დიდი 10. II ტურის წინ: ბრძოლა დაიწყო, ბრძოლა გრძელდება

AutoSharing Option
10 და 11 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება.

მიმდინარე გათამაშების სტარტი საინტერესო გამოდგა. როგორც ჩანს, ქართული კლუბები სერიოზულად მოემზადნენ მომავალი ბატალიებისთვის და თამაშის ხარისხიც პირველივე ტურში საკმაოდ მაღალი იყო. გათამაშებას ხუთ-ხუთი ქულით ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "ლელო" და გორის "ჯიქი" ლიდერობენ.

მეორე ტურში, "ჯიქი" გორში, ახალაშენებულ რაგბის სტადიონზე თბილისის "აკადემიას" დაუხვდება. ეს პირველი ოფიციალური თამაშია "ჯიქის" მონაწილეობით, რომელსაც გორის ახალი სარაგბო არენა უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ სტადიონის მშენებლობა წლეულს, გაზაფხულის მიწურულს დასრულდა, მაგრამ მთავარ არენაზე ბალახის საფრის ნიადაგთან შერწყმის პროცესი
ჯერ არ დასრულებულიყო და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გორული კლუბის საშინაო მატჩების ჩატარება ვეღარ მოხერხდა.

ამასთან ერთად, მოსაგვარებელი გახლდათ გარკვეული დეტალებიც "ჯიქისთვის" გორისა (სათამაშოდ და სავარჯიშოდ) და "ავჭალის სტადიონების" (სავარჯიშოდ) იჯარასთან დაკავშირებით, რომელიც გორის მერიას უნდა მოეგვარებინა. "ჯიქის" პრეზიდენტმა სოსო მაისურაძემ გვითხრა, მერიამ საკითხი გუნდისთვის სასიკეთოდ გადაჭრა და "ჯიქიც" ამიერიდან საშინაო შეხვედრებს გორის სტადიონზე გამართავს.
"აკადემიამ" თავის მხრივ შესანიშნავად ითამაშა პირველ ტურში და "არმიას", რომელმაც საკმაოდ სერიოზულ შემადგენლობას მოუყარა თავი, დამაჯერებლად სძლია. შესაბამისად, "ჯიქისა" და აკადემიელების დაპირისპირება საინტერესო სანახაობა უნდა გამოდგეს რაგბის გორელი ქომაგებისთვის.

"ლელო" კი, პირველ მატჩს გამართავს თბილისში "არმაზთან". ლელოელებმა ერთი კვირის წინათ მძიმე ბრძოლა გადაიტანეს სტუმრად გათამაშების დებიუტანტ ქუთაისის "ბაგრატთან", თუმცა საპრემიო ქულით მოგება მაინც მოახერხეს.

ქვეყნის ჩემპიონმა მაღალ დონეზე მხოლოდ პირველი ტაიმის თამაში შეძლო. შესვენების შემდეგ კი, ძალიან გაუჭირდა. ახლა მისი მეტოქე "არმაზია", რომელიც შარშან დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა და ახლაც, სტარტი წარუმატებლად აიღო. არმაზელებმა "ლოკომოტივთან" დათმეს შეხვედრა - 7:25. ცხადია, ისინი, ფავორიტებად არც "ლელოსთან" ითვლებიან, მაგრამ ეს გუნდი ბრძოლისუნარიანობით ყოველთვის გამოირჩეოდა და გამორიცხული არ არის სიურპრიზიც შემოგვთავაზოს.

"ლელოს" ჩემპიონის რენომეს შესანარჩუნებლად, სავარაუდოდ, საკმაოდ სერიოზული გარჯა მოუწევს. შესაბამისად, "ლელო არენაზე" მძაფრი ბრძოლის მოლოდინი უნდა გვქონდეს.

შარშანდელი ფინალისტი თბილისის "ლოკომოტივი" "არმიას" დაუპირისპირდება. რკინიგზელებმა, როგორც უკვე ვთქვით, ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს. ცხადია, არც ამჯერად დააკლებენ რამეს გამარჯვების მისაღწევად, მაგრამ მეტოქეს პირველი მატჩი წაგებული აქვს. გამარჯვება არანაკლებ სწყურია და საამისოდ ყველაფერს იღონებს.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე "ლოკომოტივი" უფრო დალაგებული, აწყობილი მექანიზმის მქონე გუნდია. "არმიაში" მორაგბეთა დიდი რაოდენობის წასვლა და ახლების დამატება შეთამაშების პრობლემას ქმნის, რაც გუნდს პირველი ტურის მატჩში აშკარად ეტყობოდა.
საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი კიდევ ორ შეხვედრაში, რომლებშიც ქუთაისური კლუბები ითამაშებენ. "აიამ" შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "ბათუმი", რომელსაც ზედიზედ მეორედ მოუწევს ქუთაისში სტუმრობა და "ბაგრატთან" დაპირისპირება. "აია" კი, გეზს თბილისისკენ აიღებს და ბოლნისის "ყოჩებთან" მოსინჯავს ძალებს, რომელიც პირველ ტურში თავის თავს არ ჰგავდა.

დიდი 10. II ტური
ბაგრატი-ბათუმი
ყოჩები-აია
ჯიქი-აკადემია
ლოკომოტივი-არმია
ლელო-არმაზი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ჯიქი 1 1 0 0 +19 5 1
2. ლელო 1 1 0 0 +6 5 1
3. ლოკომოტივი 1 1 0 0 +18 4 0
4. აკადემია 1 1 0 0 +18 4 0
5. აია 1 1 0 0 +7 4 0
6. ბაგრატი 1 0 0 1 -6 1 1
7. ბათუმი 1 0 0 1 -7 1 1
8. ყოჩები 1 0 0 1 -18 0 0
9. არმაზი 1 0 0 1 -18 0 0
10. არმია 1 0 0 1 -19 0 0

ვასილ ბალახაძე
ბესიკ ჯანგავაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გორში ისტორიული დღეა! პირველად გორში ითამაშებს გორის გუნდი "ჯიები"! გორელ ჯანიან ახალგაზრდებს ღირსეული სარბიელი გაეხსნათ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევათ! მივდივარ და ყველას ვუძახი "წამოდით!", მხარი დავუჭიროთ გორს და "ჯიქებს"!
გორის ჩემპიონი
11:09 10-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული