დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები

AutoSharing Option
დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. გუნდებმა ახალი სეზონისთვის შემადგენლობები უკვე დააკომპლექტეს და მზადების დასკვნით ეტაპს გადიან.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 40-მდე გადასვლა განხორციელდა, რაც 2,5-ჯერ ნაკლებია შარშანდელი ტრანსფერების რაოდენობაზე.

სამშობლოში დაბრუნდა 5 ლეგიონერი. ყველაზე მეტი - 8-8 მოთამაშე დაკარგეს გორის "ჯიქმა" და თბილისის "არმიამ". მხოლოდ თითო-თითო მოთამაშემ დატოვა თბილისის "ლელო-სარასენსი" და "ბათუმი". ყველაზე მეტი - 6 მოთამაშე დაიმატა "ბათუმმა", ხოლო რუსთავის "ხარებმა" ყველაზე ცოტა - 1.

გაგაცნობთ ყველა მნიშვნელოვან ქართულ ტრანსფერს, გასულ სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით:

"ლოკომოტივი" (თბილისი)
: ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" ფინანსური პრობლემების მოგვარების შემთხვევაში ორ ფრონტზე იბრძოლებს - დიდ 10-ში და "კონტინენტის ფარზე", ამას კი გრძელი სათადარიგოთა სკამი სჭირდება. გუნდი დატოვა ოთხმა მოთამაშემ - დავით ხიდეშელმა, საბა ნიკოლავამ, კოტე მარჯანიშვილმა და გიორგი კაკაურიძემ. მათ ნაცვლად "რკინიგზელებმა" ასევე ოთხი მორაგბე დაიმატეს - მოშვიდკაცეები ზურაბ ძნელაძე და იოანე ხელაია, ასევე, ლევან ჭავჭავაძე და ბაჩო მაჭარაშვილი. ძნელაძე გასულ სეზონში საუკეთესო მელელოვეთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა (17 ლელო) და მხოლოდ "ლოკომოტიველ" გიორგი შკინინს ჩამორჩა (23 ლელო).

"აია" (ქუთაისი): ორმა მორაგბემ დატოვა და სამი დაიმატა ფინალისტმა ქუთაისის "აიამ". ერთ-ერთი წასული ზემოთ ნახსენები ზურაბ ძნელაძეა, რომელიც ჩემპიონს შეუერთდა, ხოლო მეორე ჟორა მღებრიშვილია. სანაცვლოდ გუნდმა "აკადემიიდან" დაიმატა მეორეხაზელი თორნიკე ზოიძე, რუსთავის "ხარებიდან" რევაზ წიკლაური, ასევე, საფრანგეთიდან დაბრუნებული ბურჯი ლევან შენგელია. ტრადიციულად, "აია" შევსებას მიიღებს ახალგაზრდული გუნდებიდანაც.

"ჯიქი" (გორი): 2016/17 წლების ჩემპიონი გორის "ჯიქი" გასულ სეზონში მესამე ადგილს დასჯერდა - შესარჩევ ფინალში მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა. გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, უწინარესად, სამწვრთნელო შტაბში. პალიკო ჯიმშელაძის ნაცვლად, მთავარ მწვრთნელად ფრანგი ოლივიე საოში დაინიშნა, რომელსაც "ბორჯღალოსანი", ახლო წარსულში "ორიაკის" მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი დაეხმარება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულ კლუბში მთავარ მწვრთნელად ფრანგი სპეციალისტი იმუშავებს. "ბათუმში" გადავიდა მგეზავი მამუკა ნინიძე, რომელიც გასულ სეზონში საუკეთესო მექულე იყო (161 ქულა). "ლელო-სარასენსში" დაბრუნდა "ბორჯღალოსანი" კვაჭი გიორგი ჭყოიძე. იქვე წავიდა დიდი 10-ის ერთ-ერთი საუკეთესო მბოჭავი რევაზ ჯინჯიხაძე. "ჯიქი" დატოვეს მიხეილ ალანიამ, რეზი ბროძელმა, ბაჩო მაჭარაშვილმა, ოთარ ქარჩავამ და ირაკლი ქორიძემ. მათ ნაცვლად გორელებმა კვაჭი დავით ხიდეშელი, ნიკა ჩხიკვაძე და გიორგი კაკაურიძე დაიმატეს.

"ბათუმი": მნიშვნელოვანი შევსება მიიღო "ბათუმმა", რომლიდანაც თავის ყოფილ კლუბ "არმიას" დაუბრუნდა ბახვა კობახიძე. ის გასულ სეზონში 121 ქულით საუკეთესო მექულეთა დავაში მეოთხე იყო. მის ნაცვლად ზღვისპირელებმა გორის "ჯიქიდან" საუკეთესო მექულე მამუკა ნინიძე მიიყვანეს. მათ ასევე დაემატნენ "ბორჯღალოსნები" სანდრო თოდუა, ანზორ სიჭინავა და ვაჟა ხუციშვილი. "ბათუმში" ითამაშებს საფრანგეთიდან დაბრუნებული საბა შუბითიძე და რუსეთიდან დაბრუნებული მიხეილ წიკლაური.

"ლელო-სარასენსი" (თბილისი): სანდრო თოდუა ერთადერთია, რომელმაც თბილისის "ლელო-სარასენსი" დატოვა და სანაცვლოდ დიდდიღმელებმა მნიშვნელოვანი შევსება მიიღეს. გუნდს თბილისის "აკადემიიდან" შეუერთდა "ბორჯღალოსანი" სოსო მათიაშვილი, გორის "ჯიქიდან" კი ასევე "ბორჯღალოსანი" გიორგი ჭყოიძე დაუბრუნდა. "ლელო-სარასენსში" ითამაშებენ შუამარბი რევაზ ჯინჯიხაძე, მოშვიდკაცე მესამეხაზელი ნიკო აფციაური და ერეკლე კამლაძე.

"ხარები" (რუსთავი): სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე ნაკლებად რუსთავის "ხარებმა" იაქტიურა. გუნდი მხოლოდ ორმა მოთამაშემ დატოვა - ვაჟა ხუციშვილმა და რევაზ წიკლაურმა. რუმინეთიდან მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა "ბორჯღალოსანი" კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი, რომელსაც ზურგს ტოპ 14-ის გამოცდილება უმაგრებს - "ბრივში", "კლერმონსა" და "ტულონში" უთამაშია.

"აკადემია" (თბილისი): რთულ სიტუაციაშია თბილისის "აკადემია", რომელსაც გაძლიერების იმედი მხოლოდ საკუთარი აღზრდილების ხარჯზე თუ ექნება. „მხატვრებს“ სხვა კლუბიდან არავინ აუყვანიათ, სამაგიეროდ, დაკარგეს ერთბაშად ოთხი ლიდერი - "ბორჯღალოსნები" სოსო მათიაშვილი და ანზორ სიჭინავა, ასევე, იოანე ხელაია და თორნიკე ზოიძე.

"არმაზი" (მარნეული): მნიშვნელოვანი შევსება მიიღო მარნეულის "არმაზმა". გუნდმა გასული სეზონის შემადგენლობა თითქმის სრულად შეინარჩუნა (დატოვა ბექა გუგეშაშვილმა), დაიმატა ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი, რომელსაც "ბორჯღალოსნების" კვართით 4-ჯერ უთამაშია, სამი წლის განმავლობაში საფრანგეთში, პრო დე2-ში "ორიაკის" ღირსებას იცავდა და წელს რამდენიმე თვე სუპერრაგბის იაპონურ ფრანჩიზში, "სანვულვზში" გაატარა. გარდა ამისა, მარნეულელებმა დაიმატეს "უმცროსი ბორჯღალოსნები" მიხეილ ალანია, კოტე მარჯანიშვილი და გიორგი მიქანაძე.

"არმია" (თბილისი): ახალ სეზონს მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება თბილისის "არმია", რომელსაც გასული სეზონის მსვლელობისას ფინანსური პრობლემები ჰქონდა. გუნდი დატოვეს ნიკო აფციაურმა, მიხეილ ზურიკაშვილმა, ერეკლე კამლაძემ, გიორგი მიქანაძემ, ნიკა ჩხიკვაძემ და ლევან ჭავჭავაძემ. გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა "ბორჯღალოსანი" ლევან ცაბაძე, რომელსაც დავით გურგენიძე და ლაშა ბაირამაშვილი დაეხმარებიან. გუნდში დაბრუნდა მისი რამდენიმე მოთამაშე. ახალ სეზონში "არმიელთა" ღირსებას დაიცავენ ბახვა კობახიძე, საბა ნიკოლავა, ბექა გუგეშაშვილი და ირაკლი ქორიძე.

"ვეფხვები" (პატარძეული): მომავალ სეზონს დიდი 10 ერთი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება: გასულ სეზონში პირველი ლიგა მოიგო და ელიტაში დაწინაურდა კახეთის წარმომადგენელი, პატარძეულის "ვეფხვები". მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლის აღწერით, ამ სოფლის მოსახლეობა 3 ათასს არ აღემატება. ახალი სეზონისთვის გუნდმა "ჯიქიდან" დაიმატა რეზი ბროძელი და ოთარ ქარჩავა, "აიადან" - ჟორა მღებრიშვილი და "არმიადან" - მიხეილ ზურიკაშვილი.

დიდი 10-ის ახალი სეზონი 31 აგვისტოს იწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოგვეცით საშვალება ქართველ ხალხს მივიღოთ ბედნიერება და დავტკბეთ ქართული კლუბების თამაშით კონტინენტის ფარზე.
KING
15:49 16-08-2018
0
ნამდვილად კარგი იდეააა!!! თუ სახელმწიფო და ბიზნესს არ შეუძლია დაეხმაროს ჩვენს საყვარელ ქართულ რაგბს, იქნება რეგბის ქომაგებმა შევძლოთ დავეხმაროთ და ეს ბიჭები ვათამაშოთ კონტინენტის ფარზე. რამდენი სჭირდებათ და რეკვიზიტები დაგვიწერეთ, ვისაც რამდენით შეგვიძლია იმდენით დავეხმარებით ჩვენს რაინდებს!!! და მათ კიდევ ვისაც ეკუთვნის და შეუძლიათ მართლა დახმარება, ამის სურვილს, მონდომებას ან ფულის დაკარგვის შიშით ამას არაკეთებენ დატკბნენ ქართველი ხალხის ერთმანეთის გვერდში დგომის სიამოვნებით!!!
mitro
14:17 16-08-2018
0

სიახლეები პოპულარული