არმია-ჯიქები 18:18 - "ჯიქების" კიდევ ერთი გმირობა [PHOTO]

AutoSharing Option
მიმდინარე გათამაშებაში თბილისის "ჯიქებმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბოლომდე შეუპოვრად მებრძოლი გუნდია და ნამდვილად იმსახურებს მოწინავეთა შორის ყოფნას.

გიორგი ამირხანაშვილის სამწყსომ მე-5 ტურში ჩემპიონატის მთავარ ფავორიტს, "არმიას" არაფერი დაუთმო და ფრეს გამორჩა - 18:18.

აღსანიშნავია, რომ "ჯიქებმა" ხუთ მატჩში უკვე მეორედ ითამაშეს ფრედ, რაც ხაზს უსვამს ამ გუნდის ბრძოლისუნარიანობას და უდრეკ ხასიათს. "არმიას" კი, როგორც ჩანს, მცირე კრიზისი აქვს. წინა ტურში "ლოკომოტივთან" განცდილი მარცხის შემდეგ გუნდმა გონს მოსვლა ვერ მოასწრო, ძველებურად მწყობრად და ორგანიზებულად ვეღარ უტევს და დაცვაშიც ხშირად ჯარიმდებოდა.

თუმცა თამაში სწორედ არმიელთა აქტიურობით დაიწყო და 15 წუთის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ. ანგარიში კი მე-14 წუთზე გაიხსნა.

"ჯიქების" მოედნის ნახევარზე ხაზი "არმიას" მესამეხაზელმა ზვიად მაისურაძემ გაჭრა და 22-მეტრიან ზონას მიუახლოვდა.

შეტევა მარცხნივ, მოკლე ფრთაზე გაგრძელდა. იქ წარმოქმნილ რაკში არმიელებმა მეტოქე უხვად ჩაითრიეს და მერე ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს. გარემარბი გიგა გაგოშვილი მოწინააღმდეგის მცველებს ჯიქურ მიეჭრა და ლელოში შეაღწია. ფულბეკმა ბახვა კობახიძემ ვერ გარდასახა - 5:0.

"ჯიქებმა" ნელ-ნელა შეძლეს თამაშის აწყობა. გუნდმა ძირითადი აქცენტი მორკინალების მიძალებაზე გადაიტანა, რომლებიც შესანიშნავად ირჯებოდნენ რაკში თამაშისას და მეტოქეს წესების დარღვევას აიძულებდნენ.

შედეგად, პირველი ტაიმის დასრულებამდე დარჩენილ დროში, "ჯიქების" მგეზავმა ნუგზარ გიორგაძემ სამი საჯარიმო გაიტანა და თავისი გუნდი ოთხი ქულით დააწინაურა - 9:5.

"არმია" 47-ე წუთამდე მეტოქეს ვერაფრით პასუხობდა. მეტიც, შესვენების შემდეგ თამაში ახალი განახლებული იყო, როცა გიორგაძემ კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა - 12:5.

არმიელებმა მარცხის საფრთხე იგრძნეს და 47-ე წუთზე შუამარბ ირაკლი ჩხიკვაძის შესანიშნავი თამაშის წყალობით ანგარიშის გაქვითვა შეძლეს. "არმიამ" საკუთარი დერეფანი მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 25 მეტრში მოიგო.

ცხრა ნომერმა ირაკლი ღვინჯილიამ ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაათამაშა. ჩხიკვაძემ დაცვის ხაზში ხარვეზი დროულად შენიშნა და მაღალი სიჩქარით ლელოსკენ დაიძრა, გზად სლალომით სამ მეტოქეს აუარა გვერდი და ჩათვლის მოედანში შეაღწია. კობახიძემ გარდასახა - 12:12.

15 წუთის შემდეგ გუნდებმა ორწუთიანი შუალედით საჯარიმოები გაცვალეს. თამაშის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე კი "არმიამ", გიორგი აფციაურის საჯარიმოს წყალობით, დაწინაურებაც მოახერხა - 18:15. მატჩის მიწურულს ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

არბიტრმა მოედნიდან ჯერ "არმიას" მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე გაასინბინა, მერე, ორ წუთში მისივე თანაგუნდელი გიგა გაგოშვილი "დაასვენა" ათი წუთით. არმიელები მოედანზე ორი მორაგბით ნაკლებნი დარჩნენ.

"ჯიქებმა" ნაცადი ხერხი იხმარა - მეტოქეს რაკში თამაშისას წესი დაარღვევინა და საჯარიმო დარტყმით გიორგაძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო - 18:18.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საქართველოს ჩემპიონატი რაგბიში. V ტური.
არმია-ჯიქები 18:18
არმია (15-9) კობახიძე, (ელიზბარაშვილი 62), გაგოშვილი, ჯიმშელაძე, ჩხიკვაძე, გაბროშვილი, აფციაური. ღვინჯილია. (1-8) ზაქაშვილი, მამუკაშვილი 41), გუგენიძე, აზალაძე (უჩავა 70), ბ. ბიწაძე (აბესაძე 41), კალმახელიძე, თავართქილაძე (დარასელია 41), მაისურაძე.
2ლ: გაგოშვილი, ჩხიკვაძე. 2ს: აფციაური. გ: კობახიძე.
სინბინი: მაისურაძე, გაგოშვილი.
ჯიქები (15-9) ი. სვანიძე (უმცრ), ნ. ბიწაძე, ბერძული, კუპრეიშვილი, ჯიმუხაძე, გიორგაძე, ნადირაძე, (1-8) გაგნიძე (ხატიაშვილი 45), მამრიკიშვილი (ი. სვანიძე 45), ოქრიაშვილი (ჯინჭარაძე 62), გოგოლაძე, მჭედლიშვილი, შენგელია, ტუჩაშვილი, სუხაშვილი (მოგელაშვილი 58).
6ს: გიორგაძე
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული