წილი ნაყარია, საქართველო B ჯგუფშია

AutoSharing Option
თბილისი წლეულს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს, რომელსაც ოფიციალურად "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფა" ჰქვია. შეჯიბრება 24 მაისს დაიწყება და 5 ივნისამდე გასტანს.

გუშინ სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე ტურნირის დირექტორმა ფილიპ ბურდარიასმა ტუნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ოფიციალურად გააცხადა, თუ როგორ გადანაწილდნენ A და B ჯგუფში გუნდები.

ფილიპ ბურდარიასი:
"მოხარული ვარ, რომ თბილისში მეორედ ვიმყოფები და მეორედ მაქვს შანსი განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობით ვისარგებლო. ძალიან მომწონს თქვენი სამზარეულო და ქართველები, თბილი, კარგი ხალხი ხართ.

ჩემი ამჟამინდელი ვიზიტის მიზანი იყო, შეგვემოწმებინა, რა დონეზეა ტურნირის
მოსამზადებელი ეტაპი. როგორც ვნახეთ, დასახულ გრაფიკს ბევრად ვუსწრებთ, რაც, ცხადია, მახარებს. იმედი მაქვს, რომ ტურნირის დაწყებისას ყველა პირობა შესრულებული იქნება.

დარწმუნებული ვარ, ტურნირი საინტერსო გამოვა. ამაში დიდად გვეხმარება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ქალაქის მერია. მათი ძალისხმევის გარეშე შეჯიბრების გამართვა შეუძლებელი იქნებოდა.

საგულისხმოა, რომ ტურნირის მსვლელობისას, შესაძლოა, მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები ვიხილოთ. ეს შეჯიბრება ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასამდე ოთხი თვით ადრე ტარდება და გამორიცხული არაა, რამდენიმე მორაგბე თავიანთ ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიონ.

თბილისში მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე რვა გუნდი იასპარეზებს. ისინი ორ A და B ჯგუფში გავანაწილეთ. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა. მას მეტოქეობას იაპონიის, კანადისა და ზიმბაბვეს ნაკრებები გაუწევენ. A ჯგუფში კი სამოა, რუსეთი, ურუგვაი და აშშ-ს გუნდები იასპარეზებენ.

თამაშებს "ავჭალისა" და "შევარდენის" სტადიონები უმასპინძლებენ. ტურნირი 24 მაისს საქართველოსა და კანადის ნაკრებების მატჩით გაიხსნება. ფინალური შეხვედრა კი 5 ივნისს "ავჭალის" სტადიონზე გაიმართება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მიღწეული მოლაპარაკება ადგილობრივ ტელევიზიასთან რვა მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის თაობაზე. თამაშების ხილვა ინტერნეტითაც იქნება შესაძლებელი IRB-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე.

ტურნირს მოემსახურებიან მსაჯები: ურუგვაიდან, რუმინეთიდან, სამოადან, აშშ-დან და იაპონიიდან. თანამსაჯები იქნებიან: პორტუგალიელი, ბელგიელი, ესპანელი და ორი ქართველო რეფერი, გია ამირხანაშვილი და უჩა ნარიმანიძე.

ვფიქრობ, როგორც მოთამაშეებისთვის, ისე მსაჯებისთვისაც ეს ტურნირი შესანიშნავი სკოლა იქნება. მეტიც, ჩვენ გავხდებით საერთაშორისო მოვლენის მომსწრენი. საშუალება გვექნება ვიხილოთ სხვადსხვა სტილის მიმდევარი გუნდების თამაში, რაც შეჯიბრებას მეტ ელფერს შესძენს."

გიორგი გალდავა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინსტრის მოადგილე:
"სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ტურნირი მაღალ დონეზე ჩატარდეს. საამისოდ, რაგბის კავშირთან ერთად ყველანი მობილიზებულნი ვართ. თვით ფაქტი, რომ ასეთი მაღალი დონის შეჯიბრების გამართვის უფლება მოგვცეს ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოცხადებული დიდი ნდობის დასტურია. ტურნირის დასრულების შემდეგ დარწმუნდებიან, რომ არჩევანში არ შემცდარან."

მერაბ ჩიქობავა, თბილისის მერიის სპორტის სამსახაურის უფროსი:
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რაც ითქვა საქართველოს რაგბის კავშირის მიზანმიმართული, სწორი მუშაობის დამსახურებაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმარს მის მიერ უკვე გაწეული სამუშაოსთვის.

ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ შეჯიბრება მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარდეს. ასეთი მაღალი დონის ტურნირების საქართველოში, კერძოდ კი თბილისში გამართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, დარჩენილ დროში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მზად დავხვდეთ."

A ჯგუფი: სამოა, რუსეთი, ურუგვაი ,აშშ
B ჯგუფი: იაპონია, საქართველო, კანადა, ზიმბაბვე

I ტური, 24 მაისი
რუსეთი-ურუგვაი, საქართველო-კანადა, სამოა-აშშ, იაპონია-ზიმბაბვე
II ტური, 28 მაისი
რუსეთი-აშშ, საქართველო-ზიმბაბვე ,სამოა-აშშ, იაპონია-კანადა

1 ივნისი
ურუგვაი-აშშ, კანადა-ზიმბაბვე, სამოა-რუსეთი, იაპონია-საქართველო

ფინალი, 5 ივნისი
მსაჯები: ხოაკიმ მონტესი (ურუგვაი), რადუ პეტრესკუ (რუმინეთი), ტიუ კომიტი (სამოა), ტიმ ლასკომბი (აშშ), ტაიძო ჰირაბაიაში (იაპონია).
თანამსაჯები: ალფონსო ნოგიერა (პორტუგალია), ხორხე მოლპესერესი (ესპანეთი), კენ ლამბრეხტსი (ბელგია), გია ამირხანაშვილი, უჩა ნარიმანიძე (ორივე-საქართველო).





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული