ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ, სავარაუდოდ, მსოფლიოს რაგბის შეჯიბრთა სტრუქტურებში და თავად ქართულ რაგბიში, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. თუმცა, უფრო დაწვრილებით ყოველივეს შესახებ რაგბის კავშირის პრეზიდენტი თავად გვიამბობს:
- ისე მოხდა, რომ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ოქლენდში, ერთ სასტუმროში ელიტური სარაგბო ქვეყნების ხელმძღვანელებთან
საქართველოს ნაკრების თამაშმა ერთმნიშვნელოვნად მაღალი შეფასება დაიმსახურა. ყველა მკაფიოდ აღნიშნავადა ჩვენი გუნდის პროგრესს.
IRB-ს მაღალჩინოსნები განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ რაგბის კავშირის წვლილს ამ საქმეში და მუდამ იმაზე მიუთითებდნენ, როგორი დამოკიდებულებაა რაგბისადმი ჩვენს ქვეყანაში, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ზრუნავს მის განვითარებაზე. IRB-ს ასამბლეაზე საქართველო დაასახელეს მაგალითად, თუ როგორ შეიძლება წარმატებულად განახორციელო ინვესტიციები.
ყოველივე ეს კარგია, მაგრამ მიმაჩნია, რომ დროზე უნდა დავივიწყოთ და კრიტკიულად მივუდგეთ ჩვენ საქმიანობას, ვიფიქროთ იმაზე რა შეცდომები დავუშვით.
- მაინც რა შედცომები დაუშვა რაგბის კავშირმა თავის საქმიანობაში?
- ეს ჯერ კიდევ გასაანალიზებელია. ძალიან ბევრი გვაქვს საფიქრალი, რა გავაკეთეთ სწორად და რა ვერა ნაკრების მზადების პროცესში, საკადრო პოლიტიკაში. ეს აუცილებელია რათა შემდეგი ოთხი წელიწადი ზუსტად დავგეგმოთ, იგივე შეცდომები რომ არ გავიმეოროთ.
ჩვენი კონკურენტები პროგრესირებენ და ეს პროცესი კიდევ უფრო გაგრძელდება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ მკვეთრი ნახტომით წინ წაწევა და 2015 წლის მსოფლიოს თასზე სულ სხვა მიზნებით და ამბიციებით უნდა გავემგზავროთ. ერთი მეტოქის დამარცხება და დანარჩენებთან ღირსეულად თამაში საკმარისი აღარ იქნება.
- ყველას ძალიან აიტერესებს შეიცვლება თუ არა სქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბი?
- მწვრთნელთა შტაბში ცვლილებები აუცილებლად იქნება. გადაწყვეტილებას ახალი წლის დადგომამდე მივიღებთ.
- ძალიან ბევრი სპეციალისტი ალაპარაკდა ევროპის ექვსი ერის გაფართოების აუცილებლობის შესახებ.
- ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილეობა არ არის ჩვენი თვითმიზანი. ის დიდხანს არ გაფართოვდება. ექვსი ერი არ ექვემდებარება IRB-ს. ეს არის კომერციული სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ დიდ ფულს იზიდავს.
რეალურად რომ შევხედოთ მდგომარეობას, ჩვენთვის აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ მეორე დონის გუნდებთან. ამის თაობაზე სამსჯელოდ იანვარში შევიკრიბებით, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ 2012 წლის ივნისში საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს სტუმრად აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან. 2013 წლის ივნისში კი, არგენტინის რაგბის კავშირმა მათთან საასპარეზოდ დაგვპატიჟა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მათი ინიციატივაა, მათთვის ეს არავის დაუვალებია. ტურნე რომ ნაყოფიერი გამოდგეს, გამორიცხული არ არის, მეზობელ ურუგვაისაც ვეწვიოთ და ამ ქვეყნის ნაკრებსაც ვეთამაშოთ.
ამასთან, აუცილებლად გვექნება ტესტების რამდენიმე თამაში ნოემბერში, თუმცა მეტოქეთა ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.
- ნაკრებისთვის დატვირთული სეზონი, ცხადია, კარგია, მაგრამ ივნისში საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერების პრობლემა ისევ ხომ არ იჩენს თავს?
- დიახ, მაგრამ პრობლემას მოგვარება უნდა. საჭირო იქნება დამატებითი საკმაოდ სერიოზული თანხები, რათა ამ მორაგბეებს კომპენსაციის სახით მოტივაცია გავუჩინოთ.
ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, რომ შემდეგ ოთხ წელიწადში ყველაფერი მიმართული იქნება იქითკენ, რომ ნაკრები მსოფლიო თასისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს. მუდმივად გაგრძელდება ექსპერიმენტები. აუცილებლად უნდა წამოვწიოთ წინ ახალგაზრდა მორაგბეების ჯგუფი, აუცილებელია ნაკრებში კონკურენცია გაიზარდოს და თუ აქამდე, ნაკრების წევრებს 50 მორაგბიდან ვარჩევდით, ეს რიცხვი ასამდე მაინც უნდა ავწიოთ.
- IRB-ს მაღალჩინოსნები საქართველოში ვიზიტისას დაგვპირნდენ, რომ მომდევნო ციკლში, საქართველოს რაგბის კავშირს დახმარების რაოდენობას გაუზრდიდა.
- ეს ალბათ 2013 წლიდან მოხდება, რადგან სწორედ ამ დროს შეიცვლება ოფიციალურად ჩვენი სტატუსი. საქართველოს რაგბის კავშირი ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშება ფინანსურად მომგებიანი არ აღმოჩნდა. 2007 წელს საფრანგეთში გამართულ მსოფლიო თასთან შედარებით თანხა 50-60 მილიონი დოლარით ნაკლები შევიდა. ეს, ცხადია, მომავალ დაფინანსებაზე გავლენას იქონიებს. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მუშაობით კმაყოფილნი არიან და, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაფინანსება 2013 წლიდან მაინც გაგვეზრდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"