რუსებმა ჩვენი მორაგბეები სოჭის აეროპორთში შებოჭეს

AutoSharing Option
ევროპის ერთა თასზე რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან სათამაშოდ 18 მარტს დილით გამგზავრებული საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისი-სოჭის ჩარტერული რეისით სოჭში დროულად ჩაფრინდა, თუმცა ადგილობრივ აეროპორტში საქართველოს დელეგაციას საზღვრის გადაკვეთისას პრობლემები შეუქმნეს. საბაჟო კონტროლზე დიდი ხნით გააჩერეს ნაკრების მწვრთნელები, გაჩხრიკეს და დაკითხეს ქართველი ჟურნალისტები, ეროვნული ნაკრების უკანა ხაზელი - დავით კაჭარავა კი აეროპორტში 2 საათი ჰყავდათ გაჩერებული და სოჭში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

კაჭარავას პრობლემა საბოლოოდ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის - გია ნიჟარაძის და რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის შემდეგ მოგვარდა. აღნიშნული
პრობლემების მიზეზით, საქართველოს ნაკრების მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ჩაიშალა და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი - რიჩი დიქსონი თეორიული მეცადინეობით შემოიფარგლა. გუნდი სასტუმრო "სპარკ ჰოტელში" დაბინავდა.

საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 19 მარტს თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლაცია არ იგეგმება და ქართველი გულშემატკივარი შეხვედრის რადიორეპორჟს "საზოგადოებრივი რადიოსა" და რადიო "აფხაზეთის ხმის" დახმარებით მოისმენს.

დავით კაჭარავა: "შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გაჩერების მიზეზი თავადაც არ იცოდნენ. საბაჟო კონტროლის გავლისას მითხრეს, რომ თქვენთვის რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია, მიზეზს ვერ გეტყვით, კომპიუტერი ასეთ ინფორმაციას წერსო. დანარჩენი დეტალები არ იცოდნენ."

გიორგი ნიჟარაძე: "არაფერს გვეუბნებოდნენ და გვიხსნიდნენ, უბრალოდ ამბობდნენ - დავით კაჭარავა რუსეთის ტერიტორიაზე ვერ შემოვაო. აქ უნდა იჯდეს 2 დღეო. პრობლემის მოსაგვარებლად დავრეკეთ ჩვენს კოლეგებთან რუსეთის რაგბის ფედერაციაში, მოსკოვში რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტ - ვიაჩესლავ კოპიოვთან. მათი დახმარებით მოხერხდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება და ასეთი შემოვლითი გზით მოგვარდა ეს პრობლემა."

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი სოჭიდან
სამინისტროს პრესსამსახური



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული