"აია" "არმიას" ვერ გაუმკლავდა

AutoSharing Option
"აია"-"არმია" 16:24
აია (15-9) ხამაშურიძე, არაბიძე, ი. ჩხიკვაძე, გოშაძე, გიორგაძე (სინაურიძე 41), შარვაშიძე (კუხიანიძე 71), გოგია. (18) ლომიძე (ჟვანია 52), გურეშიძე (მატკავა 82), ტ.ჩხიკვაძე, ჩიტეიშვილი, ძაგნიძე, რევიშვილი, დგებუაძე (მეტრეველი 50) , თხელიძე (ცირეკიძე 71)
2ლ: გოშაძე, გოგია. ა: შარვაშიძე, ს: სინაურიძე
არმია (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, შკინინი, გაბროშვილი, მჭედლიძე (გოგეშვილი 59), ელიზბარაშვილი, სამხარაძე (18) უდესიანი (ქორიძე 70), კალმახელიძე, თავართქილაძე(თხელიშვილი 60), ცხადაძე, ბუჯიაშვილი, დონაძე, ბრეგვაძე (მეკოკიშვილი 58), კაკოვინი
3ლ: შკინინი (2), კალმახელიძე, 3გ,ს: კობახიძე (3)
სინბინი: ცხადაძე, გაბროშვილი, კაკოვინი
მსაჯი: სალემ ატალაჰი
(საფრანგეთი)

ამ უქმეებზე ქართული რაგბის მოყვარლთა ყურადღება ქუთაისისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის ორი უძლიერესი გუნდი, რეგულარული ჩემპიონატის პირველ-მეორე ადგილოსნები "აია" და "არმია" დიდი ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს ერკინებოდნენ.

პირველი ტაიმი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, მაგრამ კარგი თამაში ანგარიშით ვერ გაამყარეს და დაისაჯნენ კიდეც. მეორე ნახევარში მათ შეცდომებს უმატეს, არმიელებმა კი პირიქით, მობილიზება მოახერხეს და დამხვდურებს ხელით თამაშში აჯობეს, რამაც მათი გამარჯვება და დიდ ფინალში გასვლა განაპირობა.

მასპინძლებმა თავიდანვე სცადეს ინიციატივის ხელში ჩაგდება, ისინი ძალისმიერი თამაშით ცდილობდნენ დაწინაურებას, მე-8 წუთზე ფრანგი არბიტრის სალემ ატალაჰისგან ჯარიმასაც გამორჩნენ, მაგრამ ქუთაისელთა მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

"არმიამ" მასპინძელთა საწყის შეტევებს კარგად გაუძლო, მათ პირველივე იერიშს კი ლელო მოჰყვა. მე-12 წუთზე სტუმრებმა თავიანთი აუტი მოიგეს, მოლით მიაწვნენ, შემდეგ შეტევა მარცხენა ფრთაზე გადაიტანეს, ალექსანდრე ტუჩაშვილი კარგად დაუსხლტა მეურვეებს, ბოლოს ის შებოჭეს, მაგრამ ბურთი ისევ არმიელებს დარჩათ და მარცხენა გარემარბმა გიორგი შკინინმა "აიას" ჩათვლის მოედანში დაამიწა. სტუმართა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და "არმია" დაწინაურდა - 7:0.

მასპინძლები შექმნილ მდგომარეობას არ შეეგუენ და მძლავრად შეუტიეს. ამასობაში, მსაჯმა ბინძური თამაშისთვის სტუმართა მეორეხაზელი მამუკა ცხადაძე გაასინბინა და "არმია" 10 წუთით კაცნაკლული დარჩა. მასპინძლებმა ამით კარგად ისარგებლეს, მე-20 წუთზე ქუთაისელთა მრავალფაზიანმა შეტევამ განვითარება მარცხენა ფრთაზე ჰპოვა, სადაც ირაკლი გიორგაძემ ბაკურ გოშაძე ჩართო შეტევაში და მანაც ზედ მარცხენა ხაზთან ახლოს დაამიწა. ხამაშურიძემ ძალზედ მახვილი კუთხიდან რეალიზაცია ვერ გამოიყენა - 5:7

ტაიმის შუაწელში მეტოქეებმა ჯარიმები გაცვალეს. ჯერ კობახიძეს გაუცუდდა დარტყმა, შემდეგ კი ხამაშურიძესაც. სამაგიეროდ, სიზუსტემ არ უმტყუნა რიონისპირელთა მგეზავს ლევან შარვაშიძეს, რომელმაც მასპინძელთა მასირებული შეტევისას, კარის წინ მიიღო ბურთი და არეკნით "აია" დააწინაურა - 8:7 ტაიმის მიწურულს ქუთათურებმა საკუთარ 22-მეტრიან ზონაში შერკინების მოგების შემდეგ შეცდომა დაუშვეს, რაც ჯარიმის ფასად დაუჯდათ და კობახიძემ ზუსტი დარტყმით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 8:10.

მეორე ტაიმის საწყისი წუთები ქუთათურებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. სამწუთიან ინტერვალში მათ ორ უხეშ შეცდომას არმიელთა "ტყუპი" ლელოები მოჰყვა. 51-ე წუთზე სტუმრებმა ქუთაისელებს შეტევაში ჩაუჭრეს ბურთი, კობახიძემ კარგა ხანს ბურთიანად ირბინა და შეტევაში შკინინი ჩართო, რომლის შეჩერებაც ვერავინ მოახერხა. კობახიძემ ზუსტად გარდასახა - 8:17.

მალევე ქუთაისელთა შეცდომას კალმახელიძის გარღვევა და ლელო მოჰყვა, კობახიძემ კი ისევ ზუსტად დაარტყა - 8:24. "აია" მატჩის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ შაბათს ქუთაისელთა დღე არ იყო, მათ თამაშის დალაგება და თავიანთი კოზირების გამოყენება ვერ შეძლეს.

სინაურიძის ჯარიმა და გოგიას მიერ ბოლო წამებზე გატანილი ლელო კი უკვე დაგვიანებული იყო. "არმიამ" მძიმე ბრძოლაში 24:16 გაიმარჯვა და დიდი ფინალის საგზური მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული