თბილისი 20-წლამდელთა ალაფასთვის ემზადება

AutoSharing Option
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) 20 წლამდელთა მსოფლიოს თასის 2011 წლის მორიგი გათამაშება თბილისში, მაისის ბოლოს გაიმართება.

დღეს, სასტუმრო "რედისონში" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. რაგბის საერთაშორისო საბჭომ გამოაცხადა ქვეჯგუფების შემადგენლობა, თამაშების განრიგი და დაასახელა ტურნირის მსაჯთა ვინაობა.

20 წლამდელთა მსოფლიოს თასის მორიგი გათამაშება IRB-ის პირველი ტურნირია, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. თამაშები "შევარდენის" და ავჭალის სტადიონებზე გაიმართება.

გათამაშების პირველ დღეს, 24 მაისს, მასპინძელი ნაკრები დაუპირისპირდება კანადას, რუსეთი - ურუგვაის, სამუა - ამერიკის შეერთებულ შტატებს და იაპონია - ზიმბაბვეს. 5 ივნისს კი ფინალში
გაირკვევა IRB-ის 20 წლამდელთა მსოფლიოს თამაშის გამარჯვებული, რომელიც შარშანდელი თასის მფლობელის, იტალიის მსგავსად მოიპოვებს 2012 წლის 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს.

როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, საქართველო ამ ტურნირს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდა მოთამაშეთა აღზრდის საქმეში. დღეისათვის IRB-ის 20 წლამდელთა მსოფლიოს თასის გათამაშებების 50 ყოფილი მონაწილე ასპარეზობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში. ასეთი მორაგბეები ქართველებიც არიან: მათ შორის დავით ჩიჩუა, ლაშა ხმალაძე, ვიქტორ კოლელიშვილი, გიორგი როხვაძე, ბექა წიკლაური და ვასილ კაკოვინი.

საქართველოში ტურნირის მოსამზადებელ სამუშაოებს IRB-ის ტურნირების მენეჯერი ფილიპ ბურდარიასი აკვირდება, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება.

"მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები. მეტად კმაყოფილი ვართ იმით, რომ ტურნირისათვის მზადება დაგეგმილ ვადებზე უფრო სწრაფად მიდის და ტურნირის ჩასატარებლად ორი მაღალი კლასის სტადიონია შერჩეული. საქართველოს რაგბის კავშირს ეძლევა შესაძლებლობა, აჩვენოს მსოფლიოს თავისი ბოლოდროინდელი მიღწევები, მათ შორის ორი სანაკრებო დონის კომპლექსი თბილისში და ახალი თაობის ხელოვნური მოედანი. დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირში მონაწილე გუნდები სიამოვნებას მიიღებენ ამ შესანიშნავი სპორტული ღონისძიებებისაგან და მომთხოვნი და ემოციური ქართველი მაყურებლის იმედებს გაამართლებენ", - განაცხადა პრესკონფერენციაზე IRB-ის ტურნირის მენეჯერმა ფილიპ ბურდარიასმა.

პრესკონფერენციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავაც ესწრებოდა.

მისი განცხადებით, აღნიშნული ტურნირის ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია და 20 წლამდე ქართველი მორაგბეები შესანიშნავ და შესაფერის თამაშებს ჩაატარებენ.



"ინტერპრესნიუსი"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული