ვის დაუქნევს თავს მარტინ ჯონსონი

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ინგლისის ეროვნულმა გუნდმა ორი ტესტ მატჩი გამართა. "პომები" ორივეჯერ უელსის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და მხოლდო ერთხელ მოიგეს.

ამ ფაქტმა, ცხადია, ინგლისელ რაგბის ქომაგებსა და სპეციალისტებს ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გაუჩინა. ფაქტია, რომ მარტინ ჯონსონის სამწყსო, ისეთ იშტაზე ვერ არის, როგორზეც წლევანდელი ექვსი ერის გათამაშებისას იყო.

თუმცა, ამ ამბავმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. მსოფლიოს თასის დაწყებამდე თვეზე ნაკლები დარჩა, მაგრამ ეს საკმარისი დროა საიმოსოდ, რომ ჯონსონმა გუნდი ახალ ზელანდიაში საუკეთესო სპორტულ ფორმაში წაიყვანოს. წინა
მსოფლიოს თასის გათამაშებასთან პარალელებს თუ გავავლებთ, "პომებს" იქაც არავინ ელოდა ფინალში, მაგრამ, ფაქტია, რომ გააღწია.

ყველაფერი, კი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული ჯონსონი მსოფლიოს თასისთვის არჩევანს რომელ მორაგბეებზე გააკეთებს. გასულ უქმეებზე გამართულმა შეხვედრამ უელისის ნაკრებთან, მიგვახვედრა, რომ ინგლისელთა თავკაცს ახალ ზელანდიაში წასაყვანი ოცდაათეული უკვე შერჩეული ჰყავს. "პომებს" წინ კიდევ ერთი ტესტ მატჩი ელით ირლანდიის ნაკრებთან და ამის შემდეგ ჯონსონის ნააზრევში კორექტივები მხოლოდ ტრავმებმა შეიძლება შეიტანოს.

ინგლისელთა თავკაცმა გუნდიდან ხუთი მოთამაშე ათი დღის წინათ დაითხოვა. ახლა თავის მწარე ხვედრს კიდევ ათი ელოდება. მათ ვინაობას მხოლოდ 22 აგვისტოს შევიტყობთ. მანამდე კი შეგვიძლია, ჩვენი ვარაუდით, ინგლისელთა თითქმის იდეალური ნაკრები ჩამოვაყალიბოთ, რომელსაც ნებისმიერი ამოცანის წარმატებით გადაჭრა ხელეწიფება.

დავიწყოთ ბოლოდან. როგორც ჩანს, ვეტერან მარკ კუეტოს ფულბეკის პოზიციაზე კონკურენტი არ ჰყავს. თუ გაუმართლებს და არ დაშავდება, ის მეორე მსოფლიოს თასზე ითამაშებს. მისი დუბლიორი, ალბათ დელონ არმითიჯი იქნება, რომელსაც გარემარბადაც შეუძლია თამაში.

ყველაზე დიდი კონკურენცია შუამარბის პოზიციზეა. საკმაოდ კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და, დარწმუნებულნი ვართ, გუნდის შემადგენლობაში ადგილი დაიბევა ახალგაზრდა მანუ ტუილაგიმ. წარმოშობით სამოელ მორაგბეს კარგი შანსი აქვს მთელი ელვარებით გაიბრწყინოს და მსოფლიოს თასის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

მისი პარტნიორობის ყველაზე რეალური კანდიდატია მეთ ბანაჰანი, თუმცა გამორიცხული არაა, მთავარ მოქმედ გმირთა შორის ვიხილოთ ბრიტანეთის სამეფო კარის სიძე მაიკ თინდოლი, შონთაი ჰეპი და რიკი ფლატი.

დიდი მიეთ-მოეთი არ სჭირდება იმის გარკვევას თუ ვინ იქნება "პომების" მგეზავი. ჯონი ვილკინსონი არათუ ინგლისში, მსოფლიოშიც უკონკურენციოდაა, მით უფრო, თავის საუკეთესო ფორმის აღდგენას თუ მოახერხებს. ცნობილია მისი დუბლიორიც, ნაკლებად არაორდინალური, მაგრამ მეტ-ნაკლებად სანდო ტობი ფლუდი. ასეთივე სიტუაციაა გარემარბების პოზიციაზე. კრის ეშტონი და ბენ ფოდენი, დღესდღეობით საქართველოში საუკეთესოები არიან.

პრობლემამ იჩინა თავი ცხრა ნომრის პოზიციზეც. თუ ბენ იანგსმა გამოჯანმრთელება ვერ მოსაწრო, ინგლისის ნაკრებს დენ კერის იმედად მოუწევს დარჩენა.

უელსთან მატჩში მესამე ცხრა ნომერმა რიჩარდ ვაიგელსვორსმა ჯონსონს იმედი გაუცრუა.

პირველ ხაზში მარტინ ჯონსონის დასაყრდენი ვეტერანი ენდრიუ შერიდანია, თუმცა ის ტრავმირებულია. ყველა პროგნოზით ენდრიუ გამოჯანმრთელაბას მოასწრებს, მაგრამ როგორ ფორმაში იქნება სამსოფლიოთასოდ არავინ იცის. მისი შემცვლელი ალექს კორბშიეროა, ამავე პოზიციაზე სავსებით წარმატებით შეუძლია თამაში დენ კოლს.

ბევრად უკეთესი სიტუაციაა შერკინების კვაჭის პოზიციაზე, აქ დილან ჰართლი, სტივ ტომსონი და ლი მეარსი თითქმის თანაბარი კვალიფიკაციის მორაგბეები არიან.
აზრთა სხვადასხვაობას არ იწვევს მეორე ხაზის შემადგენლობა. კორტნი ლოუს, ტომ პელმერს, ლუის დიკონს და საიმონ შოუს ნებისმიერ მეტოქესთან გამკლავება შეუძლიათ. ამ ოთხეულს კონკურენციას სამხრეთაფრიკული წარმოშობის მეორეხაზელი მორის ბოთა უწევდა, მაგრამ, სავარაუდოდ, შინ დარჩენა სწორედ მას მოუწევს.

ინგლისელ ქომაგთა სამწუხაროდ უელსელაბთან პირველ შეხვედრაში ისევ დაშავდა გუნდის ლიდერი და კაპიტანი ლუის მუდი. მას მუხლი ქრონიკულად აწუხებს. ჯონსონი ახალ ზელანდიაში მას ყველა შემთხვეაში იახლებს. მესამე ხაზში მუდისთან ერთად მსოფლიოს თასზე გამგზავრების კარგი შანსი აქვთ, ტომ კროფტს, ნიკ ისთერს, ჯეიმზ ჰესკელს და ტომ ვუდს.

ინგლისი. (სავარაუდო ოცდაათეული)
I ხაზი: ენდრიუ შერიდანი, დენ კოლი, მეთ სტივენსი, ელქს კორბიშერო, დევიდ ვილსონი, დილან ჰარტლი, სტივ თომსონი, ლი მეარსი.
II ხაზი: კორტნი ლოუ, ტომ პელმერი, ლუის დიკონი, საიმონ შოუ.
III ხაზი: ლუის მუდი, ტომ კროფტი, ნიკ ისთერი, ჯეიმზ ჰესკელი, ტომ ვუდი.
N:9: ბენ იანგზი, დენ კერი
N:10: ჯონი ვილკინსონი, ტობი ფლუდი
N:12-13: შოთაი ჰეპი, მაიკ თინდოლი, მანუ ტუილაგი, მეთ ბანაჰანი, რიკი ფლატი.
N:11-14: კრის ეშტონი, ბენ ფოდენი
N:15: მარკ კუეტო, დელონ არმითიჯი

უკვე დაითხოვეს
ჯო ვორსლი, ჯორჯ ჩატერი, ტომას ვალდრომი, დევიდ სტრიტლი, ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი.

სავარაუდოდ დაითხოვენ
მორის ბოთა, პოლ დურან-ჯოუნზი, ჰენრი ფური, ტიმ პაინი, კრის რობშო, ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, კრის შეპლისი, ჯო სიმსპონი, რიჩარდ ვაიგელსვორსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული