ქართული რაგბის საპლეიოფო ოთხეული ცნობილია

AutoSharing Option
პლეი ოფში მოთამაშე გუნდების ვინაობა რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაირკვა. "ლელოს" ტიტულს "ლოკომოტივი", "ვისოლი\ყოჩები" და "აია" შეეცილებიან. გასარკვევი ისღაა, ვინ ითამაშებს შესარჩევ და ვინ გასავარდნ ფინალს. შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ფინალში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები ითამაშებენ. აქ გამარჯვებული პირდაპირ დიდ ფინალში გადის.

მესამე და მეოთხეადგილოსნები კი გასავარდნ ფინალში გაეჯიბრებიან ერთმანეთს. მათ შორის გამარჯვებული შესარჩევ ფინალში დამარცხებულს წინასწარ ფინალში ეთამაშება და მოგებული დიდ ფინალში ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ერთი სიტყვით, მე-12 ტურმა ბევრ კითხვაზე კი გასცა პასუხი, მაგრამ - ყველაზე
არა. ბოლო ორ ტურში სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მწვავე ბრძოლა იქნება, რადგან ბოლოსწინა, მე-7 ადგილზე გასული გუნდი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მეორეადგილოსან პირველლიგელს უნდა ეთამაშოს. ამის საფრთხე კი ემუქრება ერთბაშად სამ გუნდს, "ხარებს", "არმაზს" და "აკადემიას".

ზედიზედ სამი წაგების შედმეგ წარუმატებელი სერია შეწყვიტა ქუთაისის "აიამ", რომელმაც ნეიტრალურ მოედანზე, ფოთში დაამარცხა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ლელო" - 31:18. ამ გამარჯვებით ქუთათურებმა პლეი ოფში თამაშის უფლება დაიბევეს.

"ბათუმი XV" ორი სეზონია, რაგბის ქომაგებს სიურპრიზებით ანებივრებს. შარშან, ყველასთვის მოულოდნელად, ფინალში გააღწია და იქ უმძიმეს ბრძოლაში თბილისის "ლელოსთან" დამარცხდა. წლეულს კი 12 თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგო და უმაღლესი ლიგის დატოვების უმთავრესი კანდიდატია.

"ბათუმი XV"-ს საბედისწერო მარცხი გალიდერებულმა თბილისის "ვისოლი\ყოჩებმა" აგემა - 23:33. ბედის ირონიაა, რომ თბილისურ გუნდს სწორედ ის ადამიანი წვრთნის, ვინც ბათუმელები შარშანდელ სეზონში ლამის ტრიუმფატორები გახადა. მიუხედავად იმისა, რომ ლევან მგელაძემ და მისმა "ყოჩებმა" პირველი ტაიმი წააგეს, მეორეში მატჩის ბედის შემობრუნება შეძლეს და მეტოქის ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმეს. ბათუმელებს დარჩენილ ორ ტურში აუცილებლად ორივე თამაშის მოგება მართებთ.

დაძაბული გამოდგა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ "ლოკომოტივის" დაპირისპირება "არმაზთან", რომელსაც ამ თამაშამდე პლეი ოფში მოხვედრის შანსი ჰქონდა. არმაზელებმა პირველი ტაიმი მოიგეს კიდეც, თუმცა შესვენების შემდეგ რკინიგზელების მიძალებას ვეღარ გაუძლეს და 22:31 წააგეს.

საინტერესო და სანახავად მშვენიერი გამოდგა ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე გამართული თბილისის "აკადემიისა" და რუსთავის "ხარების" მატჩი. რუსთაველებმა პირველ წრეში შინ განცდილი მარცხის გამო რევანში აიღეს და სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს - 18:13.

"ხარებმა" ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს და, ცოტა უცნაურიც კია, ეს გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის რომ იბრძვის. რუსთაველები მწყობრად, გააზრებულად უტევდნენ, სწრაფად და სუფთად თამაშობდნენ რაკში, უშეცდომოდ ირჯებოდნენ დერეფანშიც და ღონით მეტოქის საკმაოდ მძიმე შერკინებაც დაჩაგრეს.

"ხარების" სრული სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში მასპინძლებმა 24-ე წუთზე გახსნეს. მოედნის საკუთარი ნახევრიდან რუსთაველთა მგეზავმა მიხეილ წიკლაურმა ბურთი ფეხით მეტოქის ნახევარზე გადაიტანა. მარჯვენა ფლანგზე, კიდესთან ახლოს მას სამხრეთ აფრიკიდან, სტელენბოშის სარაგბო აკადემიიდან ახლახან დაბრუნებული მეტოქის გარემარბი ლევენ გოგოლაშვილი დაეუფლა, რომელმაც ლელომდე თითქმის 60 მეტრი ისე გაირბინა, ხელითაც კი ვერავინ წაეპოტინა. ბექა მეკოკოშვლმა გარდასახა - 7:0.

ამას "ხარებმა" რვა წუთში წიკლაურის ზუსტი საჯარიმოთი გასცეს პასუხი - 3:7, ასე დასრულდა პირველი ტაიმი. შესვენების შემდეგ მეკოკიშვილმა 45-ე წუთზე ისევ საჯარიმოთი აღადგინა შვიდქულიანი უპირატესობა - 10:3, რასაც მალევე სტუმართა ორი ლელო მოჰყვა.

51-ე წუთზე "ხარებმა" მრავალფაზიანი იერიში განახორციელეს. შეტევის მიმართულების ხშირი ცვლით აკადემიელებს შეცდომა დააშვებინეს და პირველხაზელმა სერგო მოქიამ ლელოში შეაღწია. წიკლაურმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გარდასახა - 8:10. ხუთ წუთში "აკადემიამ" დაცვაში საბედისწერო შეცდომა დაუშვა. შეტევა "ხარების" ფულ ბეკმა ლაშა შუბითიძემ წამოიწყო. ბურთი მოედნის ცენტრიდან ფეხით მასპინძელთა ოცდორმეტრიან ზონაში დაჰკიდა. აკადემიელი ბესო წასიძე ბურთს ადგილზე დახვდა, მაგრამ ხელიდან გაუვარდა. ყველაზე სწრაფად ბურთთან "ხარების" შუამარბი ირაკლი ლობჟანიძე გაჩნდა, რომელსაც ლელოს გატანა აღარ გასჭირვებია. გარდასახვა შეცვლაზე შესულმა გიორგი ხუციშვილმა გაიტანა - 15:10.

მატჩის დასრულებამდე გუნდებმა კიდევ თითო საჯარიმო გაცვალეს და რუსთაველებმა უმნიშვნელოვანესი ორი ქულა მიითვალეს.


აკადემია-ხარები 13:18

აკადემია (15-9) დავითაშვილი, გოგოლაშვილი, მარგიანი (ბერძული 59), მოლოდინაშვილი, წასიძე, ელიზბარაშვილი, ქოპილაშვილი (კიზირია 61) (1-8) ფირცხალაიშვილი (ზაქაშვილი 57), მეკოკიშვილი, გ.ღამბაშიძე, ნებულიშვილი, გელაძე, ნიბლაძე, გაჩეჩილაძე (ჩხიკვაძე 38), მჭედლიძე.
ლ: გოგოლაშვილი. 2ს,გ: მეკოკიშვილი.

ხარები (15-9) შუბითიძე, ბ.ბებიაშვილი, რ.ღამბაშიძე, ლობჟანიძე (ჭაავა 69), გ.ბებიაშვილი, წიკლაური, ზირაქაშვილი (ხუციშვილი 41). (1-8) მაჭარაშვილი, აღაშვილი (კაკაბაძე 58), მოქია, კობერიძე (ქვლივიძე 64), ბალიაშვილი, ქარუხნიშვილი, გოგიაშვილი, ცხადაძე.
2ლ: მოქია, ლობჟანიძე. 2ს: წიკლაური. გ: ხუციშვილი.

მსაჯი: გ.ამირხანაშვილი


XII ტური
არმაზი-ლოკომოტივი 22:31, ვისოლი\ყოჩები-ბათუმი XV 33:23, აია-ლელო 31:18,

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 12 8 1 3 +73 17
2. აია 12 8 0 4 +64 16
3. ლელო 12 8 0 4 +140 16
4. ლოკომოტივი 12 8 0 4 +77 16
5. ხარები 12 5 0 7 -119 10
6. არმაზი 13 4 1 7 -101 9
7. აკადემია 12 3 2 7 -32 8
8. ბათუმი XV 12 2 0 10 -102 4

XIII ტური
ხარები-არმაზი, ლოკომოტივი-ვისოლი\ყოჩები, ბათუმი XV-აია, აკადემია-ლელო.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული