U20. საფრანგეთი VS საქართველო - მზადყოფნა ისტორიის დასაწერად

AutoSharing Option
დღეს, 25 ივნისს, ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩები გაიმართება. პლანეტის უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრების ვინაობა ირლანდია-ინგლისის შეხვედრაში გაირკვევა. ასევე ჩატარდება მატჩები მე-3, მე-5, მე-7, მე-9 და მე-11 ადგილებისთვის.

ფინალურ სტადიაზე მოთამაშე 12 ქვეყანას შორის მე-9 ადგილზე გასასვლელად იბრძოლებს საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, რომელიც "მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე საფრანგეთის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:15 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის პირველ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა
იტალიას მოუგეს - 18:17.

ტრადიციულად, თამაშამდე 24 საათით ადრე, "უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სამატჩო რაზმი დაასახელა. იტალიასთან გამარჯვებულ შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელდა, ხოლო სამ მოთამაშეს პოზიცია შეეცვალა. გუნდის კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე, რომელსაც მსოფლიო 9 ნომრად იცნობს, ამჯერად მგეზავად მოგვევლინება, ხოლო მის ნაცვლად შერკინებასთან გელა აფრასიძე იმუშავებს. ამ კომბინაციით გუნდმა წინა მატჩში, დასკვნითი 20 წუთი ითამაშა, როდესაც დავით მოძღვრიშვილი აფრასიძემ შეცვალა.

უკანა ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა, დავით მესხმა ლადო მიმინოშვილის ფლანგზე გადაინაცვლა, ხოლო მის ადგილს ალექსანდრე მერკვილიშვილი დაიკავებს. კიდევ ერთი ცვლილება შერკინების მეორე ხაზში განხორციელდა - სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება ოთარ გიორგაძე, რომელმაც იტალიასთან მატჩი ტვინის შერყევის გამო გამოტოვა. შედეგად, ირაკლი ცხადაძე მესამე ხაზში გადაინაცვლებს და ილია სპანდერაშვილს შეცვლის.

თამაშის წინ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ ისაუბრა:

"ვისარგებლებ შემთხვევით და ეროვნულ ნაკრებს, მის თითოეულ წევრს და გულშემატკივარს ფიჯისთან ისტორიულ გამარჯვებას მივულოცავ. ძალიან რთულია ჩახვიდე კუნძულებზე და იქ ასეთი შედეგი აჩვენო. გრანდებს თუ არ ჩავთვლით, მსგავსი ტურნედან ასეთი შედეგი მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებებს არასდროს ჰქონიათ.

რაც შეეხება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს, ახალ ზელანდიასთან მატჩი ჩვენთვის ერთგვარი შოკი იყო. მე მას რენდგენს დავარქმევდი, რადგან დაგვანახა, თუ სად ვართ. მორაგბისთვის ზრდის საუკეთესო საშუალება ძლიერ გუნდებთან თამაშია და პირველი მარცხის შემდეგ შევადგინეთ გეგმა, რომელმაც იმუშავა და მომდევნო შეხვედრაში უელსთან სენსაციამდე სულ ცოტა დაგვაკლდა.

ამას მოჰყვა თამაში ირლანდიასთან, სადაც დავინახეთ, რომ დისციპლინაში პრობლემები გვქონდა, თუმცა დიდი ბრძოლის უნარი გამოვავლინეთ და პრაქტიკულად 14 კაცით, მთელი თამაში თავს კარგად ვიცავდით.

მოედანზე მყოფმა თითოეულმა მორაგბემ, ასე ვთქვათ, თავი შეაკლა მოწინააღმდეგეს, ყოველი სანტიმეტრისთვის იყო ბრძოლა და არაფერი დავთმეთ. ამან ჩვენი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გაზარდა და მეოთხე მატჩში, იტალიასთან, მოსაგებად გავედით.

ტექნიკური პრობლემები, რა თქმა უნდა, გვქონდა, თუმცა ვდომინირებდით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ახლა გველის საფრანგეთი. წნეხი მოხსნილი გვაქვს, თუმცა არავის ეგონოს, რომ მოედანზე სიამოვნების მისაღებად გავალთ. გვაქვს ამბიცია და შევეცდებით, ჩვენი თამაში ვითამაშოთ. თუ მოთმინება გვეყო, რაც უმნიშვნელოვანესი იქნება, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

საფრანგეთის ნაკრებმა საკუთარ გულშემატკივრებს წელს იმედები ვერ გაუმართლა. ვფიქრობ, საფრანგეთს ნეგატიური ტურნირი ქონდა. ეს ისეთი სარაგბო ქვეყანაა, ყოველთვის, ყველა ტურნირზე და ყველა დონეზე ექნება იმის ამბიცია, რომ მინიმუმ, ოთხეულში მოხვდეს. თუმცა, წელს მათ ჯერ არგენტინასთან და მერე სამხრეთ აფრიკასთან დათმეს შეხვედრები. გუნდში იმედგაცრუება შეინიშნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, შეეცდებიან, დასკვნით შეხვედრაში სრული თავგანწირვით ითამაშონ და ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში.

და მაინც, ჩვენს გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. იტალიასთან მოგების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა და მონდომება იგრძნობა. ბიჭები მზად არიან ისტორიის დასაწერად, რაც მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ და იმედია, მომავალი შეხვედრა ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება".

საქართველოს ნაკრების სამატჩო რაზმი
15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი) 14. დავით მესხი (არმია), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 10. ვასილ ლობჟანიძე - კაპ (არმაზი), 9. გელა აფრასიძე (ლელო სარ).
1. თორნიკე მატარაძე (აია), 2. ლაშა საჯაია (ჯიქი), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფ), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. ოთარ გიორგაძე (კლერმონ, საფ), 6. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივ, საფ), 8. ბექა გორგაძე (მონ დე მარსან, საფ).

სათადარიგოები: 16. გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 17. უჩა ჭეიშვილი (აია), 18. ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), 19. დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 20. ილია სპანდერაშვილი (არმია), 21. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 22. სანდრო ილურიძე (აკადემია), 23. მირიან მოდებაძე (აია).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტუ მწვრტნელი არ გამოიცვალა ეს ბიწები სულ მეორე დონეზე დარცებიან
zaza1507@mail.ru
18:48 25-06-2016
0



მიდით ჩვენო ლომებო !
,,მამლებსაც'' მუსრი გაავლეთ . . .


J A G A
16:31 25-06-2016
0

სიახლეები პოპულარული