მიზანი ჩემპიონობაა, პრობლემა - სტადიონი!

AutoSharing Option
ქუთაისის "აიამ" მიმდინარე სარაგბო სეზონი რიხიანად დაიწყო. ქუთათურებმა ხუთიდან ხუთივე შეხვედრა მოიგეს და ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ.

მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის გამო ჩემპიონატში შესვენება იყო გამოცხადებული. პირველობა 11 ივნისს განახლდება. "აიას" მეტოქე თბილისის "ყოჩები" იქნება. ამ შეხვედრაში რიონისპირელებს მოთამაშე მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე არ ეყოლებათ, რომელიც მის ორ თანაგუნდელთან ირაკლი გიორგაძესთან და ირაკლი ჩხიკვაძესთან ერთად საქართველოს ნაკრებთან ერთად ერთა თასზე სათამაშოდ რუმინეთში იმყოფება.

მის არყოფნაში გუნდს "აიას" მწვრთნელი და მენეჯერი კობა გიორგაძე უხელმძღვანელებს. გუნდის გეგმებზე და მიზნებზე მასთან ერთად ვეტერანი მორაგბე (ამჟამად მერიის
კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის საქალაქო სამხასურის უფროსის მოადგილე) ნუგზარ ძაგნიძე გვესაუბრა.

- რამდენად იყო მოსალოდნელი ჩემპიონატში "აიას" ესოდენ კარგი სტარტი?
კობა გიორგაძე:
- სამი წელიწადია ბიჭები ერთად არიან. ამ ხნის განმავლობაში გუნდი კარგად შეიკრა და შეთამაშდა. დაგვემატა რამდენიმე გამოცდილი მორაგბე, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი გიორგაძე. ამდენად, შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ. მოვუგეთ პირველობისთვის მებრძოლ გუნდებს "ლელოს" და "ლოკომოტივს". ამ თვეში გვაქვს ორი მძიმე თამაში 11 ივნისს "ყოჩებს" ვხვდებით 18-ში კი "არმიას", რომელიც ჩვენი ერთ-ერთ მთავარი კონკურენტია.

სამწუხაროდ, ამ მატჩების წინ საკადრო პრობლემები შეგვექმნა. ჩვენი გუნდიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ექვსმა მორაგბემ ითამაშა. მათგან ორი ტრამვირებული დაგვიბრუნდა. "ყოჩებიდან" ცოტა ხნის წინ დამატებული ირაკლი დგებუაძეც დაგვაკლდება, რომელმაც მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ გუნდის ლიდერები ბესო ხამაშურიძე, ირაკლი ჩხიკვაძე და ირაკლი გიორგაძე დაგვაკლდებიან. საკადრო პრობლემები წლეულს კიდევ შეგვექმნება. დიდი შანსია, ამ ბიჭებმა მსოფლიო თასზეც იასპარეზონ და მეორე წრის 4-5 თამაშშიც ვერ დაგვეხმარებიან.

- შეძლებს გუნდი მათ გარეშე წარმატებით თამაშს?
კობა გიორგაძე:
- გვყავს საკმაოდ კარგი ახალგაზრდები. ახლახან დავიმატეთ კიდევ ერთი მორაგბე გიორგი ცნობილაძე. იმედი, გვაქვს, რომ ლიდერების გარეშეც გავაგრძელებთ წარმატებულ თამაშშს. მთავარია, რეგულარულ გათამაშებაში ოთხეულში მოვხვდეთ, მერე კი ლიდერებიც დაგვემატებიან და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.

ნუგზარ ძაგნიძე:
- მართლაც ნიჭიერი თაობა წამოვიდა, რაც ქუთაისის სარაგბო სკოლის გამართულად მუშაობაზე მეტყველებს. "აია" კარგად დაბალანსებული გუნდია. ახალგაზრდების ენერგია და ვეტერანების გამოცდილება გუნდის წარმატებულ თამაშს განაპირობებს. საკადრო პრობლემების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ "აია" წარმატებულ თამაშს გააგრძელებს.

- როგორც ჩანს წლეულს მიზნად ჩემპიონობა გაქვთ დასახული.
კობა გიორგაძე:
- ჩვენი მიზანია - ყველაფრის მოგება რისი მოგებაც შესაძლებელია. უნდა ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის და თასისათვის.
ნუგზარ ძაგნიძე: - ამის თქმის უფლებას იძლევა ქუთაისური გუნდის პოტენციალი და მონდომება. ძალიან კარგი შემადგენლობა შეიკრიბა. ჩემპიონობასთან ერთად "აიას" საქართველოს თასის მოგების ამბიციაც აქვს და ეს რეალურადაც შეუძლია.

- მთავარ კონკურენტებად ვის მიიჩნევთ?
ნუგზარ ძაგნიძე:
- კონკურენტებად "ლოკომოტივს" "ლელოს" და "არმიას" მივიჩნევთ. პირველი ორი დავამარცხეთ, იმედია, ახლა ბიჭები "არმიასაც" მოუგებენ.

- გუნდის პლუსებზე რას იტყვით?
კობა გიორგაძე:
- ძველი "აია" ცნობილი იყო შერკინების სიძლიერით და აგრესიული დაცვით. დღესდღეობით, შერკინების ხაზში 90% ახალგაზრდა მორაგბეები გვყავს, მაგრამ ისინი მშვენივრად თამაშობენ და ძველ ტრადიციებს აგრძელებენ. წლეულს ყველა გუნდს ძირითადად შერკინების ხაზის კარგი თამაშის წყალობით მოვუგეთ.

- წლების მანძილზე თქვენი მთავარი პრობლემა ფინასები იყო. უსახსრობის გამო გუნდი ხშირად იშლებოდა. ამ ახლა როგორი მდგომარეობაა?
კობა გიორგაძე:
- ფინანსური პრობლემები არა გვაქვს. გვყავს სპონსორი "კავკასუს ონლაინი," რომელიც საკმაოდ კარგად გვაფინანსებს. გარდა ამისა, სახელმწიფოც გამოყოფს თანხებს. ერთადერთი პრობლემა, რომელიც დღესდღეობით "აიას" გააჩნია არის სტადიონის არქონა. საშინაო მატჩებს ფოთში, ჩვენი ქალაქიდან 100 კილომეტრის დაშორებით ვატარებთ. შარშან ვანში ვთამაშობდით, მაგრამ ვანის სტადიონი ისეა გაფუჭებული, იქ თამაში შეუძლებელია.

- როდემდე მოგიწევთ ქუთაისიდან მოშორებით თამაში?
კობა გიორგაძე: - უახლოეს მომავალში იწყება ჩვენი ბაზის მშენებლობა და 2 წლიწადს გაგრძელდება. თუ სტადიონი არ გამოიძებნა ამ ხნის განმავლობაში საერთოდ უმოედნოდ ვრჩებით. არ დაგვპირებიან, მაგრამ ქალაქის მერის ინიციატივაა, რომ ქუთაისის "დინამოს" სტადიონის მფლობელებთან შეთანხმებით მოხდეს ამ მოედნის რეაბილიტაცია და საშინაო შეხვედრები იქ ჩავატაროთ.

იმედია, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და მოედნის პრობლემა აღარ გვექნება. ერთგული გულშემატკივრები ფოთშიც დაგვყვებიან, მაგრამ ქუთაისში რომ ვთამაშოდეთ, დარწმუნებული ვარ სავსე ტრიბუნების წინ მოგვიწევდა ასპარეზობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული