ესპუართა ლიგა: "ჯიქები" უდანაკარგოდ

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის პარალელურად, ესპუართა ლიგაშიც მეორე ტურის მატჩები მიილია.

გიორგი ამირხანაშვილის დამოძღვრილი "ჯიქები" ახალგაზრდა მორაგბეებით გახლავთ დაკომპლექტებული, რომელთაც უდიდესი მოტივაცია გააჩნიათ და გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ ის ფაქტი, რომ ესპუართა ლიგაში ეს გუნდი წარმატებით ასპარეზობს.

მათ, პირველი ტურის მსგავსად, ამჯერადაც დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვეს, დაამარცხეს რა "ბოლნისის ყოჩები" 49:17 და 10 ქულით სატურნირო ცხრილსაც ლიდერობენ.

ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ლელოში" დიდი კონკურენციაა და მოთამაშეთა უმეტესობას თავისი სიძლიერის დამტკიცება ესპუართა ლიგაში უწევს. მათ "აკადემიას" დაძაბულ ბრძოლაში 9-ქულიანი სხვაობით აჯობეს - 21:12, თუმცა ბონუს-ქულას
ვერ შესწვდნენ და 9-ქულით მეორე პოზიციაზე დამკვიდრდნენ.

ქულათა იგივე რაოდენობა აქვს "აიას" - ქუთათურებმა ბათუმში ჩატარებულ უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვეს გამარჯვება - 22:17.

აღსანიშნავია ზღვისპირელთა თავდადებული თამაში, მიუხედავად საწყის ტურებში ნაწვნევი ორი დასანანი მარცხისა. 7 და ნაკლები ქულით წაგებებისათვის მათ 2 პრემიალური ქულა დაიმსახურეს და მეშვიდე პოზიციამდეც ამაღლდნენ.

"არმაზისა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირებამ უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და ბოლო წუთებამდე ორივე გუნდი წარმატების თითქმის თანაბარ შანსს ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც სტუმრებმა იმძლავრეს და ორქულიანი სხვაობით - 19:17 დაამარცხეს რკინიგზელები.

"არმია" მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია. გუნდს ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა გააჩნია და სათადარიგოთა სკამიც საკმაოდ "გრძელია", თუმცა ესპუართა ლიგას კლუბის ხელმძღვანელობა ნაკლებ ყურადღებას უთმობს, რაზეც უკვე ზედიზედ მეორე ტურია, მათი გუნდის კატასტროფული მარცხები მოწმობს - "აკადემიასთან" 0:85 წაგების შემდეგ "არმია" ამჯერად კიდევ უფრო დიდი სხვაობით დამარცხდა რუსთავში "ხარებთან" - 3:112.

ესპუართა ლიგა. II ტური
აკადემია - ლელო 12:21; ლოკომოტივი - არმაზი 17:19; ბათუმი - აია 17:22; ხარები - არმია 112:3; ჯიქები - ბოლნისის ყოჩები 49:17

1. სატურნირო მდგომარეობა
ჯიქები - 10 ქულა; 2. ლელო - 9; 3. აია - 9; 4. არმაზი - 8; 5. ხარები - 5; 6. აკადემია - 5; 7. ბათუმი - 2; 8. ლოკომოტივი -1; 9. ყოჩები - 0; 10. არმია - 0.

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული