არგენტინელი "პუმები"

AutoSharing Option
2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, 2007 წლის მსოფლიო თასის მთავარი სენსაციის შემოქმედი და ბრინჯაოს პრიზიორი არგენტინის ნაკრებია.

სანამ არგენტინული რაგბის ისტორიის შესახებ გიამბობთ, უპრიანი იქნება, გავიხსენოთ ბოლო მსოფლიო თასის პერიპეტიები, რაც საშუალებას მოგვცემს, თვალნათლივ წარმოვიდგინოთ, რა ძალის სარაგბო გუნდთან გვაქვს საქმე.
არგენტინელი "პუმები" საფრანგეთში გამართულ მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზეც საქართველოს ნაკრებთან მოხვდნენ ჯგუფურ ეტაპზე. პირველ ტაიმში "ბორჯღალოსნებმა" მრისხანე მეტოქეს ტოლი არ დაუდეს და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩნენ - 3:6.

სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში თამაში ვეღარ შეძლო შერკინების ბურჯმა დავით ზირაქაშვილმა. მისი არყოფნა ჩვენი მორკინალების თამაშს აშკარად დაეტყო და "პუმებმაც" გაილაღეს. შეხვედრა არგენტინელებმ - 33:3 მოიგეს.

არგენტინამ მერე მსოფლიო თასის მასპინძელი საფრანგეთიც დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეტიც, მეოთხედფინალში შოტლანდიას 19:13 სძლია და საუკეთესო ოთხეულში შეაღწია. ნახევარფინალში "პუმები" მომავალ ჩემპიონთან სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდნენ - 13:37. მესამე ადგილისთვის მატჩში კი კიდევ ერთხელ სძლიეს საფრანგეთის ეროვნულ გუნდს. მსოფლიო თასზე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მისსავე მოედანზე ორჯერ დამარცხება იოლი საქმე როდია. არგენტინამ ამით დაამტკიცა, რომ მესამე ადგილი ღირსეულად მოიპოვა და ეს სულაც არ იყო შემთხვევითობა.

ოვალური ბურთით თამაში არგენტინაში ბრიტანელმა ემიგრანტებმა შეიტანეს. რაგბის პირველი მატჩი ბუენოს-აირესში 1873 წელს გაიმართა. 1899 წელს არგენტინის დედაქალაქის ოთხმა კლუბმა არგენტინის რაგბის კავშირი დააფუძნა.

არგენტინელებმა პირველი საერთაშორისო შეხვედრა 1910 წლის 12 ივნისს გამართეს. მოწინააღმდეგე რამდენიმე შოტლანდიელით გაძლიერებული ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდი იყო. არგენტინელებმა მოწინააღმდეგე "გაერთიანებულ ბრიტანელებად" მონათლეს და ბუენოს-აირესში დაუპირისპირდნენ. რაგბიში ახალფეხადგმული სამხრეთამერიკული ქვეყნის ნაკრები - 3:28 დამარცხდა.

მას შემდეგ არგენტინული რაგბი ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ მიიწევდა წინ და საგრძნობლად ვითარდებოდა. საკმაოდ საინტერესოა გუნდის მეტსახელის ისტორია.

"პუმები" გუნდს ჟურნალისტის შეცდომის შედეგად დაერქვა. 1965 წელს არგენტინის ნაკრები მორიგ სამხრეთაფრიკულ ტურნეში იმყოფებოდა. რეპორტიორები ცდილობდნენ, გუნდისთვის რაიმე ეფექტური სახელი შეერჩიათ, ისე, როგორც ეს რაგბის სამყაროშია მიღებული.

ერთ-ერთი ჟურნალისტის ყურადღება არგენტინელთა ლოგოზე გამოსახულმა ცხოველმა, იაგუარმა მიიპყრო, თუმცა მას საბედისწერო შეცდომა მოუვიდა- იაგუარი პუმაში აერია და რეპორტაჟებში არგენტინელებს პუმებად მოიხსენიებდა. შეცდომით შერჩეული მეტსახელი სხვებმაც აიტაცეს და ნელ-ნელა საბოლოოდ დამკვიდრდა. საინტერესოა, რომ ამის მიუხედავად, არგენტინის რაგბის კავშირი ჯიუტად არ ცვლის ლოგოზე გამოსახულ იაგუარს.

არგენტინაში დღესდღეობით რაგბი ნახევრად პროფესიული სპორტის სახეობაა. 450 კლუბში 210 000 ოფიციალურად რეგისტრირებული მორაგებეა. საუკეთესოთა შორის საუკეთესოები უკეთესი მერმისისა და პროფესიული კარიერის ასაწყობად ევროპულ, ძირითადად, ფრანგულ გუნდებში მიდიან სათამაშოდ.

არგენტინული რაგბის აღმასვლა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასასრულს დაიწყო. "პუმებმა" აქამდე გამართულ მსოფლიო თასის ყველა გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველი გამარჯვება მსოფლიო თასზე მათ 1987 წელს მოიპოვეს, როცა ქრაისთჩერჩში იტალიის ნაკრები დაამარცხეს.

მომდევნო ორ მსოფლიო თასზე, 1991 და 1995 წლებში, არგენტინელებმა უაღრესად წარუმატებლად იასპარეზეს, თუმცა მათი შერკინების ხაზის სიძლიერემ სპეციალისტთა ყურადღება უმალვე მიიპყრო. დღესაც "პუმების" ყველაზე მრისხანე იარაღი ღონიერი და საკმაოდ მობილური მორკინალები არიან.

მას შემდეგ, რაც 1995 წლიდან რაგბი პროფესიული გახდა, არგენტინელებს შანსი გაუჩნდათ, სათამაშო დონე ევროპაში აემაღლებინათ, რაც კარგად გამოიყენეს კიდეც. ბოლო მსოფლიო თასზე მათ მიერ მიღწეულ წარმატებაზე უკვე ვთქვით. ამან IღB-ის დიდმოხელეები საგონებელში ჩააგდო. ვინაიდან ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობა ევროპაში ასპარეზობდა, არგენტინელები ექვსი ერის გათამაშებაში თამაშის უფლებას ითხოვდნენ.

IღB-მა გადაწყვეტილება ორწლიანი ფიქრისა და სჯა-ბაასის შემდეგ მიიღო. 2012 წლიდან "პუმები" სამი ერის გათამაშებას მეოთხე ერად დაემატებიან და შინაური რაგბის უფრო მეტად განვითარების მიზნით IღBB ერთჯერადად ორი მილიონი გირვანქა სტერლინგით დაეხმარება.

არგენტინის ნაკრებში, რომელიც დღესდღეობით 78,40 ქულით მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზეა, თაობათა ცვლის პროცესი მოხდა, თუმცა ძირითადი ბირთვი, რომელიც ბოლო წლებში გუნდის მამოძრავებელ, მთავარ ძალას წარმოადგენდა, ისევ მწყობრშია. ესენი არიან: მეორეხაზელი ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, მგეზავი ფელიპე კონტეპომი, პირველხაზელები მარიო ლედესმა და როდრიგო რონსერო. შარშანდელი სეზონის აღმოჩენად შეიძლება მივიჩნიოთ შუამარბი მარტინ როდრიგესი, რომელმაც ბრწყინვალე თამაშით თავი ნოემბრის ტესტებისას გამოიჩინა. როდრიგესი უმალვე გადაიბირა ფრანგული რაგბის "მონსტრმა", პარიზულმა "სტად ფრანსემ".

არგენტინის ნაკრები საშინაო შეხვედრებს რამდენიმე სტადიონზე ატარებს, თუმცა ძირითად სანაკრებო არენად მიიჩნევა 1947 წელს აშენებული ბუენოს-აირესის "ველეს სარსფილდის" სტადიონი, რომელიც 50 ათას მაყურებელს იტევს.

ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები არგენტინელ "პუმებს" ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში 2 ოქტომბერს დაუპირისპირდება. თამაში პალმერსტონის თვრამეტათასიან "არენა მანავატუზე" გაიმართება.

არგენტინა

შერკინება: პატრისიო ალბასეტე, ნიკოლას ვერგალო, მარკოს აიერსა, მაქსიმილიანო ბუსტოსი, ავგუსტინ კრევი, ხუან ფიგალო, ალეხანდრო კამპოსი, მარტინ სკელსო, მანუელ კარისა, ხულიო კაბელო, ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, მარიანო გალარსა, ალვარო გალინდო, მარიო ლედესმა, ხუან მანუელ ლეგუსამონი, როდრიგო რონსერო, ლეონარდო სენატორე.
უკანა ხაზი: ორასიო აგულა, მარსელო ბოსხი, გონსალო კამაჩო, ფელიპე კონტეპომი, გონსალო ტიესი, მარტინ როდრიგესი, სანტიაგო ფერნანდესი, ლუკას გონსალეს ამოროსინო, ავგუსტი ხოსიო , ხუან იმჰოფი, ალფრედო ლალანე, ფედერიკო სანჩესი, ტომას ვალეხოსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული