"ბორჯღალოსნებმა" რუმიენთთან საკმაოდ მძიმე, მომქანცველი მატჩის შემდეგ, გუშინ პირველად ივარჯიშეს. ჩვენმა ნაკრებმა წვრთნის ადგილი გამოიცვალა. "ლაინთონის სამხედრო ბაზის" ნაცვლად ორგანიზატორებმა "არენა მანავატუს" სათადარიგო მინდორი შემოგვთავაზეს, რაც ხარისხით სამხედრო ბაზისას არაფრით ჩამოუვარდება.
ვარჯიშამდე რამდენიმე საათით
"ბორჯღალოსანთა" რიგებში რუმინეთთან გამართულ მატჩის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. დავიწყოთ შერკინებით. პირველ ხაზში ძირთად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ დავით ზირაქაშვილმა შეინარჩუნა. მარცხენა ბურჯად დავით ხინჩაგიშვილის ადგილს ვასილ კაკოვინი დაიჭერს, რომელიც რუმიენლებთან მატჩში შეცვლაზე შევიდა და თამაშში შესანიშნავად ჩაერთო.
შერკინების კვაჭად დიქსონმა გამოცდილი და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე აქვსენტი გიორგაძე დააბრუნა. ჯაბა ბრეგვაძე კი, რომელიც აქამდე ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა თადარიგში გადაიყვანა. მისგან განხვავებით ხინჩაგიშვილი 22-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა. სათადარიგო ბურჯი გოდერძი შველიძე იქნება.
ცვლილებები მეორე და მესამე ხაზსაც შეეხო. მეორე ხაზში ილია ზედგინიძის ნაცვლად ლევან დათუნაშვილი ითამაშებს, რომელიც ბოლო ორ შეხვედრაში თადარიგიდან ერთვებოდა. ზედგინიძე და კიდევ ერთი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე სათადარიგოთა შორის დაიკავებენ ადგილს. ნემსაძეს აქამდე მსოფლიოს თასზე არ უთამაშია. დათუნაშვილს პარტნიორობას ვახტანგ მაისურაძე გაუწევს, რომელიც ყველა თამაშში ძირთად შემადგენლობაში იყო.
რიჩი დიქსონმა გადაწყვიტა მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია დაასვენოს. Aახალგაზრდა რვა ნომერმა განვლილ შეხვედრებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. მის ადგილს ფლანკერი მამუკა გორგოძე დაიკავებს. მამუკას პოზიცია კი დიქსონმა ვიქტორ კოლელიშვილს ანდო. კიდევ ერთი მესამეხაზელი გიორგი ჩხაიძე იქნება. შალვა სუთიაშვილი ტრავმირებულია.
საკმაოდ საინტერესო გადაადგილებებია უკანა ხაზში. ცხრა ნომერზე ისევ კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე ითამაშებს. მგეზავი კი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელმაც რუმინელებთან ფულბეკად საკმაოდ კარგად ითამაშა. მერაბ კვირიკაშვილი დიქონმა თადარიგში გადაიყვანა. ფულბეკი კი გამოცდილი მალხაზ ურჯუკაშვილი იქნება, რომელსაც საქართველოს ნაკრებისთვის თავისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ყველაზე მეტი ქულა მოუტანია.
ტრავმირებული გარემარბის ირაკლი მაჩხანელის ნაცვლად ამჯერად ლექსო გუგავა ითამაშებს, რეზო გიგაური კი სამატჩო განაცხადში არ არის. მეორე ფრთაზე ადგილს ისევ ალექსანდრე თოდუა დაიკავებს. უცვლელია შუამარბების, თედო ზიბზიბაძისა და დავით კაჭარავას დუეტი. მათ შემცვლელად თადარიგში დიქსონმა ლაშა მალაღურაძე შეიგულა.
ვარჯიში, ისევე როგორც ყოველთვის, მოთელვით დაიწყო. თუმცა ფიზმომზადების ავსტრალიელმა მწვრთნელმა გარეთ ადამსონმა ბიჭები ამჯერად, ჩვეულებრივზე მეტხანს შეაყოვნა.
მერე გუნდი ორად გაიყო. ძირითადის მოთამაშეებმა ყვითელი მაისურები ჩაიცვეს და სტატიკური მდგომარეობიდან, რაკიდან და შერკინებიდან მოკლე ფრთაზე შეტევის რამდენიმე ფაზის დამუშავებაში ივარჯიშეს. წვრთნას ჯონ მაგლტონი ხელმძღვანელობდა.
დაახლეობით ნახევარი საათის შემდეგ, მორკინალები რიჩი დიქსონმა ცალკე გაიყვანა და საკმაოდ დიდხანს დერეფანში თამაშში ავარჯიშა. ამ დროს დონ კასკი უკანახაზელებს ხელდახელ კომბინაცეიბის ორგანიზებას ასწავლიდა.
მერე შერკინება და უკანა ხაზი ისევ გააერთიანეს და აუტიდან ბურთის მოწოდების შემდეგ შეტევა დაამუშავეს. ბოლოს დამრტყმელები დარჩნენ და კარში დარტყმაზე ივარჯიშეს. გუნდი მთელი შემადგენლობით ავტობუსით სასტუმროში გაემგზავრა, ერთადერთი ვინც მოედანზე დარჩა და კარში დარტყმაში ვარჯიში განაგრძო ფულბეკი მალხაზ ურჯუკაშვილი იყო.
საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო მატჩს ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში, საკმაოდ სერიოზულად ეკიდება არგენტინის ეროვნული გუნდი. "პუმებს", მიუხედავად იმისა, რომ უშუალო კონკურენტი, შოტლანდიის ნაკრები დაამარცხეს - 13:12, პლეი ოფში გასვლა ჯერ განაღდებული არ აქვთ.
"ჩვენ პლეი ოფში გასვლის შესანიშნავი შანსი გავქვს, ამიტომ საქართველოს ნაკრებთან არა 100, არამედ 110 პროცენტით უნდა გავიხარჯოთ. ვფიქრობ, ძალიან მძიმე ბრძოლა გველის, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება ქართველების დასამარცხებლად.
საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. ქართველმა მორაგბეებმა, იმის გამო, რომ სამი დღის წინ თამაში ჰქონდათ, არა მგონია, დაღლილობა იგრძნონ. რაც მე მაგათი მატჩები ვნახე, ისინი სულ უკეთ და უკეთ თამაშობენ. ვფიქრობ, ქართველები კვირას იოლად არაფერს დაგვითმობენ.
ამიტომ, ჯერ მეოთხედფინალზე ფიქრი ადრეა. ის თავიდან უნდა ამოვიგდოთ. სამიზნე მხოლოდ საქართველოს ნაკრები უნდა იყოს. მოვიგებთ და მერე პლეი ოფზე ფიქრიც შესაძლებელი იქნება" - თქვა არგენტინის ნაკრების გარემარბმა ორაისო აგულამ.
ცხადია, კარგია მეტოქე რომ ასე დიდად გაფასებს, თანაც ისეთი, თავად რომ ბოლომდე მებრძოლია და იოლად არავის არაფერს უთმობს. თუმცა, "პუმებს" ჩვენს ნაკრებთან მატჩის წინ, ტრავმების გამო, საკადრო პრობლემები შეექმნათ.
"სკოტებთან" დაპირისპირებაში მძიმედ დაშავდა და "ბორჯღალოსნებთან" ვერ ითამაშებს არგენტინელთა ერთ-ერთი ლიდერი, გუნდის ვიცე-კაპიტანი ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ლეონარდო სენატორე დაიკავებს.
დაშავდა "პუმების" შერკინების პირველ ხაზის ერთ-ერთი ლიდერი, ვეტერანი როდრიგო რონსერო, რომლის ნაცვალადაც მარკოს აიერსა ითამაშებს. მეორეხაზელ მანუელ კარისას კი მარიანო გალარსა ჩაანაცვლებს.
ფეხის ტერფი ჰქონდა დაშავებული, მაგრამ გამოჯანმრთელება მოასწრო არგენტინელთა კიდევ ერთმა ლიდერმა, მესამეხაზელმა ხუან ლეგუსამონმა. დაზიანებული ნეკნი ისევ აწუხებს, თუმცა იხტიბარს არ იტეხს და აუცილებლად ითამაშებს "ბორჯღალოსნებთან" შუამარბი ფელიპე კონტეპომი, რომელიც მსოფლიოს თასის წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია. შეგახსენებთ, რომ კონტეპომი მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმში მეოთხედ მონაწილეობს.
ძირითად შემადგენლობაში დააწინაურა ფელანმა "ნარშავებთან" მატჩის გმირი ლუკას ამოროსინო, რომელმაც, სოლო გარღვევით შოტლანდიის ნაკრებს მწარე მარცხი აგემა. მარტინ როდრიგესმა კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრა ხვალ, პალმერსტონში თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.
საქართველო-არგენტინა
საქართველოს ნაკრები: 15. მალხაზ ურჯუკაშვილი, 14. ლექსო გუგავა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გოდერძი შველიძე, 18. გიორგი ნემსაძე, 19. ილია ზედგინიძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. მერაბ კვირკაშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე.
არგენტინის ნაკრები: 15. ლუკას ამოროსიონო, 14. ორასიო აგულა, 13. მარსელო ბოსხი, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ხუან იმხოფი, 10. სანტიაგო ფერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. მარკოს აიერსა, 2. მარიო ლედესმა, 3. ხუან ფიგალო, 4. მარიანო გალარსა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან ლეგუსამონი, 8. ლეონარდო სენატორე.
16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. ტომას ვალეხოსი, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრედო ლალანე, 21. ავგუსტინ გოსიო, 22. მარტინ როდრიგესი.
მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"