აღფრთოვანებული ქართველები და გაწბილებული ირლანდიელები

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ახალი ზელანდიის სამხრეთში მყოფი საკურორტო ქალაქი ქვინზთაუნი დატოვა და კიდევ უფრო სამხრეთით, ინვერქარგილში გაემგზავრა.

ქვინზთაუნისგან განსხვავებით, მას ეს ქალაქი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ცივად შეხვდა. "ბორჯღალოსნები" ინვერქარგილში ისე ჩავიდნენ, რომ ამის შესახებ სასტუმროს პერსონალის გარდა, არავის გაუგია.

რა იქნება და რა ბედი ელის ჩვენ გუნდს ამ პატარა, მაგრამ ერთი შეხედვით პირქუშ, წვიმიან და მუდამ მოღრუბლულციან ქალაქში, არავინ იცის. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებმა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წარუშლელი კვალი დატოვა ქვინზთაუნისა და ვანაკას მოსახელობის მეხსიერებაში.

აი, რას წერს,
ქვინზთაუნში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი "ოტაგო დეილი ტაიმსი".

"ბავშვები დროშებს აფრიალებდნენ, ქალებს კი მუხლები უკანკალებდათ, როცა საქართველოს ნაკრები ვანაკას დაწყებით სკოლას ეწვია. ასობით ბავშვი, მათი მშობლები, მასწავლებლები და რაგბის მოყვარული უამრავი ადამიანი შეკრებილიყო ქართველი მორაგბეების დასახვედრად.

ქართველმა მორაგბეებმა ვიდეოკამერებით აღბეჭდეს ადგილობრივი სკოლის ჰაკა ჯგუფის გამსოვლა და მთელი დარბაზის მიერ ახალი ზელანდიის ჰიმნის შესრულება, რაზეც თვითონაც, თავიანთი ქვეყნის ეროვნული ჰიმნით უპასუხეს.

ბავშვების სახეებზე აღფრთოვანებას ადვილად ამოიკითხავდით, მით უფრო, რომ დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში სკანდირებდნენ - საქართველო, საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეთა უმრავლესობა ინგლისურს ცუდად ფლობდა, ბავშვებთან კონტაქტი უმალვე შეძლეს. მორაგბეებს პატარა თაყვანისმცემლები ხელში აყავდათ და ჰაერში, მაღლა ისროდნენ.

ქართველი მორაგბეების ბუნებრივი ხიბლი და ეგზოტიკური გარეგნობა, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ქალებს, რომლებიც მრავლად იყვნენ შეკრებილთა შორის. რამდენიმე მათგანმა იქვე, სპონტანურად გადაწყვიტა, შეექმნათ ჯგუფი, რომელიც საქართველოს ვიზიტით ეწვევა.

ბავშვებთან რაგბის თამაშის შემდეგ გუნდი ადგილობრივი რაგბის კლუბმა ბარბექიუზე დაპატიჟა. შემდეგ კი ნაწილი კურდღლებზე ნადირობით გაერთო, ნაწილი - თევზაობით.

"აქაურობა ძალიან მოგვწონს, ეს ყველაფერი საქართველოს გვაგონებს, თუმცა მთები ჩვენთან უფრო დიდია", - თქვა საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ილია ზედგინიძემ.

ქართველები ახალზელანდიელთა გულთბილი დამოკიდებულებითა და სტუმართმოყვარეობითაც ძალიან მოიხიბლენენ.

"ისინი ცდილობენ თავი ისე ვიგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში. მათ ამას მიაღწიეს კიდეც. აღტაცებულები ვართ და ნამდვილად ვგრძნობთ უდიდეს სითბოს მასპინძლებისგან", - დასძინა ილიამ.

საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, ცუდად დაამახსოვრდებათ ქვინზთაუნი ირლანდიის ნაკრების მორაგბეებს. სასტუმროში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ქურდი შეიპარა და "სამყურებს" წინდები, პიჯაკები და შარვლები მოპარა. ქალაქის პოლიციის წარმომადგენლებმა ირლანდიელებს აღუთქვეს, რომ დამნაშავეს მალე მოძებნიდნენ, მაგრამ ამაოდ.

ამასობაში კი საქართველოს ნაკრები ინვერქარგილში, "ასკოტ პარკ ოტელში" დაბანაკდა, რომელიც ამავე სახელობის პარკში მდებარეობს. გუშინ, 11 სექტემბერს გუნდმა მგზავრობის შემდეგ დაისვენა და არ უვარჯიშია. დღეს კი ჩვეულებისამებრ ორჯერ ივარჯიშებს "საუთლენდის ვაჟთა უმაღლესი სკოლის" სპორტულ ბაზაზე.

13 სექტემბერს "ბორჯღალოსნებს" კაპიტნის ვარჯიში ექნებათ ასპარეზობის არენა "რაგბი პარკზე". 14 სექტემბერს კი ჩვენი ბიჭები პირველ მატჩს გამართავენ შოტლანდიის ნაკრებთან. ტრავმირებულთაგან თედო ზიბზიბაძე გამოკეთდა და შესაძლოა ითამაშოს კიდეც. ვასილ კაკოვინის საქმე კი ოდნავ რთულადაა, ის ხვალიდან მხოლოდ ვარჯიშს შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული