ერთი წელი ახალ ზელანდიამდე

AutoSharing Option


2011 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე ზუსტად ერთი წელი დარჩა. მსოფლიო რაგბის უდიდესი ფორუმი მომავალი წლის 9 სექტემბერს ახალი ზელანდიისა და ტონგას ნაკრებთა მატჩით გაიხსნება ოქლენდის "ედენ პარკზე".
მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა კი ორი დღის მერე ველინგტონში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება. ტურნირი ექვს კვირას გასტანს და 23 ოქტომბერს ოქლენდში, "ედენ პარკზე" გამართული ფინალით დასრულდება.

2011 წლის მსოფლიო თასის ორგანიზატორები მზადების პროცესით კმაყოფილნი არიან.
"ჩვენ ისეთ ტურნირს მოვაწყობთ, რომ ყველა ახალზელანდიელი იამაყებს. სტადიონები ნელ-ნელა სიცოცხლეს იძენენ. სარაგბო კლუბები, საზოგადოებები, რეგიონული ფედერაციები ყოველდღიურად აქტიურად

არიან ჩართულნი მზადების ფერხულში. ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენი ქვეყანა კარგად წარმოვაჩინოთ მსოფლიოში. " - თქვა 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარტინ სნედენმა.

მიუხედავად მსოფლიოს ფინანსური კრიზისისა და მიწისძვრისა, რომელმაც ქალაქი ქრაისთჩერჩი საგრძნობლად აზარალა, მასპინძლები შესანიშნავ შოუს გვპირდებიან.

IRB-ს შეფმა ბერნარ ლაპასემ თქვა:
"ეჭვიც არ მეპარება, რომ ახალი ზელანდიაში ყველაფერი ბრწყინვალედ იქნება ორგანიზებული. მზდება სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და მსოფლიო რაგბის თემი მოუთმენლად ელის ზეიმს. მსოფლიო თასის მეშვიდე გათამაშება ხომ ძველი სარაგბო კულტურის ქვეყანაში გაიმართება.

ქრაისთჩერჩში მომხდარმა მიწისძვრამ, ცხადია, გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა. თუმცა, ამ ეტაპზე არვითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეს ქალაქი მსოფლიო თასს ვერ უმასპინძლებს. აქ შვიდი თამაში უნდა გაიმართოს და ორგანიზატორები ინჟინრებთან ერთად ყველაფერს აკეთებენ სტადიონის შესაკეთებლად. უკიდურეს შემთხვევაში გვაქვს გეგმა "B", რომლის მიხედვითაც ქრაისთჩერჩის ნაცვლად, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კუნძულებზე თითო ქალაქი მზადაა, მსოფლიო თასის მონაწილეებს უმასპინძლოს.
სხვა ქალაქებში საქმე წინ მიდის. ოქლენდში "ედენ პარკი" 10 ოქტომბერს გაიხსნება. ოტაგოს ახალი სტადიონის მშენებლობა კი მომავალი წლის დასაწყისში დამთავრდება. სხვა სტადიონებზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებას კი უკვე წლის ბოლოს ვაპირებთ".
მალე დაიწყება მსოფლიო თასის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის მეორე ფაზა. პირველმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. უკვე გაყიდულია 503 ათასი ბილეთი. მყიდველთა შორის 20 ათასი უცხოელი რაგბის ქომაგია.

ამასთან, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ ქომაგთა მობილიზაცია დაიწყო. "ბოკე" ახალ ზელანდიაში "ვებ ელისის" თასის შენარჩუნებას ეცდება და, ცხადია, საამისოდ გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფში არგენტინასთან, ინგლისთან, შოტლანდიასთან და რეპეშაჟიდან ამოსულ გუნდთან ერთად იასპარეზებს. "ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქე ნოემბრის ბოლოს გაირკვევა. მსოფლიო თასის ბოლო საგზურისთვის ერთმანეთს ურუგვაისა და რუმინეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში პირვალ მატჩს 14 სექტემბერს დანიდინის "ქარისბრუკზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მერე კი მიწისძვრით დაზარალებულ ქრაისთჩერჩში გადაინაცვლებს, სადაც 2007 წლის მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისის ნაკრებს "ემი სთედიუმზე" დაუპირისპირდება.

ამის შემდეგ "ბორჯღალოსნებს" ცხრადღიანი შესვნება ექნებათ და ჯგუფში ბოლო ორ მატჩს 28 სექტემბერსა და 2 ოქტომბერს, შესაბამისად, რეპეშაჟის გამარჯვებულთან და არგენტინის ნაკრებთან", პალმერსტონ ნირდში "არენა მანავატუზე" გამართავენ.
აღსანიშნავია, რომ B ჯგუფში მეორე ადგილის მფლობელი A ჯგუფის გამარჯვებულს, სავარაუდოდ, ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველ ადგილზე გასული კი ამავე ჯგუფის მეორეადგილოსანთან, სავარაუდოდ, საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან მოსინჯავს ძალებს.

მსოფლიო თასი
A ჯგუფი: ახალი ზელანდია, საფრანგეთი, ტონგა, კანადა, იაპონია
B ჯგუფი: არგენტინა, ინგლისი, შოტლანდია, საქართველო, რეპეშაჟი
C ჯგუფი: ავსტრალია, ირლანდია, იტალია, რუსეთი, აშშ
D ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, უელსი, ფიჯი, სამოა, ნამიბია.

B ჯგუფის კალენდარი:
10 სექტემბერი: შოტლანდია-რეპეშაჟი, არგენტინა-ინგლისი
14 სექტემბერი: საქართველო-შოტლანდია
17 სექტემბერი: არგენტინა-რეპეშაჟი
18 სექტემბერი: საქართველო-ინგლისი
24 სექტემბერი: ინგლისი-რეპეშაჟი
25 სექტემბერი: არგენტინა-შოტლანდია
28 სექტემბერი: საქართველო-რეპეშაჟი
2 ოქტომბერი: საქართველო-არგენტინა, ინგლისი-შოტლანდია.

ლელო
 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული