მიხეილ ნარიაშვილი: მჯერა, აია სულ წინ ივლის

AutoSharing Option
ქუთაისის "აიას" ოცი წლის პირველხაზელის მიხეილ ნარიაშვილის კარიერა ელვისებური სისწრაფით ვითარდება. მან საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში მიიღო საბრძოლო გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობების იმდენად კარგად წარმოჩენა შეძლო, რომ მისი გადაბირება ფრანგული რაგბის რამდენიმე ელიტურ გუნდს სურდა. ბოლოს კი პირველ დივიზიონში მოაპარეზე "მონპელიეში" აღმოჩნდა. თუმცა, ჯობს, ყოველივე თანმიმდევრულად თავად მიხეილმა გვიამბოს:

- სანამ "მონპელიეში" აღმოვჩნდებოდი, სინჯებზე "აჟენსა" და "ოშში" ვიყავი. შემოთავაზება ორივე გუნდისგან მქონდა. მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ საფრანგეთში ვიმყოფებოდი, მამუკა გორგოძემ დამირეკა და მითხრა, შენი გასინჯვა "მონპელიეს"
მწვრთნელებსაც სურსო. ჩავედი, ძირითადად ფიზიკური მზადყოფნა შემიმოწმეს. მერე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, "აჟენსა" და "ოშშიც" იკითხეს ჩემ შესახებ. მამუკამაც კარგად დამახასიათა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისი დამსახურებაა, რომ "მონპელიესთან" კონტრაქტი გავაფორმე.
- რამდენ წლიანი კონტრაქტი გააფორმეთ "მონპელიესთან"და ავალდებულებს თუ არა ის გუნდის მწვრთნელებს, ძირითადში გათამაშონ?
- კონტრაქტი სამწლიანია. ამ ხელშეკრულების მიხედვით ძირითად გუნდთან ერთად კვირაში რამდენჯერმე ვივარჯიშებ. თამაში კი ესპუარების გუნდში მომიწევს.
- მონპელიელთა კლუბში უკვე იყავით, ნახეთ ინფრასტრუქტურა, არც ის ატმოსფერო იქნება უცხო, რაც იქ სუფევს. როგორი დონის კლუბია "მონპელიე" და როგორ ფიქრობთ, როდის შეძლებთ ძირითად გუნდში თამაშს?
- "მონპელიე" უმაღლესი დონის კლუბი რომ არის, საყოვეთაოდ ცნობილია. გუნდში ახალი მწვრთნელი ფაბიენ გალტიე მოიწვიეს. მისი ხელმძღვანელობით პარიზულმა "სტად ფრანსემ" დიდ წარმატებებს მიაღწია. მორაგბეც ერთ-ერთი უძლიერესი იყო და მწვრთნელიც საუკეთესოა. "მონპელიეს" ხელმძღვანელები ტყუილად არ მოიწვევდენ. რაც აქამდე შედეგს აღწევდნენ, არ აკმაყოფილებთ, მეტი უნდათ. თავისთავად ცხადია, უკეთესისკენ სწრაფვა მხოლოდ მისასალმებელია. ეს გუნდის თითოეული მოთამაშისთვის სასარგებლოცაა და საპასუხისმგებლოც. რაც შეეხება ძირითად გუნდში ჩემ თამაშს, სამი წელიწადი წინ მაქვს. ვეცდები, ბეჯითად ვიშრომო, ნელ-ნელა, ეტაპობრივად გავიზარდო და ვნახოთ, იქნებ უფრო მაღალ დონეზე თამაშიც შევძლო. მოკლედ, შესანიშნავი შანსი მომეცა, ჩემი შესაძლებლობები განვავითარო, დიდ რაგბიში შევდგა ფეხი და ამის არგამოყენება დაუშვებელია.
- რაგბის თამაში ქუთაისში დაიწყეთ, იქ აიდგით ფეხი. რამდენიმეწლიანი ჩავარდნის შემდეგ"აია" ახლა აღმავლობის გზაზეა. თქვენ კი მას შუა სეზონში ტოვებთ...
- ცხადია, ძალიან მწყდება გული, ქუთაისის "აიადან" რომ მივდივარ, მაგრამ რა ვქნა - ელიტურ რაგბიში ფეხის შედგმა ყველა მორაგბის ოცნებაა. ის აგერ, ჩემ წინა, ერთი ხელის გაწვდენაა საჭირო. უარი როგორ ვთქვა...
მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ბავშვობიდან დღემდე ჩემს აღზრდაში წვლილი შეიტანა. ცხადია, როგორც მორაგბე "აიაში" ჩამოვყალიბდი. ახლანდელმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა. კლუბის პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე ყველანაირად ხელს უწყობს გუნდს, კრიზისს თავი რომ დააღწიოს. გამოსდით კიდეც.
"აია" ახლა საქართველოს ჩემპიონატის ლიდერია და აგერ, თასის ნახევარფინალშიც გავიდა. გუნდი წინ მიდის, ვითარდება. ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის. ჩემი შემცვლელიც  შერკინებაში უმალ მონახეს, კონკურენცია გაიზარდა. ეს კი პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. ჩემი საფრანგეთში წასვლით გუნდი არაფერს დაკარგავს. მჯერა, "აია" სულ წინ ივლის.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული