საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. XIII ტური: ვინ იქნება პირველი ფინიშის ხაზზე?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი 28 თებერვლიდან განახლდება. გათამაშებას, რომელმაც სტარტი გასული წლის სექტემბერში აიღო, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი თბილისის "ლელო" ლიდერობს, თუმცა სატურნირო ცხრილის სათავეში საკმაო სიმჭიდროვეა და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე უშეღავათო ბრძოლებია მოსალოდნელი. გარკვეული ჯერ არაფერია აუტსაიდერთა შორისაც. ვის მოუწევს უმაღლესი ლიგის დატოვება, მხოლოდ ტურნირის ბოლოს გახდება ცნობილი.

ცხადია, საინტერესოა, როგორ გამოიყენეს ზამთრის არდადეგები ქართულმა კლუბებმა. ლიდერი "ლელო" მეორე ეტაპს სიახლეების გარეშე ხვდება. გუნდს ახალი არავინ დაუმატებია და იმავე კონტინგენტით აპირებს ტიტულის დაცვას, რომლითაც ჩემპიონატი დაიწყო. ლელოელებს 12 თამაშიდან 9 მოგება და
3 წაგება აქვთ, ზუსტად იმდენი, რამდენიც ქუთაისის "აიას" და თბილისის "ლოკომოტივს", თუმცა მათზე სამით მეტი პრემიალური ქულის აღება მოახერხა და პირველ ადგილზე დამსახურებულად იმყოფება.

ქუთათურები ლიდერს სამი ქულით ჩამორჩებიან. მათ ზამთრის სატრანსფერო სეზონისას კარგი შევსება მიიღეს. მოსკოვის "სპარტაკიდან" "აიაში" დაბრუნდნენ ძმები გიორგი და ზურაბ თუთბერიძეები, ასევე - მესამეხაზელი გიორგი მინაძე, რომელსაც რუსეთის ნაკრებში თამაშის გამოცდილებაც აქვს. შევსება საკმაოდ სოლიდურია, რაც გვაფიქრებინებს, რომ რიონისპირელები ჩემპიონობისთვის ბრძოლას რეალურად შეძლებენ.

"აიას" მსგავსად, 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა "არმია", რომელმაც წლევანდელი ჩემპიონატი ცუდად დაიწყო, თუმცა მერე მდგომარეობის მკვეთრად გამოსწორება შეძლო და ისევ ლიდერთა შორის დაიკავა ადგილი.

"არმიას" საკმარისად გააჩნია ადამიანური რესურსი საიმისოდ, რომ ჩემპიონის ტიტული დაიბრუნოს. გუნდს რუმინეთიდან დაუბრუნდა მგეზავი მამუკა ნინიძე, რომელიც იქ კონსტანცას "ფარულში" ასპარეზობდა და რუმინეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მისთვის უჩვეულო, მეოთხე ადგილზეა ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი", რომელიც ლიდერს ოთხი ქულით ჩამორჩება. რკინიგზელებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაკარგეს. დანაკლისი გუნდს წლევანდელი სეზონის წინაც ჰქონდა, მაგრამ გამოცდილი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი მაინც ახერხებს დარჩენილი კონტინგენტით ბრძოლისუნარიანი რაზმის შექმნას.

სატრანსფერო ციებ-ცხელებისას "ლოკომოტივს" ფრანგული "პერიგოდან" დაუბრუნდა შერკინების ბურჯი ნიკოლოზ მაღალდაძე. მასთან ერთად რკინიგზელებმა მეორეხაზელი გიორგი ტალახაძეც დაიმატეს. შერკინების გაძლიერებით, ვფიქრობთ, ეს გუნდი კიდევ უფრო "აგრესიული" და საშიში გახდება ნებისმიერი მეტოქისთვის.

წლევანდელ სეზონს უწინდელზე უკეთესად ატარებს ბოლნისის "ყოჩები", რომელიც 34 ქულით მე-5 ადგილზეა და რეალური შანსი აქვს, პლეი ოფში გააღწიოს. იქ კი მედლებისთვის ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"ყოჩებმა" სატრანსფერო სეზონში რუმინეთიდან დაბრუნებული შერკინების ბურჯი გიორგი ხოსიტაშვილი დაიმატა. ის "ტიმიშოარას" შემადგენლობაში ასპარეზობდა და რუმინეთის ჩემპიონი გახდა. "ყოჩებს" დაუბრუნდა მესამეხაზელი რატი ურუშაძეც, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ასპარეზობდა. გასულ სეზონში ის კრასნოიარსკის "ენისეის" შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში "ყოჩების" ორი ყველაზე რეალური კონკურენტი თბილისური გუნდები, "არმაზი" და "ჯიქები" არიან. ამათ ზამთრის არდადეგებისას შემადგენლობაში არავინ დაუმატებიათ. "ჯიქებმა" ერთი მატჩის გამართვა უკვე მოასწრეს და რუსთავში "ხარებთან" დამარცხდნენ. შესაბამისად, მათ მეტოქეებზე ერთი თამაშით მეტი აქვთ გამართული და უარეს მდგომარეობაში არიან.

ასევე ერთი თამაშით მეტი აქვს გამართული აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ხარებს", რომელმაც სამი ახალი მოთამაშე დაიმატა: ბოლნისის "ყოჩებიდან" დაბრუნდა ლაშა შუბითიძე; გუნდი ორი ახალგაზრდა მორაგბით, გიორგი კოშაძითა და ბექა გორგაძით გაძლიერდა. ორივე მათგანი 17 წლისაა.

რვა ქულით ბოლოსწინა ადგილზეა თბილისის "აკადემია", რომელსაც დარჩენილ ტურებში უმძიმესი ბრძოლების გადატანა მოუწევს, რათა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს, რადგან უშუალო კონკურენტმა "ბათუმმა" სატრანსფერო სეზონისას რამდენიმე უცხოელი მორაგბე დაიმატა. ჯო საიგო ახალზელანდიელია, კორნე ნიუვენჰეიზენი და ჟაკ ხოუვსი სამხრეთაფრიკელები არიან; თიმოთი ვენი, ჩარლი რუქი და სემ ჰემპსონი ნისლიანი ალბიონიდან გვეწვივნენ.

ბათუმელებმა ერთი გამოტოვებული მატჩი უკვე გამართეს ქუთაისში და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ. მატჩში ლეგიონერებმაც ითამაშეს, მაგრამ "ბათუმს" ვერაფერი უშველეს. ცხადია, რა დონის მოთამაშეც უნდა მიიწვიო გუნდში, მას დანარჩენებთან შეთამაშება, გაშინაურება სჭირდება. ამიტომ ნაადრევი დასკვნებისგან თავს შევიკავებთ. შესწევს თუ არა "ბათუმს" ძალა, უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს, ჩემპიონატის მატჩებში გამოჩნდება.

საქართველოს ჩემპიონატი
XIII ტური
28 თებერვალი
ყოჩები-არმაზი, არმია-ლოკომოტივი

1-ლი მარტი
აია-ჯიქები, ლელო-ბათუმი, აკადემია-ხარები.

XIV ტური
22 მარტი
ხარები-ყოჩები, არმაზი-აია, ჯიქები-არმია, ლოკომოტივი-ლელო, ბათუმი-აკადემია

XV ტური
29 მარტი
ყოჩები-აია, არმია-არმაზი, ლელო-ჯიქები, აკადემია-ლოკომოტივი, ხარები-ბათუმი.

XVI ტური
5 აპრილი
ბათუმი-ყოჩები, აია-არმია, არმაზი-ლელო, ლოკომოტივი-ხარები.

XVII ტური
12 აპრილი
ყოჩები-არმია, ლელო-აია, აკადემია-არმაზი, ბათუმი-ლოკომოტივი

XVIII ტური
26 აპრილი
ლოკომოტივი-ყოჩები, არმია-ლელო, აია-აკადემია, არმაზი-ხარები, ჯიქები-ბათუმი.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 12 9 0 3 +171 44
2. აია 12 9 0 3 +112 41
3. არმია 12 8 1 3 +142 41
4. ლოკომოტივი 12 9 0 3 +72 40
5. ყოჩები 12 7 1 4 +35 34
6. ჯიქები 13 5 2 6 +49 31
7. არმაზი 11 4 0 4 -13 30
8. ხარები 13 2 0 11 -167 11
9. აკადემია 12 1 0 11 -178 8
10. ბათუმი 11 1 0 10 -223 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული