საქართველო სარაგბო ქვეყნად ყალიბდება

AutoSharing Option
დიახ, საქართველო სარაგბო ქვეყნად ყალიბდება, რაც აშკარად დადასტურდა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხით და თავდადებით.

ქართულ რაგბიში დღევანდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე გვესაუბრება საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე.

- ბატონო გიორგი, პირველ ყოვლისა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების ღირსეულ და გარკვეულწილად წარმატებულ თამაშს გილოცავთ...

- დიდი მადლობა მოლოცვისათვის. ზოგი ფიქრობს, რუმინელებთან ჩვენი გამარჯვება პირველი და ისტორიული იყო მსოფლის თასის გათამაშებაში. პირველი ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს თასზე ჩვენმა ნაკრებმა მოიპოვა 2007 წელს, საფრანგეთში, ნამიბიის ეროვნული ნაკრები გუნდის წინააღმდეგ.

-
საქართველოში სპორტის სათამაშო სახეობებიდან ყველაზე მეტი ოფიციალური პირველოებები და შეჯიბრებები ტარდება რაგბიში, ცხადია, ეს კარგია, როგორ აუდის ფედერაცია ასეთ დატვირთვას?
- გეთანხმებით. ჩვენდა სასიხარულოდ, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის წყალობით, გაგვიჩდა ამის ფინანსური შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ამ შეჯიბრებების მოწყობა ადვილი არ არის, არ გვაქვს საკმარისი სტადიონები. ჩვენთვის 3-4 მოედანი ფუფუნებაა. მაგრამ რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტი ნიაზ მამრიკიშვილის ხელმძღვანელობით ძალიან კარგად ართმევს თავს ჩვენი ეგიდით ჩატარებულ ყველა შეჯიბრებას.

- რაგბის კავშირი საქართველოში წარმატებული სპორტული ორგანიზაციაა. ზემოხსენებული ასპარეზობების სიუხვე ხელს უწყობს მასობრიობას, ახალგაზრდების რაგბით დაინტერესებას. მწვრთნელთა კადრები თუ არის საკმარისი?
- რაგბის კავშირში შეიქმნა მწვრთნელთა მომზადების და განვითარების ჯგუფი, რომელსაც რიჩი დიქსონი ხელმძღვანელობს. გეთანხმებით, რომ რაგბის პოპულარიზაცია საქათველოში იზრდება, ბევრი ბავშვი და ახალგაზრდაა დაინეტრესებული, ამიტომაც ეს ჯგუფი მუშაობს ძალიან კარგად და ამზადებს კვალიფიციურ მწვრთნელებს. ამას გარდა გვაქვს IRB-ის (რაგბის საერთაშორისო საბჭო) გრანტით დაფინანსებული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც წელიწადში რამდენიმე მწვრთნელს ვაგზავნით წამყვან სარაგბო ქვეყნებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

- სახელმწიფო და ცალკეული ფირმები მხარში უდგაანან რაგბის კავშირს, ეს ნათლად ჩანს ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც, პერსპექტივაში რა იგეგმება?
- როგორც მოგეხსენებათ, არსებობს რაგბის სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამა. რაგბის კავშირს გადმოეცა მიწები სარაგბო ინფრასტრუქტურის (მოედნები, სტადიონები, გასახდელები) მოსაწყობად. A მშენებლობას აფინანსებს და აწარმოებს საქაველმოქმედო ჯგუფი ქართუ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რუსთავში სარაგბო სტადიონის მოწყობა, რომელიც გათვლილია 3000 კაცზე, მარტყოფში შენდება სამწვრთნელო ბაზა, მოედანი დიდ დიღომში, კლუბ ლელოსთვის. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქუთაისში მიმდინარე გრანდიოზული მშენებლობა, რომელიც 4 თვის წინ დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ გვექნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი სარაგბო ბაზა.

- აქვე გკითხავთ, ზოგიერთ სარაგბო მოედანზე, სადაც ტარდება ეროვნული ჩემპიონატების მატჩები, ჯერ კიდევ არ არის ტაბლო, არ ცხადდება გუნდების შემადგენლობა, მოთამაშეთა შეცვლა, ანგარიში, არ არის ჯიხური მწვრთნელების, სათადარიგო მოთამაშეებისა და სამედიცინო პერსონალისთვის, მაგალითად, ვისოლის სტადიონზე...
- გასაგებია, რომ, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, დღეს აუცილებელია თანამედროვე მატჩების გასამართად. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს პროგრესი, რაც ზევით აღვნიშნე და აქვე შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც 5 წლის წინათ გვქონდა მხოლოდ ერთადერთი მოედანი, ვარკეთილში, რომელსაც სტადიონი პირობითად ეწოდებდა.

რაც შეეხება ახალაშენებულ სტადიონებს, იქ ამის შესაძლებლობა გვაქვს და წესის და რიგის მიხედვით ვაკეთებთ ყველაფერს. ვისოლის სტადიონი არ არის ჩვენს დაქვემდებარებაში და არანაირი უფლება არ გვაქვს მოვთხოვოთ მოედნის შესაბამისად აღჭურვა, პირიქით, დიდი მადლობელები ვართ მათი, რომ ჩვენი კავშირის ეგიდით გამართულ მატჩებს მასპინძლობს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ბაზების და სტადიონების მშენებლობა რომ დასრულდება და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ადეკვატურად აისახება თამაშების ჩატარების ხარისხზე.

- გასაგებია, რაგბი ძალისმიერი თამაშია და შეხლა-შემოხლა შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს წესად არ უნდა იქცეს. ბოლო ხანებში დაფიქსირდა რამდენიმე ასეთი ფაქტი. რა ზომებს ახორციელებს საქართველოს რაგბის კავშირი თამაშის სიწმინდისთვის?
- ვახორციელებთ იმ დამსჯელ ზომებს, რასაც გვავალდებულებს რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRB). რაგბი გუნდური სათამაშო სახეობებიდან ყველაზე კონტაქტური თამაშია და ეს შეხლა-შემოხლა ამ თამაშის თანმხლები ფაქტორია. ზოგიერთი ისჯება წითელი ბარათით, რაც მოთამაშის ავტომატურ გაძევებას იწვევს მოედნიდან, ზოგიერთი რამოდენიმე თვიანი დისკვალიფიკაციითაც ისჯება. ბოლო წლებში არ მახსოვს თამაში, რომელიც მსგავსი ინციდენტის გამო ჩაშლილიყოს და ვერ ვხვდები ბოლო ხანებში დაფიქსირებულ რომელ ფაქტზე საუბრობთ.

- ჩაშლა არც ჩვენ გვიხსენებია. მსაჯობის დონეზე რას იტყვით?
- მსაჯობა ქართული რაგბის აქილევსის ქუსლია. მწვრთნელებზე მეკითხებოდით, აი მსაჯების პრობლემა ნამდვილად გვაქვს. ბოლო წლებში ჩვენი რაგბის კავშირი ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ძალიან გვეხმარება IRB და FIRA, გვყავს ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებთანაც ვმუშაობთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ხშირად ჩამოდიან IRB მსაჯთა კომიტეტებიდან კვალიფიციური სპეციალსიტები სემინარების ჩატარებლად. ფინანსურად ძალიან გვეხმარება სპორტის სამინისტრო და ეს ყველაფერი ალბათ შედეგს გამოიღებს 3-4 წელიწადში.

- კიდევ ერთი, არის თუ არა გათვალისწინებული რაგბის კავშირის მოთხოვნით, თუნდაც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე საზოგადოებრივ წესრიგის დამცველების დასწრება-პატრულირება?
- ამის სურვილი და საჭიროება საქართველოში არასდროს გვქონია. არ მახსოვს შემთხვევა, არც საქართველოში და არც მსოფლიოში, რომ რაგბის მაყურებელს ერთმანეთთან ეჩხუბოს. მოედანზე კი ყველაფერს მსაჯები აკონტორელებენ. თუმცა საერთაშორისო თამაშებზე ჩვენ ვთანამაშრომლობთ დაცვის სამსახურებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან.

- კიდევ ხომ არაფრის თქმა გსურთ?
- დიდ მადლობას გადავუხდი გაზეთ "ლელო" ყურადღებისათვის. ჩვენ ერთმანეთთან დიდი ხანია კარგად ვთანამშრომლობთ. რაგბის ყველა გულშემატკივარს კი ვულოცავ რუმინეთის ეროვნულ გუნდთან გამარჯვებას და რაგბის მსოფლიო თასზე ღირსეულად გამოსვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული