"ჯიქი" გორთან მეორე წელიწადია, რაც დაკავშირებულია. ქალაქის და კლუბის ურთიერთობა ორმხრივ ინიციატივაზე დაფუძნდა.
ქალაქის მერიაც თავიდანვე მონდომებით ჩაერთო "ჯიქის" თანადგომის საქმეში, მაგრამ შარშან თუ უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის გამო კლუბისთვის მატერიალური მხარდაჭერა ვეღარ მოხერხდა, წლეულს უკვე ველოდით, რომ გორის ბიუჯეტში დიდი რაგბისთვისაც გამოჩნდებოდა გარკვეული თანხა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
ამასობაში გორში ბრწყინვალე სარაგბო ბაზა
მატერიალური თანადგომა ჯერ არ ჩანს, თუმცა ორივე მხარე იმედოვნებს, რომ საქმე უკეთესობისკენ შეიცვლება.
"ჩვენი სარაგბო კლუბის მატერიალური მხარდაჭერის სურვილი დიდია, მაგრამ ფინანსურად ჩანს, რომ ეს ჯერ არ ძალგვიძს. შარშან "ჯიქს" სპორტული ფორმა გადავეცით, წლეულს შეკრება მოვუწყვეთ გორში. ამ ეტაპზე ესაა, რასაც ვახერხებთ.
ვნახოთ, მომავალში როგორ წავა საქმე. რაგბის განვითარება, რასაკვირველია გვინდა. მოგეხსენებათ, სასპორტო სკოლაში უმცროსი ასაკის მოკრივეთა გუნდსაც ვპატრონობთ, გორის "ჯიქსაც" რის საშუალებაც იქნება, გვერდით დავუდგებით" - გვითხრა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.
გორის და "ჯიქის" ურთიერთობაზე, კლუბის სათამაშო და სტრატეგიულ პერსპექტივაზე ვესაუბრეთ "ჯიქის" მთავარ მწვრთნელს პალიკო ჯიმშელაძეს და კლუბის პრეზიდენტს სოსო მაისურაძეს.
პალიკო ჯიმშელაძე:
- "ჯიქი" გორის გუნდი გასული სეზონის მეორე ნახევრიდან გახდა. შარშან ფორმა გადმოგვცეს. წლეულს იანვარში შეკრება მოგვიწყვეს გორში ახალ სტადიონზე. იქ ვიგრძენით მათი დიდი ყურადღება. უზრუნველგვყვეს სასტუმროთი, სავარჯიშო და ტრენაჟორების დარბაზებით.
- სტადიონი როგორ მოგეწონათ?
- "საქველმოქმედო ქართუს" მიერ აგებული ყველა სტადიონი მინახავს - ისინიც მშვენიერია, მაგრამ როგორც ვაკვირდებით, ყოველი მომდევნო სტადიონი უწინდელზე კიდევ უკეთესი და დახვეწილი გამოდის. ბალახის საფარი, რაც გორში ვნახეთ, მართალია ჯერ ნიადაგთან შერწყმის პროცესი დასასრულებელია, მაგრამ უკვე ჩანს, რომ საუკეთესოა.
- ამჟამად სად ვარჯიშობთ და ატარებთ საშინაო მატჩებს?
- "ავჭალის სარაგბო სტადიონზე".
- ჩემპიონატში "ჯიქის" გამოსვლას როგორ შეაფასებთ. იყავით ლიდერებიც, რეგულარული გათამაშება კი მესამე ადგილზე დაასრულეთ...
- სეზონის წინ ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ, დაგვემატა შერკინების მწვრთნელი ზაზა ლეჟავა, რაც გუნდს ძალიან წაადგა. ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ სათამაშო სტილი და უფრო უკეთესი რაგბი ვითამაშოთ.
კარგად დაწყებულ ჩემპიონატში შვიდი ტურის მანძილზე პირველ ადგილზეც ვიყავით, მაგრამ იანვარში "ლელოსთან" და "ლოკომოტივთან" მარცხმა (პირველ წრეში ორივე ამ გუნდს ვძლიეთ) ცოტა უკან დაგვწია, თუმცა ტრაგედია არ მომხდარა. ჩვენი გამარჯვების დროც დადგება. ამჯერად კი მესამე ადგილიც არაა ურიგო შედეგი. ახლა პლეი ოფში "აიასთანაც" გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
- გორის სტადიონზე როდიდან ითამაშებთ?
- მინდვრის სრულ მზადყოფნაში ჩადგომას გარკვეული დრო სჭირდება. როცა ეს მოხდება, საშინაო მატჩებს სწორედ გორში გავმართავთ. მოთამაშეები ახლაც გვყავს გორიდან და, იმედია, რომ მომავალში შევსებასაც მივიღებთ აქ მოქმედი ბავშვთა გუნდებიდან.
გორი, ალბათ, ყველაზე სპორტული ქალაქია საქართველოში და მჯერა, რომ რაგბისაც დიდი პერსპექტივა აქვს.
სოსო მაისურაძე
- რატომ გინდოდათ, რომ "ჯიქი" გორის გუნდი გამხდარიყო?
- იმ დაფინანსების გარდა, რაც სახელმწიფოსგან მოდის, თითქმის ყველა უმაღლესლიგელი გუნდი მუნიციპალური, ან კერძო სპონსორისგანაც ფინანსდება. მაგალითად, ბათუმის, რუსთავის, ბოლნისის გუნდებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისგან მხარდაჭერა აქვთ. "ლოკომოტივს" რკინიგზა უდგას მხარში, "ლელოს" კერძო სპონსორები ჰყავს. ჩვენ არავითარი სხვა ფინანსური დამხმარე გარდა იმისა, რაც სახელმწიფოსგან ყველა გუნდს თანაბრად აქვს განაწილებული, არ გვაქვს.
ეს, ცხადია, სხვებთან შედარებით ნაკლებად კონკურენტუნარიან მდგომარეობაში გვაყენებს. ასე მოთამაშეების შენარჩუნება გაჭირდება, რადგან სხვა კლუბი ცალკეულ მორაგბეს მეტ მატერიალურ კეთილდღეობას ჰპირდება. ამასთან, გორში ძალიან კარგი სარაგბო ინფრასტრუქტურა აშენდა და ეს ფაქტორიც ჩვენთვის თავიდანვე მომხიბლავი იყო.
ამასთან ერთად, გორი ხომ ჭიდაობის "მექაა", რაგბიში კი ადრეც ბევრი მოჭიდავე მოსულა და შესანიშნავი კარიერა აუწყვია, მაგალითად პალიკო ჯიმშელაძე და ლევან ცაბაძე.
იმედი მაქვს, გორში არსებული ამოუწურავი ადამიანური რესურსი, რაც ამ ქალაქის სპორტული შესაძლებლობებით გამორჩეულ ახალგაზრდობას აქვს, სამომავლოდ "ჯიქში" წარმატებით მოახდენს რეალიზაციას.
- ახლანდელი დამოკიდებულება და თანადგომა გორის მერიიდან დამაკმაყოფილებელია თქვენთვის?
- ვიცი, რომ ქალაქის მერს, ზურაბ ჯირკველიშვილს აქვს ჩვენი მხარდაჭერის სურვილი, მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა წლევანდელ ბიუჯეტში თანხის გამოყოფა. არადა, ჩვენ ვითხოვდით თვეში სულ რაღაც 20 ათასამდე ლარს. დამეთანხმებით, რომ აღნიშნული თანხა დიდი არაა, თუმცა შემადგენელობის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად წაგვადგებოდა.
- თანაც საუბარია გუნდზე, რომელიც უმაღლესი ლიგის ლიდერთა შორისაა...
- დიახ, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დავიმკვიდრეთ ადგილი ქართულ სარაგბო კლუბებს შორის. "ჯიქი" 2004 წლიდან არსებობს. გავზარდეთ პატარა მორაგბეები და მათთან ერთად გავიარეთ ყველა ასაკობრივი პირველობები. შემდეგ "ბ" და "ა" ლიგა. მეოთხე სეზონია, რაც უმაღლეს ლიგაში ვართ და თანაც ლიდერებს შორის.
ბოლო ხანს გარკვეული ცვლილებები მოხდა გორში, შეიცვალა რეგიონის გუბერნატორი, საკრებულო. ახლა ვფიქრობ, საკითხს ყველა უფრო რაციონალურად მივუდგებით და ქალაქში რაგბის განვითარებისთვის ერთად გადავდგამთ ნაბიჯებს.
გორის სარაგბო სტადიონზე საშინაო მატჩების გამართვით სერიოზულ წვლილს შევიტანთ ქალაქში რაგბის განვითარების საქმეში. ბაზა დაიტვირთება, მოვიზიდავთ მაყურებელს, რაგბიზე ვარჯიშის მოსურნე პატარა სპორტსმენებს. ვფიქრობ, ეს ყველასათვის საშური საქმეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"