცხლად" გაჩაღდა და ანგარიშის გახსნის შანსი მასპინძლებს მე-8 წუთზე მიეცათ. თუმცა, მათმა ფულბეკმა საჯარიმო ვერ გაიტანა. ორ წუთში მეტოქის კარს 40 მეტრიდან უკვე ჩვენი გუნდის მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა ააცილა.

კიდევ ორ წუთში საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა ოთარ გიორგაძემ ლელო გაიტანა. შერკინება ჩვენ სასარგებლოდ მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დაინიშნა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს რამდენიმე მეტრით უკან დაახევინეს. მესამეხაზელმა დავით პაპავაძემ ბურთი ცხრა ნომერ ვასილ ლობჟანიძეს გაუტანა, რომელმაც ხაზი გაჭრა და ათიოდ მეტრით წინ წაიწია. ამას მორკინალების რამდენიმე მოკლე დარტყმა მოჰყვა. ბოლოს ბურთი რაკიდან გიორგაძემ აიტაცა და ლელოში შეაღწია. ჯინჭველაშვილმა ზუსტად გარდასახა - 7:0.

მომდევნო ლელოს გასატანად ჩვენს გუნდს 17 წუთი დასჭირდა. პორტუგალიელები თავს მედგრად იცავდნენ და ხანგრძლივი, მრავალფაზიანი იერიშების ორგანიზებასაც ცდილობდნენ. 29-ე წუთზე მასპინძელთა მოედნის ნახევარზე მათივე შერკინება მოვიგეთ. არბიტრმა თავისუფალი დარტყმა დანიშნა, რომელიც ლობჟანიძემ სწრაფად გაათამაშა. შედეგად, რამდენიმე მეტრით წინ წავიწიეთ. მერე ჯინჭველაშვილმა მოსხეპით მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ფულბეკი რატი შანიძე ჩართო შეტევაში. ის მალევე შებოჭეს და ჯინჭველაშვილმა ამჯერად თვითონ სცადა ხაზის გაჭრა. გამოუვიდა კიდეც და ლელო გაიტანა. გარდასახვა მანვე დაარტყა ზუსტად - 14:0.

თამაშს ისეთი პირი უჩანდა, რომ მეტოქე უნდა გამტყდარიყო. თუმცა, პირიქით მოხდა. "უმცროსი ლობუშები" ჩვენს გუნდს არ ეპუებოდნენ და წაგებასთან შერიგებას არაფრით აპირებდნენ. პირველი ტაიმის ბოლო ათი წუთი ჩვენმა მორაგბეებმა აშკარად ჩააგდეს.

36-ე წუთზე მასპინძელთა ფულბეკმა რუი აბეკაშიშმა საჯარიმო გაგვიტანა. ტაიმის მიწურულს კი მანვე კარგად ისარგებლა ჩვენი დაცვის უყურადღებობით და მარჯვენა ფლანგზე, ზედ ალამთან ლელოში ბურთი დაამიწა. გარდასახვა კი გაუცუდდა - 8:14. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ინიციატივა მთლიანად ხელთ იგდო, თუმცა მსაჯი შეტევაში ხშირად გვაჯარიმებდა და იერიშის ბოლომდე მიყვანის საშუალებას არ გვაძლევდა. ასე გაგრძელდა 63-ე წუთამდე. ამ დრომდე ანგარიში უცვლელი იყო. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მოედნის საკუთარ ნახევარზე მეტოქის დერეფანი მოიგეს. ბურთი ლობჟანიძეს გადააწოდეს, რომელმაც ფეხით მეტოქის მოედნის ნახევარზე გადაკიდა. იქ კი ყველაზე უკეთ ჩვენი ნაკრების გარემარბი ანზორ სიჭინავა გაისარჯა, რომელიც ბურთს დაეუფლა და ორ პორტუგალიელთან ჭიდილში ლელოში შეაღწია. ჯინჭველაშვილმა ვერ გარდასახა - 19:8.

მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში პორტუგალიის ნაკრებმა მხოლოდ ერთი საჯარიმო მიითვალა და გამარჯვება ქართველ მორაგბეებს დარჩათ - 11:19.

საქართველოს ნაკრები ფინალში კანადის გუნდს შეხვდება, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში ტონგას ნაკრებს 13:11 მოუგო. შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩი კვირას, 24 მაისს გაიმართება. გამარჯვებული მომავალ წელიწადს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს.

საქართველო-პორტუგალია 19:11
საქართველო: 15. რატი შანიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. გიორგი კვესელიძე, 12. სანდრო ილურიძე, 11. დავით გულიტაშვილი, 10. რეზო ჭეიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. ბექა კაკაბაძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. ოთარ გიორგაძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. თორნიკე ზოიძე, 8. დავით პაპავაძე.
16. გიორგი თედორაძე, 17. ნიკა სვიმონიშვილი, 18. მიხეილ ბაბუნაშვილი, 19. გიორგი ცუცქირიძე, 20. ბადრი ლიპარტელიანი, 21. თემურ თუთბერიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი.
3ლ: გიორგაძე, ჯინჭველაშვილი, სიჭინავა. 2გ: ჯინჭველაშვილი.

III ტური
A ჯგუფი
ფიჯი-ურუგვაი 26:28

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 13 ქულა, 2. ურუგვაი - 9, 5. ფიჯი - 6, 4. პორტუგალია - 0.

B ჯგუფი
კანადა-ტონგა 13:11
ნამიბია-ჰონგ კონგი 36:17

სატურნირო მდგომარეობა
1. კანადა - 13 ქულა, 2. ტონგა - 11, 3. ნამიბია - 5, 4. ჰონგ კონგი - 0.

ფინალი
24 მაისი
საქართველო-კანადა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
9 ნომერი ძალიან კარგი გვყავს, წინა ორ თამაშს ვუყურე თავიდან ბოლომდე და მართლა ძალიან მაგარია, შეიძლება ითქვას დიდ ნაკრებშიც შეძლებს თამაშს.
ძლიერი თაობა მოდის, თანამედროვე რაგბს თამაშობენ და დიდი იმედი მაქვს ახლანდელი ნაკრების შედეგებს გააუმჯობესებენ.
0
ჯიგრები!!!! გილოცავთ!!! ატარეთ ეს ბიჭები შეხვედრებზე საქართველოს სხვადასხვა სკოლებში და რა თაობა გაიზრდება ნახავთ!!!!
დათო
11:29 21-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული