"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთში პირველად ივარჯიშეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასზე 2012 წლის პირველი მატჩისათვის ემზადება.

ქართველი "ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიელი მთავარი მწვრთნელის - მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით პირველ შეხვედრას 11 თებერვალს მადრიდში ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

"ბორჯღალოსნები" ესპანეთში სტამბულის გავლით 9 თებერვალს ჩაფრინდნენ და მადრიდში პირველი ვარჯიშიც ჩაატარეს.

მთელს ევროპაში გაუარესებული კლიმატური პირობების გამო, საქართველოს ნაკრების წევრებს, რომლებიც თბილისიდან 9 თებერვალს გამთენიას გაემგზავრნენ, სტამბულის აეროპორტში მადრიდის რეისზე ლოდინი 6 საათამდე მოუწიათ.

ლამის 4 საათი დასჭირდა ფრენასაც, თუმცა მიუხედავად მგზავრობასთან დაკავშირებული ამ პრობლემებისა, მილტონ ჰეიგმა
ნაკრები მადრიდში ჩასვლისთანავე აეროპორტიდან პირდაპირ სავარჯიშო მოედანზე წაიყვანა და საკმაო დატვირთვით ავარჯიშა, მით უემეტეს, რომ ესპანეთის დედაქალაქში ჩასულ ქართველებს მზიანი ამინდი დახვდათ. მზე და + 9 გრადუსია მოსალოდნელი თამაშის დღესაც.

ქართველმა მორაგბეებმა მადრიდის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სპორტული კომპლექსის - "ორკარიტასის" სარაგბო მინდორზე 24 კაციანი შემადგენლობით ივარჯიშეს.

ჰეიგმა ტრდიციული მოთელვებისა და ბურთთან კონტაქტის სხვადასხვა ვარჯიშების შემდეგ, ნაკრებს რამდენიმე ძირითადი კომბინაცია დაამუშავებინა, ძირითადი ყურადღება დაეთმო შერკინებიდან და აუტიდან ბურთის სწრაფ გათამაშებასა და მეტოქის ჩათვლის მოედნამდე მიტანას. ახალ ზელანდიელმა ვარჯიშის მიწურულს გუნდი ორად გაყო და უკანა ხაზისა და შერკინების მოთამაშეები პოზიციურად ცალ-ცალკე დატვირთა.

პირველი ვარჯიშის შემდეგ, რომელსაც ესპანეთის წარმომადგენლებიც ადევნებდნენ თვალს, ნაკრები მადრიდის ცენტრალურ ზონაში მდებარე სასტუმრო "ფლორიდაში" დაბინავდა.

გუნდი სრულ საბრძოლო ფორმაშია, ტრავმა არავის აწუხებს და შესაბამისად წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობაშიც ცვლილებები არაა მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ამჟამად მილტონთან ერთად შერკინების მწვრთნელი, ასევე ახალ ზელანდიელი კრის გიბსი, ფრანგი ექიმი - ჟაკ ჟორდანი და ინგლისელი ფიზმომზადების მწვრთნელი - კლერს სპენსერი მუშაობენ, ჰეიგის ასისტენტობას კი ილია ზედგინიძე და ილო მაისურაძე ასრულებენ,

ესპანეთთან შერკინების წინა დღეს, 10 თებერვალს "სტადიო უნივერსიდადზე" ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში გაიმართება. ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 11 თებერვალს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აჩვენებს.

რაგბი. ევროპის ერთა თასი.11 თებერვალი. მადრიდი. 19:00
ესპანეთი - საქართველო

სასტარტო შემადგენლობა
15 რევაზ გიგაური ("ბულონი", საფრანგეთი)
14 გიორგი შკინინი ("არმია")
13 დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი)
12 მერაბ შარიქაძე ("გლოსტერი", ინგლისი)
11 ირაკლი მაჩხანელი ("სენტ ეტიენი", საფრანგეთი)
10 მერაბ კვირიკაშვილი ("სენ ჟიუნიენი", საფრანგეთი)
9 ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი", საფრანგეთი)
8 დიმიტრი ბასილაია ("ვალანს დ'აჟენი", საფრანგეთი)
7 გივი ბერიშვილი ("ლოკომოტივი")
6 გიორგი ჩხაიძე ("სენ ჟიუნიენი", საფრანგეთი)
5 კოტე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი)
4 ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი)
3 ბექა შეყლაშვილი ("აჟენი", საფრანგეთი)
2 შალვა მამუკაშვილი ("ყოჩები")
1 მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე", საფრანგეთი)

სათადარიგოები
16 კარლენ ასიეშვილი ("ორტეზი", საფრანგეთი)
17 ლევან ჩილაჩავა ("ტულონი", საფრანგეთი)
18 გიორგი ნემსაძე ("ვალანს დ'აჟენი", საფრანგეთი)
19 გიორგი კალმახელიძე ("არმია")
20 გიორგი ბეგაძე ("ყოჩები")
21 ბექა წიკლაური ("არკად გდინია", პოლონეთი)
22 ალექსანდრე თოდუა ("ლელო")

გუნდს გაყვნენ
ლაშა მალაღურაძე ("ვალანს დ'აჟენი", საფრანგეთი)
ბექა ბიწაძე ("ბრივი", საფრანგეთი)

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული