"ბორჯღალოსნებმა" სარუმინეთოდ მზადება დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების სტუმრობით გამოწვეული ოთხდღიანი ზარზეიმის შემდეგ, მასტერტონში სიმშვიდემ დაისადგურა. "ბორჯღალოსნები", რომლებიც ქალაქგარეთ "სოლვეი პარკ ოტელში" არიან დაბინავებულნი, მომავალი ორი მატჩისთვის მზადებას შეუდგენენ [იხილეთ ვიდეო].

ჩვენმა გუნდმა გუშინ ორჯერ ივარჯიშა. დილით მორაგბეები სამ ჯგუფად, ცალ-ცალკე ეწვივნენ ძალოსნობის დარბაზს. სადილის შემდეგ კი, ახალი ზელანდიის დროით 15 საათზე საქართველოს ნაკრებმა "ქუინ პარკის სარაგბო სტადიონზე" ივარჯიშა. ჩვენი გუნდის წვრთნას თვალს რამდენიმე ათეული მასტერტონელი ადევნებდა, რადგან ვარჯიში ღია იყო და ნებისმიერ მსურველს შეეძლო დასწრება.

ვარჯიშში მონაწილეობას არ იღებდნენ დავით ქუბრიაშვილი, დავით ზირაქაშვილი და ირაკლი
მაჩხანელი. "დუდუ" ინგლისთან მატჩში დაშავდა და ექიმებმა დასვენება ურჩიეს. ზირაქაშვილი მუხლმა შეაწუხა, თუმცა საშიში არაფერია და, სავარაუდოდ, რუმინეთის ნაკრებთანაც ითამაშებს. მაჩხანელის საქმე კი უფრო რთულადაა. მისთვის ჯერ სირბილიც არ შეიძლება და მხოლოდ სიმძიმეებით ვარჯიშობს. გუნდთან ერთად არ იყო ალექსანდრე თოდუა. მან ინდივიდუალურად ივარჯიშა.

მოთელვის შემდეგ გუნდი ორად გაიყო. მორკინალები რიჩი დიქსონმა და ილია მაისურაძემ დაიმარტოხელეს. ჯერ პოზიციის სწორად შერჩევასა და მეტოქისთვის სათამაში არეალის შეზღუდვაში ივარჯიშეს. მერე, რაკიდან ბურთის გამოტანის შემდეგ, მოკლე დარტყმისას, ისევ რაკის შექმნასა და მის სწრაფად გაწმენდას ცდილობდნენ. ბოლოს ბურთი დერეფანშიც ააგდეს, სადიანაც ამჯერად მხოლოდ მოლის დაყენებაზე ივარჯიშეს.

ამასობაში უკანახაზელებს დონ კასკი და ჯონ მაგლტონი წვრთნიდნენ. მათი მიზანი სტატიკური მდგომარეობიდან შეტევის ხელდახელ ბურთაობით განვითარება იყო. ამის შემდეგ შერკინება და უკანა ხაზი ისევ გააერთინეს. "ბორჯღალოსნები" ნახევარ მოედანზე შეტევასა და დაცვაში დროულად გადაწყობის დახვეწას შეეცადნენ.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" მასტერტონელ ბავშვებს "ჩაუვარდნენ" ტყვედ და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ავტოგრაფებს არიგებდნენ. ჩვენი გუნდის პატარა ქომაგებმა ბიჭებს საჩუქრები მოუმზადეს და იქვე გადასცეს.

საქართველოს ნაკრები დღეს კიდევ ერთ ღია ვარჯიშს გამართავს. საღმოს კი ადგილობრივები "ქუინ ელიზაბეტ პარკში" ჩვენს მორაგბეებს "ბიგ ველკომ ბარბექიუზე" დაპატიჟებენ.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" მასტერტონს 26 სექტემბერს დატოვებენ და პალმერსტონში გადაბარგდებიან, სადაც 28 სექტემბერს, ჯგუფური ტურნირის მორიგ მატჩში, რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მსოფლიოს თასი
28 სექტემბერი
საქართველო-რუმინეთი
2 ოქტომბერი
საქართველო-არგენტინა

C ჯგუფი
ავსტრალია-აშშ 67:5
სატურნირო მდგომარეობა
1. ავსტრალია – 10 ქულა, 2. ირლანდია – 5, 3. იტალია – 5, 4. აშშ – 4, 5. რუსეთი – 1.

დღეს
ინგლისი-რუმინეთი 67:3
ახალი ზელანდია-საფრანგეთი 12:30

ხვალ

ირლანდია-რუსეთი 10:00
არგენტინა-შოტლანდია 12:30

ბესიკ ჯანგავაძე ახალი ზელანდიიდან

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბატონო, ბესო ეგებ გვითხრათ სუთიაშვილი როგორაა?:) მადლობა წინასწარ:)
karlsoni
19:31 23-09-2011
0
თამაში როდისაა და რომელ საათზე?
giorgi
10:00 24-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული