რუსები: "ბორჯღალოსნებს" უსიამოვნო სიურპრიზი უნდა მოვუწყოთ!

AutoSharing Option
საქართველო-რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის, ერთა თასის ხვალინდელი მატჩისადმი რუსეთში მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იჩენენ, ან – არ უნდათ რომ გამოიჩინონ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მეზობლების სპორტულ ინტერნეტსივრცეში ამ შეხვედრაზე გაკვრით, აქა-იქ თუ შეხვდებით რამეს.

მომავალ მატჩზე ჩვენი მეტოქეების გამონათქვამებს საიტ sports.ru-ზე მაინც მივაგენით, სადაც რუსეთის ნაკრების მორაგბის, ალექსანდრე ვოიტოვისა და ნაკრების კაპიტნის, ვლადისლავ კორშუნოვის მატჩისწინა კომენტარებს მივაგენით, რასაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ.


***
ყველას მოგესალმებით! შაბათს საქართველოს ვეთამაშებით, რომელთანაც უკვე 18 წელია არ მოგვიგია (რედ: რუსეთის ნაკრებმა "ბორჯღალოსანთა დამარცხება მხოლოდ ერთხელ, 1993
წელს შეძლო). ძალიან კი გვინდა ამ წარუმატებელი სერიის შეწყვეტა, თუმცა მეტოქე დღეს, როგორც არასდროს, წარმოუდგენლად ძლიერია. მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალს არ ვყრით - პირიქით, ვეცდებით მრისხანე მეტოქეს უსიამოვნო სიურპრიზი მოვუწყოთ.

ალექსანდრე ვოიტოვი: საქართველო ძლიერია, თუმცა არც ჩვენ ვიჯექით გულხელდაკრეფილნი. ტყუილად ხომ არ ვიკლავდით თავს ვარჯიშით? მართალია, ჯერ შედეგებით ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ამის გამო ყურებს ხომ არ ჩამოვყრით? სოჭში თავს არ დავზოგავთ.

ქართველების ორი მთავარი ძალა თავდასხმა და შერკინებაა და ჩვენმა მცველებმა მომხვდურებს აგრესიული ბრძოლა უნდა გაუჩაღონ. მართალია, საქართველოს ნაკრები ლეგიონერებმა გააძლიერეს, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ მათი გუნდი ექვსი ერის თასის დონემდე განვითარდა.

მთავარია, ჩვენმა ბიჭებმა საკუთარი თამაში ითამაშონ. ძალა და სურვილი გვაქვს, მაგრამ მოედანზე ორგანიზებულობა გვაკლია.

ვლადისლავ კორშუნოვი (კაპიტანი): საქართველოსთან სხვაგვარად უნდა ვითამაშოთ. დაცვაში არ უნდა ჩავიკეტოთ, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და არ უნდა შეგვეშინდეს ბურთისთვის მეტოქის ნახევარზე ბრძოლა. ჩვენი წარმატების გასაღები კი - კონტრშეტევაშია. საკუთარ 40 მეტრში დიდხანს ფიქრი და დაყოვნება არ გამოგვადგება - ბურთი აუტში ან წინ უნდა მოვიგერიოთ.

დღემდე რის ხარჯზე ამარცხებს საქართველო რუსეთს? ქართველებს ძლიერი შერკინება აქვთ, თავდამსხმელებს ბურთი ჩვენ ზონაში შემოაქვთ, ჩვენ შეცდომებს ვუშვებთ და ამის შემდეგ იწყება მოწოლა, რაშიც ფიზიკურად ძლიერი ქართველები უპირატესობას იღებენ. ჩვენ მეტოქეს იგივე უნდა დავუპირისპიროთ - მათსავე ზონაში თამამად უნდა ვეთამაშოთ."


მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული