ორი ვარჯიში, ორი დაშავებული: ზიბზიბაძე და კაკოვინი

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის სამხრეთით, ქვინზთაუნის მიდამოებში დსვენებისა და ნადირობით გართობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ყოველდღიურ რუტინულ შრომას შეუდგა. გუშინ, 9 სექტემბერს ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ორჯერ ივარჯიშა.

"ბორჯღალოსნები" დილით სასტუმროდან ნაწილ-ნაწილ, ჯგუფებად გამოდიოდნენ. ძალოსნობის დარბაზისკენ ჯერ შერკინების პირველი და მეორე ხაზის მოთამაშეები გაემართნენ, ერთ საათში იმავე გზას მესამეხაზელები და ცხრა ნომრები დაადგნენ. სულ ბოლოს კი უკანახეზელებმა ივარჯიშეს.

სადილის შემდეგ გუნდმა ერთი საათით შეისვენა და სარაგბო კლუბ "ვაკატიპუს" სტადიონისკენ გაემართა. ვაკატიპუ ქვინზთაუნის ცნობილი ტბის სახელია, რომლის შესახებაც ლეგენდა ახალი ზელანდიის დაარსების დღიდან თაობებს ზეპირსიტყვიერებით
გადაეცემა.

ქვინზთაუნის სარაგბო კლუბი ახალ ზელანდიაში გარნდებს არ განეკუთვნება, მეტიც არც ელიტაში უთამაშია როდესმე, თუმცა საკმაოდ კარგი სარაგბო კომპლექსი აქვს. ერთი სიტყვით, ჩვენი გუნდისთვის სავარჯიშოდ ნამდვილად გამოდგება.

ბოლო ორი დღეა ქვინზთაუნში საკმაოდ აცივდა. იშვიათად წვიმს კიდეც. ამიტომ "ბორჯღალოსნებმა" ვარჯიშის დასაწყისში მოთელვას დიდი დრო დაუთმეს. გარეთ ადამსონი ამას საკამოდ მრავალფეროვანი ვარჯიშების მონაცველეობით აკეთებდა, რათა წვრთნა მოსაბეზრებელი არ გამხდარიყო და ის ძირითადად, მოთამაშეების გამძლეობაზე იყო ორიენტირებული. მორაგბებს ვარჯიშიდან ვარჯიშამდე სულის მოსათქმელად სულ ხუთი წამი ჰქონდათ.

მერე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა გუნდი ორად გაჰყო და სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა დაცვაში ჩააყენა. 15 წუთის შემდეგ გუნდებმა როლები გაცვალეს.

ამას მორკინალებისა და უკანახაზელების ცალ-ცალკე ვარჯიში მოჰყვა. რიჩი დიქსონმა მორკინალებს თავისთან უხმო და შერკინების დაზგაზე ავარჯიშა. უკანახაზელებმა კი დონ კასკის ხელმძღვანელობით ხელდახელ ბურთაობით შეტევა ჯერ წინააღმდეგობის პირობებში, შემდეგ კი მის გარეშე ივარჯიშეს. სამწუხაროდ, ამ დროს ფეხის კუნთი დაიშავა შუამარბმა თედო ზიბზიბაძემ და ვარჯიში შეწყვიტა.

ამდენად, "ბორჯღალოსნების" რიგებში ორი ტრავმირებულია ვასილ კაკოვინი და თედო ზიბზიბაძე. ორშაბათს გახდება ცნობილი ისინი შეძლებენ თუ არა 14 სექტემბერს შოტლანდიის ნაკრებთან თამაშს.

ვარჯიშის მიწურულს გუნდი ისევ გაერთიანდა და თამაშის საწყისი ფაზის დამუშავებას შეუდგა. მერაბ კვირკაშვილს ცენტრიდან აბრაგანით შეჰქონდა ბურთი თამაშში, მის მოხსნას კი მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ცდილობდა, მას დიმა ბასილაია და ლევან დათუნაშვილი აზღვევდნენ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ დამრტყმელები მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა ხმალაძე, რეზო გიგაური და ლაშა მალაღურაძე მოედანზე დარჩნენ და ნახევარი საათის განმავლობაში კარში ურტყამდნენ.

გიორგი ნემსაძე, მეორეხაზელი: "დღეს შოტლანდიასთან მატჩისთვის მზადების კვირეული დაიწყო. გუნდი ნელ-ნელა შედის ფორმაში, ყოველი ვარჯიშის შემდეგ ხარისხს სულ უფრო ვაუმჯობესებთ და იმედი გავქვს, თამაშს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით".

ჩვენი გუნდის ქვინზთაუნში ყოფნამ ადგილობრივების დიდი ინტერესი გამოიწვია. გუშინდელი ვარჯიში ღია იყო როგრც ჟურნალისტებისთვის, ასევე ქომაგებისთვისაც. "ვაკატიპუს" პატარა სტადიონი თითქმის შევსებული იყო. ქართველ მორაგბეებზე მუდმივად იბეჭდება წერილები ადგილობრივ და რეგიონულ გაზეთებში, "ქუინზთაუნ დეილი ნიუსში", "საუთლენდ ნიუსსა" და "ოტაგო მირორში". "ბორჯღალსონები" არც ტელემედიის უყურადღებობას უჩივიან, რომ აღარაფერი ვთქვათ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომლებიც მორაგბეებს დიდ პატივს სცემენ და მუდამ ღიმილით, გულღიად ხვდებიან.

მსოფლიოს თასი
14 სექტემბერი
საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი
საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა


ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინმემ ხომ არ იცის, თამაშები რომელ საათზე გაიმართება და ტელევიზიით თუ გადაიცემა.
levani kaxeti
14:04 10-09-2011
0
დიდი მადლობა საიტებისთვის ბესო!
დავითი (საბერძნეთი)
23:16 11-09-2011
0

სიახლეები პოპულარული