მეორე წრე პირველზე უკეთესი იქნება

AutoSharing Option
თბილისის "აკადემია", შეიძლება ითქვას, ყველაზე უცნაური გუნდია. შარშან მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერთა შორის იყო და საპლეიოფო ოთხეულში ადგილი მხოლოდ ბოლო ორ ტურში დათმო. ამ მეტად თვითმყოფად, საკმაოდ საინტერსო გუნდისგან წლეულს უფრო მეტს ველოდით, თუმცა შედეგი შარშანდლისგან რადიკალურად განსხვავებულია.

"აკადემიამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველ წრეში მხოლოდ ორი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. პარადოქსია, მაგრამ, გუნდი, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, მედლებისთვის იბრძოლოს, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის. აკადემიელებმა თავი ვერც თასის გათამაშებაში გამოიჩინეს, ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ. ყოველივე ამის მიზეზებზე "აკადემიის" მთავარ მწვრთნელ პაატა

ნარიმანაშვილს ვესაუბრეთ:

- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ "აკადემია" წლეულს უკეთაა მომზადებული, ვიდრე შარშან. უბრალოდ, ფორტუნამ ზურგი გვაქცია. ფატალურად არ გვიმართლებს. არადა, წესით, ახლა ლიდერთა შორის უნდა ვიყოთ.

- მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ გუნდს შარშან უკეთესი შედეგი ჰქონდა?
- ალბათ, იმით, რომ სხვა გუნდებიც პროგრესირებენ. მინდა, აღვნიშნო, რომ სათამაშო დონემ აშკარად მოიმატა. საკმაოდ სერიოზული პროგრესი აქვთ "აიას", "ვისოლი\ყოჩებს", "არმაზს". მათთან მოგება ძალიან გაჭირდა.
ჩვენ თავი შეიძლება იმით ვინუგეშოთ, რომ პირველ წრეში ორი მატჩი მოვიგეთ და ორივე სტუმრად, უშუალო კონკურენტებთან ბათუმსა და რუსთავში. ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. იმედია, მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას შევძლებთ. საპლეიოფო ოთხეულში მოსახვედრად კი ყველა თამაშის მოგებაა საჭირო, რაც, ცხადია, არარეალურია.

- თქვით, გუნდი წლეულს უკეთაა მომზადებულიო, რას გულისხმობთ?
- გუნდის ფიზიკური კონდიციები წლეულს უკეთესია. შარშან მატჩის ბოლოს ვიღლებოდით და მანამდე მოპოვებულ უპირატესობას ვანიავებდით. ამჟამად საქმე პირიქითაა, ძალა ბოლომდე გვყოფნის და მეტიც, მეტოქეებს მატჩის მიწურულისკენ დიდ პრობლემებს ვუქმნით, ერთი ეგაა, ამ უპირატესობის რეალიზებას ვერ ვახერხებთ. როგორც ჩანს, ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს. მეორე წრეში, ვფიქრობ, უფრო საინტერესო თამაშები იქნება, თუმცა უინტერესო არც პირველი წრე იყო.

- საქართველოს თასის გათამაშებაში "აკადემია" მეოთხედფინალში დამარცხდა. შედეგი დამაკმაყოფილებლად ვერაფრით ჩაითვლება...
- მეოთხედფინალში ძლიერ მეტოქესთან, "ლოკომოტივთან" დავმარცხდით. მარცხს ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ჩემპიონატის ბოლო ოთხი ტური დაძაბულ რეჟიმში, ყოველ ხუთ დღეში ერთხელ ვითამაშეთ და გუნდი ფიზიკურადაც და ემოციურადაც გადაიღალა. თან აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თასის გათამაშებაზე ძირითად აქცენტს არც ვაკეთებდით.

- თუმცა შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატში "კადემიას" ურიგოდ არ უთამაშია...
- დიახ, კმაყოფილი ვარ. აქ ჩვენი მიზანი საუკეთესო ათეულში მოხვედრა იყო, რათა ფინალურ ეტაპზე თამაშის საშუალება მოგვცემოდა. პირველ ეტაპზე მესამე ადგილი დავიკავეთ, მეორე ეტაპზე კი ტრავმების გამო ძირითადი გუნდის გამოყვანა ვერ შევძელით და მეექვსე ადგილზე გავედით. დასახულ მიზანს მივაღწიეთ, ფინალურ სტადიაზე მოვხვდით და იქ უკვე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

- რამდენად სასარგებლოა გუნდისთვის შვიდკაცა რაგბის შეჯიბრებებში მონაწილეობა?
- შვიდკაცა რაგბი, ცხადია, ზოგადად კარგია, მაგრამ გააჩნია, ტურნირს როდის ჩაატარებ. პირველი ეტაპი საქართველოს ჩემპიონატის დაწყების წინ ჩატარდა და შესანიშნავი გამოვიდა. საშუალება მოგვეცა გვენახა, ვინ როგორ ფორმაში ხვდებოდა ჩემპიონატს. მეორე ეტაპი კი ისეთ დროს გამართეს, როცა თასის გათამაშებაც და ჩემპიონატის პირველი წრეც დამთავრებული იყო. ამას ჩვენთვის სახეირო არაფერი მოუცია.

- ახლა სატრანსფერო ფანჯარა ღიაა. "აკადემიაში" სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი?
- არა, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. გუნდიდან არავინ მიდის. დამატებითაც, ალბათ, ვერავის დავიმატებთ. ჩვენ კლუბი ერთ-ერთია საქართველოში იმათ შორის, ვინც მხოლოდ საკუთარი აღზრდილებით გადის ფონს. ერთი ეგაა, პირველ ხაზში გვიჭირს ძალიან. ახალ თაობაში არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ამ ხარვეზს შეგვივსებდა. რა უნდა ვქნათ, გავაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით, კარგი პირველხაზელები გავზარდოთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
უხ, რას შევბოჭავდიი!!!
შაკო
14:51 18-10-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული