20 იანვარს მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი საქართველოში ჩამოვლენ

AutoSharing Option
20 იანვარს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელები - მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი თბილისში ჩამოვლენ. ახალზელანდიელი სპეციალისტები 2-წლიან სამუშაო კონტრაქტს გააფორმებენ, დამატებით 2-წლიანი გაგრძელების შესაძლებლობით.

მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი მთელ წელს დაჰყოფს საქართველოში. თბილისში მისი ოჯახის წევრები მარტში ჩამოვლენ.

შერკინების მწვრთნელი, კრის გიბსი საქართველოში წელს 7 თვეს დაჰყოფს. "ვაიკატოსთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი, 2013 წლიდან საქართველოში ერთ წელს იმუშავებს.

მწვრთნელები ევროპის ერთა თასის სამზადისს 30 იანვრიდან შეუდგებიან.

"ბორჯღალოსნებს" პირველი თამაში 4 თებერვალს, უკრაინასთან დნეპროპეტროვსკში ელით, შემდეგი შეხვედრა კი მადრიდში,
ესპანელი "ლომების" წინააღმდეგ აქვთ.  25 თებერვალს, პორტუგალიელებს თბილისში ვუმასპინძლებთ, 10 მარტს კი რუმინელებთან ბუქარესტში ვითამაშებთ. ევროპის ერთა თასის ბოლო შეხვედრა თბილისში, 17 მარტს, რუსეთის წინააღმდეგ შედგება.

მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი, ნაკრების გარდა, სარაგბო აკადემიაშიც იმუშავებენ, სადაც სწავლება სრულიად ახლებური სისტემით წარიმართება. სპეციალისტები კონსულტირებას გაუწევენ როგორც ახალგაზრდულ ნაკრებებს, ასევე კლუბების მწვრთნელებს და საქართველოში იმ ქვეყნის ცოდნას მოიტანენ, რომლის მკვიდრნი, შეიძლება ითქვას, რაგბით სუნთქავენ. კონტრაქტის თანახმად, ყოველი წლის ბოლოს მოხდება გაწეული მუშაობის შეფასება. სწორედ ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული კონტრაქტის შემდგომი გახანგრძლივება.

ჰეიგი იმედოვნებს რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მისი დამრიგებლობის პირველ 12 თვეში იტალიისა და შოტლანდიის დონეზე აიყვანს: "ვფიქრობ, ქართველი ბიჭები ამას ადვილად შეძლებენ. მსოფლიო თასის დროს მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს შოტლანდიას, არგენტინას და თვით ინგლისსაც კი.

საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერია შერკინებაში. დაცვის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ვფიქრობ, სწრაფად მოვახერხებთ. მაგრამ, ჩემი აზრით, უმთავრესი სამუშაო არეალი შეტევა უნდა გახდეს. მსოფლიოზე ბიჭებმა მხოლოდ სამი ლელო დადეს, არადა, სივრცე რომ დაენახათ, გაცილებით მეტ ქულას მოიპოვებდნენ", - თქვა ჰეიგმა 4 იანვარს, "საუთლენდ ტაიმსთან" ინტერვიუში.

ახალზელანდიელი სპეციალისტები ძალზე კმაყოფილი არიან საერთაშორისო დონეზე მუშაობის შესაძლებლობით: "ნაკრების მომზადება მსოფლიო თასისთვის ნებისმიერი მწვრთნელის კარიერის კულმინაციაა. საამისოდ, ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გავიაროთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ამას იოლად შევძლებთ", - ამბობს ჰეიგი.

ახალზელანდილებთან ერთად ნაკრებში იმუშავებს ორი ქართველი - ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე, რომელმაც წლევანდელ მსოფლიოზე მორაგბის სანაკრებო კარიერა დაასრულა.

მწვრთნელები თბილისში 20 იანვარს, თურქეთის ავიახაზების რეისით 17:35 საათზე ჩამოვლენ.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული