"ლოკომოტივი"-"აია", ღონე და ხერხი

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში დღეს IV ტურის შეხვედრები გაიმართება. სამი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი არის მხოლოდ ერთი, ქუთაისის "აია". აქამდე გამართული შეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე გამოიკვეთა ის ოთხი გუნდი, რომელიც ჩემპიონობითვის იბრძოლებს. ესენია: "აია", "ლელო", "ლოკომოტივი" და დებიუტანტი "არმია".

გამოკვეთილი აუტსაიდერის დასახელება, ცხადია, ჯერ ადრეა. ბოლო წლების საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა გუნდმა თბილისის "ყოჩებმა" სამი თამაშიდან სამივე წააგო და სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება. ის ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არ მოუგია.

"ყოჩებს" IV ტურში ურთულესი თამაში ელის საქართველოს თასის მფლობელ "ლელოსთან".
ლევან მგელაძის გუნდი სეზონის დაწყებმადე რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა, საპირწონე შევსება კი ვერ მიიღო და საკმაოდ სერიოზულ კრიზისს განიცდის.

III ტურის მატჩში "ყოჩებმა", მისთვის დამახასიათებელი ბრძოლისუნარიანიობის წყალობით, ქვეყნის ჩემპიონ "ლოკომოტივს" წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწია, მაგრამ ბოლომდე საბრძოლველად ძალა არ ეყო და რკინიგზელთა მძიმე და მობილურ შერკინებასთან ვერას გახდა.

"ლელოს" მორკინალებთან ერთად, უკანახაზელებიც კარგი მობურთალები ჰყავს. ხელდახელ სწრაფი თამაშით ეს გუნდი ყველასგან გამოირჩევა და, ხშირ შემთხვევებში, წარმატებასაც ამის ხარჯზე აღწევს. "ყოჩებს" პირველი გამარჯვების მოსპოვებლად უდიდესი ძალსიხმევა დასჭირდება. საამისოდ მგელაძის სამწყსო თანაბრად ყურადღებით უნდა გაისარჯოს როგორც შერკინებაში, ისე უკანა ხაზში ღია თამაშისას.

"ლელოსა" და "ყოჩების" მატჩი დიდ დიღომში "ვისოლის" სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე ჩატარდება. საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" გათამაშების ლიდერ ქუთაისის "აიას" დაუპირისპირდება.

ქუთათურებმა, როგორც უკვე ვთქვით, სამი თამაშიდან სამივე მოიგეს, მაგრამ მათ მიერ ძლეული სამივე გუნდი სატურნირო ცხრილის მეორე ნახევრის ბინადარია და არც ერთი მათგანი ფავორიტად არ მოიაზრება. "აიას" პირველი და საკმაოდ ძნელი გამოცდის ჩაბარება დღეს მოუწევს.

ქუთაისური გუნდი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთია საქართველოში, რომელიც თანაბრად კარგადაა დაკომპლექტებული ყველა რგოლში. შერკინება "აიას" ტრადიციულად მძლავრი ჰყავს. უკანა ხაზის თამაში კი საფრანგეთიდან დაბრუნებულმა, საქართველოს ნაკრების შუამარბმა ირაკლი გიორგაძემ კიდევ უფრო ეფექტური და შედეგიანი გახადა.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ "აიას" ღირსებას "ბორჯღალოსანთა" კიდევ ორი უკანახაზელი იცავს, შუამარბი ირაკლი ჩხიკვაძე და გუნდის მოთამაშე მწვრთნელი, ფულბეკი ბესიკ ხამაშურიძე. მსგავსი სიძლიერის მოთამაშეებით ჩვენში ბევრი ვერ დაიკვეხნის.

შარშანდელთან შედარებით, "აია" გაცილებით უკეთ ირჯება დაცვაში თამაშისას. ქუთათურებმა სამ თამაშში მეტოქეებს მხოლოდ 19 ქულა გაატანეს (საშუალოდ თამაშში 6,333 ქულა), თვითონ კი 92 ქულის მოგროვება შეძლეს (საშუალოდ თამაშში 30,666 ქულა). "ლოკომოტივთან" მატჩი ყველა დანარჩენისგან რადიკალურად განხვავებული იქნება და ამ შეხვედრაში გამოჩნდება, რეალურად რისი ძალა შესწევს "აიას".

"ლოკომოტივმა", როგორც უკვე ვთქვით, წინა ტურში "ყოჩები" დაამარცხა. მანამდე კი ორი ფავორიტიდან ერთთან (ლელოსთან) წააგო, ხოლო მეორეს (არმიას) ურთულეს ბრძოლაში მოუგო. რკინიგზელებს ახლა კიდევ ერთ კონკურეტთან მოუწევთ ძალის მოსინჯვა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ჩემპიონი უპირატესობას შერკინებით თამაშს ანიჭებს. აიღე, მიეძალე რკინიგზელთა სათამაშო სტილია, რომელსაც არაფრით ღალატობენ. ასე თამაშს წარმატება ხშირად მოუტანია, მაგრამ ყოველთვის არა. საკმარისია, მათ თავს ღია თამაში მოახვიო, რომ სერიოზული პრობლემები ექმნებათ. ასე იყო, თუნდაც "ლელოსთან" მე-2 ტურში წაგებულ მატჩში.

ერთი სიტყვით, "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე ორი ერთმანეთისაგნ განსხვავებული, საინტერესო გუნდის ორთაბრძოლაა მოსალოდენელი.

არანაკლებ დაძაბული და საინტერესო თამაში გაიმართება "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე", სადაც "არმაზი" რუსთავის ხარებს უმასპინძლებს.

ისე მოხდა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს გუნდები როგორც პირველ, ისე უმაღლეს ლიგაში ერთმანეთის ძირითადი კონკურენტები არიან. ასეთმა, თუ შეიძლება ითქვას, გაუთავებელმა კონკურენციამ, ამ გუნდებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა. შარშანდელ ჩემპიონატში მათი შეხვედრა გუნდური ჩხუბის გამო ჩაიშალა. რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტმა "არმაზიც" და "ხარებიც" უკანასკნელად გააფრთხილა. ინციდენტის გამეორების შემთხვევაში ორივე გუნდი ავტომატურად დატოვებს უმაღლეს ლიგას.

"არმაზმაც" და ხარებმაც" მიმდინარე გათამაშებაში თითო-თითო გამარჯვება მოიპოვეს. პირველმა მე-2 ტურში "ყოჩებს" მოუგო, მეორემ კი წინა ტურში შინ დაამარცხა თბილისის "აკადემია".

რუსთაველები შარშანდელთან შედარებით ოდნავ სუსტად გამოიყურებიან, თუმცა, იმედია, ახალწვეულები, გამოცდილი მოთამაშეები პალიკო ჯიმშელაძე და კახაბერ უჩავა გუნდს მალე გაუშინაურდებიან. "ხარებს" აკადემიელებთან გამარჯვება, ხომ სწორედ ჯიმშელაძის შესანიშნავმა თამაშმა მოუტანა.

ტურის კიდევ ერთ, მეოთხე მატჩში, გათამაშების დებიუტანტი "არმია" თბილსის "აკადემიას" დაუპირისპირდება. არმიელებმა წინა ტურში მთავარ კონკურენტ "ლელოს" მოუგეს, რითაც თავიანთი საჩემპიონო ამბიციების საფუძვლიანობა დაამტკიცეს.

"აკადემიამ" პირველ ტურში "ყოჩებთან" გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ ორი თამაში წააგო. აკადემიელებმა მთავარი პრობლემა, მოკლე სათადარიგო სკამი, აღმოფხვრეს, მაგრამ გუნდის თამაშს სტაბილურობა აკლია. თუ ამის მიღწევაც შეძლეს, გამორიცხული არ არის, პლეი ოფშიც გააღწიონ. იქამდე კი, ჯერ "არმიას" დამარცხება მართებთ.


IV ტური
ლოკომოტივი-აია, ლელო-ყოჩები, არმაზი-ხარები, არმია-აკადემია

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1.აია 3 3 0 0 +73 6
2.ლელო 3 2 0 1 +30 4
3.ლოკ. 3 2 0 1 +18 4
4.არმია 3 2 0 1 -2 4
5.არმზი 3 1 0 2 -28 2
6.ხარები 3 1 0 2 -38 2
7.აკად. 3 1 0 2 -17 2
8.ყოჩები 3 0 0 3 -36 0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული