თავყრილობა ახალი ტურნირის დაფუძნების თაობაზე დისკუსიას მიეძღვნა. ამ მნიშვნელოვან ფორუმში საქართველოდან მონაწილეობდა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი ლაშა ხურციძე.
შეხვედრის დეტალებზე და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ნიჟარაძე გვესაუბრება.
- ეს იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა. IRB-ს მაღალჩინოსნებთან ერთად ჩვენი რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვაში რუმინეთის, რუსეთის, ტონგას, სამოას, ფიჯის, კანადის, აშშ-სა და იაპონიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. მოწვეული იყო
უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკებები უმძიმესი გამოდგა, რადგან ყველა ქვეყანას ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. მათი მიზნები და ამოცანები ერთმანეთს არაფერში ემთხვეოდა. თავად განსაჯეთ, ამერიკა და კანადა, ჩვენგან და იაპონიისაგან განსხვავებით, რაიმე ტურნირში არ თამაშობს. იგივე პრობლემა აქვთ კუნძულელებს. ამასთან განსხვავებული სანაკრებო ფანჯარა აქვს ჩრდილოეთსა და სამხრეთ ნახევარსფეროებს.
- IRB-ს თუ ჰქონდა ტურნირის რაიმე ვარიანტი შემუშავებული, რომელზეც უნდა გემსჯელათ?
- IRB-მა სამი ვარიანტი შემოგვთავაზა. ერთი იყო რვა გუნდა, რომელიც მატჩების მიმოსვლით ჩატარებას ითვალისწინებდა, ოღონდ ისე, რომ გამარჯვებული არ ვლინდებოდა. დანარჩენი ორი განსხვავებული ფორმატით იყო დაგეგმილი.
რეალურად გამოგვდიოდა წელიწადში 13 თამაში. გაზაფხულზე ერთა თასი, ივნისში ძლიერ გუნდებთან შეხვედრები, რაც წარმოუდგენელია, რადგან წელიწადის მაგ დროს ეროვნული გუნდის ძირითად შემადგენლობას ვერ ვკრებთ. ამას ემატება ფინანსური პრობლემებიც. ერთი სიტყვით, ჩვენ IRB-ს არცერთ ვარიანტს არ დავყაბულდით.
- ესე იგი შეთანხმება არ შედგა?
- შეთანხმება შედგა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ის პროექტი, რაც ჩვენ შევთავაზეთ, მიგვაჩნია, რომ იდეალურია. უბრალდ IRB-მა დრო ითხოვა, რათა დეტალები დააზუსტოს და დაახლოებით მიმდინარე კვირის ბოლოს ოფიციალურად გააცხადებს გადაწყვეტილების თაობაზე.
- ახლახან საქართველოს ნაკრებმა სტუმრად მოულოდნელად წააგო ესპანეთის ნაკრებთან. როგორ შეფასებას მისცემდით ჩვენი გუნდის თამაშს მადრიდში?
- ცხადია, ძალიან ცუდია, რომ წავაგეთ. ეს ჩვენივე სრულიად გაუმართლებელი შეცდომების გამო მოხდა. ესპანეთს კარგად არ უთამაშია, ჩვენ ვითამაშეთ ცუდად და ამიტომაც წავაგეთ. თუმცა ამასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ყველა გუნდს ემართება დაღმასვლა.
ნაკრებს, უამინდობის გამო, წესიერი საწვრთნელი პროცესიც არ ჰქონია. გუნდი ძირითადად დარბაზში ემზადებოდა და მხოლოდ ორჯერ მიეცა შესაძლებლობა გაშლილ მოედანზე ევარჯიშა.
ძალიან ცუდი იყო, რომ უკრაინასთან თამაში არ ჩატარდა. რადგან იმ ხარვეზებს, რაც ესპანეთში გამოჩნდა, მწვრთნელები უკვე უკრაინასთან მატჩში შენიშნავდნენ და გამოასწორებდნენ. კარგი ამ ყველაფერში ისაა, რომ ციდან მიწაზე დავეშვით, რომ ჩავარდნა დასაწყისში გვქონდა და არა ბოლოში.
- წაგების ერთ-ერთ მიზეზად გუნდის ექსპერიმენტული შემადგენლობა ანუ დებიუტანტთა სიმრავლე სახელდება.
- მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა გულშემატკივრებს, რომ ლმობიერება გამოიჩინონ. ვიმეორებ, რომ ქართულ რაგბიში დასრულდა განვითარების ერთი ეტაპი და დაიწყო მეორე, თვისობრივად უფრო განსხვავებული. აქამდე ნაკრების წევრებს ვირჩევდით დაახლოებით 40 მორაგბედან. ეს რიცხვი აუცილებლად უნდა გავზარდოთ ასამდე.
ამის მისაღწევად კი აუცილებელია, რაც შეიძლება მეტ პერსპექტიულ მოთამაშეს მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. ახალი მოთამაშეების შემოწმება მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
მარტში საქართველოს A ნაკრები ინგლისში გაემგზავრება, სადაც გუნდს მილტონ ჰეიგიცა და კრის გიბსიც გაჰყვებიან. იქ გარკვეული რაოდენობის ახალ მოთამაშეებს ნახავენ. მერე ივნისში, უძლიერესი შემადგენლობის შეკრებას, დიდი ალბათობით, ვერ შევძლებთ, მაგრამ, ვინც კანადისა და აშშ-ს ნაკრებებთან ითამაშებს, მათთვის ეს გამოცდილების მიღებისა და თავის გამოჩენის შესანიშნავი ასპარეზი იქნება.
ყოველივე ამის შემდეგ, მწვრთნელები თვითონ გადაწყვეტენ ისეთი მორაგბეები აიყვანონ ნაკრებში, რომლებიც მათი სათამაშო კონცეფციის განხორციელებას შეძლებენ. ასე რომ, ერთი წელიწადი ძიებისა და ექსპერიმენტების იქნება. ცუდია, ესპანეთთან რომ წავაგეთ, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის.
- მომდევნო შეხვედრა ერთა თასზე პორტუგალიის ნაკრებთან გვაქვს. იმედია, ამ მატჩისთვის ნაკრებში ყველა უძლიერესი იქნება.
- პორტუგალისათან ყველა უძლიერეს მორაგბეს გამოიძახებენ. მაგრამ აქ სხვა პრობლემამ იჩინა თავი. ეროვნულ სტადიონზე რეკონსტრუქციაა, ვაკეში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოედანი მოყინულია და ისე გამოდის, რომ პრინციპულ მეტოქესთან ავჭალის სტადიოზე მოგვიწევს თამაში, რომელიც 2 ათას მაყურებელს იტევს.
არადა, მატჩის ნახვის მსურველი ბევრად მეტი იქნება. ამიტომ მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო, ეს ჩვენი ბრალი არ არის.
- რუსეთის ნაკრებთანაც ავჭალის სტადიონზე ვითამაშებთ?
- არა, რუსებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვუმასპინძლებთ. ვფიქრობ, სადაო არ უნდა იყოს, რომ ეროვნული ნაკრები ქვეყნის საუკეთესო არენაზე უნდა ასპარეზობდეს. მით უფრო, რომ წლეულსვე, ნოემბერში ძალიან საინტერესო თამაშები გველის და გამორიცხული არ არის, გაისად თბილისში სერიოზული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"