სარაგბო ჩემპიონატის პირველი ეტაპი "ლელოსია"

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი გასულ უქმეებზე დასრულდა.

სამწუხაროდ, ორი მატჩი დასავლეთ საქართველოში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სამომავლოდ გადაიდო, რის გამოც სატურნირო ცხრილი ძალთა სრულყოფილ განლაგებას ვერ ასახავს.

მიუხედავად ამისა, მოწინავე სამეულის, უფრო სწორად კი, ოთხეულის ვინაობა, რომლებიც, სავარაუდოდ, მედლების მოპოვების რეალური კანდიდატები არიან, გარკვეულია.

ესენია: თბილისის "ლელო", "არმია", თბილისის "ლოკომოტივი" და ქუთაისის "აია". გათამაშებას სათავეში მოქმედი ჩემპიონი "ლელო" უდგას, რაც სავსებით ლოგიკურია.

ლელოელების სტარტი მარცხიანი გამოდგა. ჩემპიონებმა პირველივე ტურში ბოლნისის "ყოჩებთან" წააგეს - გუნდთან, რომელიც ბოლო წლებში აუტსაიდერი იყო
და წლეულს ისევ ძველებურად მოღონიერდა.

ამ "ალიყურმა" "ლელო" გამოაფხიზლა, მორაგბეები ციდან მიწაზე დაეშვნენ და შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხვეს. შედეგად, გუნდი სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა და ლიდერობა წლის ბოლომდე შეინარჩუნა.

საგულისხმოა, რომ "ლელომ" ეს შედეგი მისი ერთ-ერთი წამყვანი მორაგბის, საქართველოს ნაკრების მგეზავის, ლაშა ხმალაძის არყოფნაში აჩვენა. ის დაშავებული იყო და გუნდს მხოლოდ ნოემბრის დასაწყისში შეუერთდა.

ასეთი სერიოზული დანაკლისის მიუხედავად, "ლელოს" სხვა ლიდერებმა: გიორგი კაჭარავამ, სანდრო ქოიავამ, ირაკლი ყიასაშვილმა, რეზო ბელქანიამ და სხვებმა, მაქსიმუმი გაიღეს, რათა გუნდის რენომე შეენარჩუნებინათ. წლეულს გაცილებით უკეთ გამოიყურება საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, ვიქტორ კოლელიშვილის ძმა, ბაჩანა კოლელიშვილი.

ერთი სიტყვით, ნათლად ჩანს, რომ გუნდს რეალურად აქვს საკმარისი პოტენციალი საიმისოდ, რათა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნოს. ვფიქრობთ, ამაში ყველაზე მეტად "ლელოს" ხელს ისევ "არმია" შეუშლის, რომელიც მას სამი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა.

არმიელებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი ადამიანური რესურსი გააჩნიათ და სეზონის წინაც შესანიშნავად მოემზადნენ, წარუმატებელი სტარტი აიღეს. დიდი ხნის განმავლობაში ნიკო ჭავჭავაძის სამწყსო სატურნირო ცხრილის შუაწელში იმყოფებოდა. ამას ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: გუნდში ტრავმების ეპიდემიაა.

მოგვიანებით "არმიას" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდა და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის მიწურულს ძველებურად, მძლავრად ამოქმედდა. ზედიზედ რამდენიმე ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ არმიელები სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე დამკვიდრდნენ.

მეორე ეტაპისთვის გუნდს სხვა ტრავმირებული მოთამაშეებიც შეუერთდებიან. რუმინეთიდან მგეზავი მამუკა ნინიძეც დაბრუნდება და "არმია" ისევ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ქუთაისის "აიას" ამჟამად სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უჭირავს. თუმცა პოტენციურად ის მესამე ადგილზეა, რადგან ერთი თამაში შინ აუტსაიდერ "ბათუმთან" თადარიგში აქვს. ქუთათურები წლეულს პირველად ატარებენ სეზონს ბესიკ ხამაშურიძის გარეშე. "ანტილოპამ" მენისკის ოპერაცია გაიკეთა, თამაშს თავი დაანება და მთლიანად მწვრთნელობაზე გადაერთო.

სასიხარულოა, რომ მისი "წასვლა" გუნდს დიდად არ დასტყობია. მიუხედავად იმისა, რომ "აიამ" სეზონის წინ რამდენიმე წამყვანი მორკინალი დაკარგა, სიმძლავრეს მაინც ინარჩუნებს. საგრძნობლად მოღონიერდა და საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს ქუთაისელთა უკანა ხაზს, რომლის ძირითად ბირთვს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მოთამაშეები შეადგენენ. ზურაბ ძნელაძე, გიორგი ფრუიძე, რეზო ჯინჭველაშვილი, თემურ თუთბერიძე, ბადრი დანგაძე და სხვები არა მარტო ქუთაისური, არამედ ქართული რაგბის ხვალინდელი დღეა.

აღსანიშნავია, რომ "აიას" უწყვეტი შევსება აქვს. ჭაბუკთა A და B ლიგებში ოთხ-ოთხი გუნდით გამოდის და მუდმივად ლიდერებშია.

ცხადია, ყოველივე ამის გათავალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ სეზონის ბოლოს ქუთათურები ჩემპიონობის რეალური კანდიდატები იქნებიან.

ასევე ფავორიტია ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი". რკინიგზელთა გუნდი სეზონის დაწყების წინ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. თუმცა კლუბის ცხოვრებაში შესანიშნავი ფაქტიც მოხდა:

"ლოკომოტივის" დაფინანსება ისევ რკინიგზის დეპარტამენტმა ითავა. ეს გუნდი ოდესღაც სწორედ ამ ორგანიზაციაში დაარსდა და ახლა, ძნელბედობის ჟამს მშველელად სწორედ ის მოევლინა.

თემურ ბენდიაშვილმა პატარა სასწაული მოახდინა. გუნდის ძირითადი შემადგენლობის უმრავლესობა უცნობი მოთამაშეები არიან. რამდენიმე მათგანი სულაც დებიუტანტია, მაგრამ რკინიგზელთა თამაშს ეს არ ეტყობა.

აღსანიშნავია, რომ რადიკალურად შეიცვალა "ლოკომოტივის" თამაშის სტილიც. თუ ორიოდე წლის წინათ გუნდი წარმატებას მძლავრი და მოძრავი შერკინებით აღწევდა, ახლა უკანა ხაზიც შესანიშნავად ირჯება და ხელდახელ, საკმაოდ მწვავე იერიშებს ახორციელებს.

წლეულს საგრძნობლად გამოკეთდა ბოლნისის "ყოჩები". ამ გუნდის პატრონობა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ითავა.

შედეგად, "ყოჩებს" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდა. გუნდის მამოძრავებელი ძალა მგეზავის, თემურ სოხაძისა და ცხრა ნომრის, გიორგი ბეგაძის დუეტია. ბეგაძე "ბორჯღალოსანია", სოხაძეს ეროვნულ გუნდში 2007 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. ვფიქრობთ, დროა, ნაკრების თავკაცებმა მას ისევ მიაპყრონ მზერა.

პლეი ოფში მოხვედრისთვის და, შესაბამისად, მედლებისთვის იბრძოლებს თბილისის "არმაზი".

პირველი ეტაპის შემდეგ არამაზელებს შვიდი მოგება და ოთხი წაგება დაუგროვდათ. მათ ერთი თამაში სტუმრად "ბათუმთან" თადარიგში აქვთ. ეს გუნდი თითქმის ყველა რგოლში თანაბრადაა დაკომპლექტებული და მისგან კიდევ უფრო მეტს ველით.

თბილისის "ჯიქებზე" არაერთხელ გვითქვამს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული და მებრძოლი გუნდია. მისი პრობლემა, ვფიქრობთ, სწორედ მოთამაშეთა ახალგაზრდული ასაკი და გამოცდილი მორაგბეების უკმარისობაა.

"ჯიქებს" აშკარად აკლია ისეთი ლიდერები, რომლებიც კრიტიკულ მომენტში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და გუნდს გამარჯვებისკენ გზას გაუკაფავენ.

ჩემპიონატის მსვლელობისას გამოიკვეთა სამი აუტსაიდერი. მართალია, "ბათუმი", რომელსაც ორი თამაში თადარიგში აქვს, ბოლო ადგილზეა, მაგრამ მეორე წრეში მისი გაძლიერების თაობაზე ცოტა დაუჯერებელი ჭორები დადის. ამბობენ, რომ "ბათუმის" ხელმძღვანელებს რამდენიმე ფრანგი ლეგიონერის მიწვევა სურთ.

ამის საშუალება მის კონკურენტებს, თბილისის "აკადემიას" და რუსთავის "ხარებს" არ გააჩნიათ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, ბოლომდე თავდადებით იბრძოლებენ, რათა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნონ.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 12 9 0 3 +171 44
2. არმია 12 8 1 3 +142 41
3. ლოკომოტივი 12 9 0 3 +72 40
4. აია 11 8 0 3 +77 36
5. ყოჩები 12 7 1 4 +35 34
6. არმაზი 11 7 0 4 -13 30
7. ჯიქები 12 5 2 5 +54 30
8. აკადემია 12 1 0 11 -178 8
9. ხარები 12 1 0 11 -172 7
10. ბათუმი 10 1 0 9 -188 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული