შეხვედრის ორგანიზატორი რაგბის საერთაშორისო საბჭოა. საქართველოდან მიწვეულნი არიან რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე და საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა ხურციძე.
"მეორე ეშელონის" - იგივე, "ტიერ 2" -ის ქვეყნები მსოფლიო რაგბის რეიტინგის მეორე ათეულში შედიან. გამონაკლისია ტონგა, რომელსაც დღევანდელი მონაცემებით, მე 9 ადგილი უკავია; (დღესდეღობით, ტონგა, 6 ერის მონაწილე შოტლანდიას უსწრებს) სამოა -
საქართველოს ნაკრებს ბოლო 17 წელია ერთი და იგივე გუნდებთან უწევს დაპირისპირება. გამონაკლისი მხოლოდ მსოფლიო თასის გათამაშება, ან საკვალიფიკაციო მატჩებია. ძლიერ გუნდებთან ძალების მოსასინჯად რაგბის საერთაშორისო საბჭომ 2006 წლიდან "ერთა თასი" დააწესა, სადაც "მეორე ეშელონის" გუნდები ელიტის "ა" ნაკრებებს ხვდებოდნენ, მაგრამ ბოლო ოთხმა წელიწადმა, განსაკუთრებით - 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებამ, "ტიერ 2"-ის ქვეყნების პროგრესი ნათლად გამოაჩინა.
ახალი ტურნირი "ტიერ-2"-ის ეროვნულ გუნდებს წინსვლისა და სათამაშო ოსტატობის დახვეწის შესაძლებლობას მისცემს. "მეორე ეშელონის" ამჟამინდელი ნაკრებებიდან "ბორჯღალოსნების" ტრადიციული მეტოქეები მხოლოდ რუმინეთი და რუსეთია.
ტონგასთან ორჯერ გვაქვს ნათამაშევი - გარეთ და შინ, მსოფლიოს შესარჩევზე, 1999 წელს; ნუკუალოფაში წავაგეთ, თბილისში - მოვიგეთ. სამოას 2003 წლის მსოფლიოზე შევხვდით და დავთმეთ. იაპონიასთან 2006 წელს, ტესტ-მატჩი ვითამაშეთ ოსაკაში და ისიც დავთმეთ. წაგებით დასრულდა პირველი შეხვედრები აშშ-სა და კანადის ნაკრებებთან 2009 წელს ჩერჩილის თასზე, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ასპარეზობაზე, რეალურად, "ა" ნაკრებით წარსდგა.
იგივე ნაკრებებთან 2010 წელს, თბილისში გამართული ტესტები "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით დასრულდა. საგულისხმოა, რომ აშშ-სთან დაპირისპირებისას, ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმი მოიგეს და თამაშის ბედი დრამატიზმით სავსე ბოლო წუთებზე შემოატრიალეს. წლეულს, კანადისა და აშშ-ს ნაკრებებს 16 და 23 ივნისს შევხვდებით.
ლას ვეგასის კონფერენციაზე 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებას შეაფასებენ; იმსჯელებენ სამომავლო ტურნირის მოდელსა და სტრუქტურაზე. ამას გარდა, განიხილავენ ახალი შეჯიბრის გამართვის დროს და კომერციულ შესაძლებლობებს.
"ტიერ 2"-ის რაგბის კავშირების ხელმძღვანელთა გარდა, შეხვედრას დაესწრებიან მარკ იგანი - რსს-ს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ჰიუ მორგანი - კომერციული დირექტორი; ტომ ჯონსი - რეგიონალური დეპარტამენტის მენეჯერი და ფილიპ ბურდარიასი - ტურნირების მენეჯერი.
rugby.ge