მზად ვართ, საქართველო კიდევ ერთხელ გავახაროთ!

AutoSharing Option
17 მარტს საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

"ბორჯღალოსნებმა" 16 მარტს ბოლო, კაპიტნის ვარჯიში გამართეს. თუმცა მანამდე მოედანი რუსთა ნაკრებს დაუთმეს.

სტუმრებმა, ისევე როგორც ჩვენმა გუნდმა, ჟურნალისტებისთვის ვარჯიში მხოლოდ საწყის 15 წუთში გახსნეს. ეს დრო ორივე გუნდმა მოთელვას დაუთმო. თამაშისთვის მომზადებული კომბინაციების დახვეწა კი დახურულ კარს მიღმა განაგრძეს.

როგორც ვწერდით, საქართველოს
ნაკრების რიგებში სამი ცვლილებაა. წელს პირველად ითამაშებენ ეროვნულ გუნდში ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) და პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი). ყიასაშვილი ძირითად შემადგენლობაში ტრავმირებული გიორგი შკინინის (არმია) ადგილს დაიკავებს. ხინჩაგიშვილი კი სათადარიგოთა შორის იქნება.

რუმინელებთან მატჩში ცნობილი ინციდენტის გამო დისკვალიფიცირებული ვიქტორ კოლელიშვილის (კლერმონი) ნაცვლად გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი) ითამაშებს. სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ (ვალანს დაჟენი). მის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) იასპარეზებს.

"ბორჯღალოსნებმა" კაპიტნის ვარჯიშზე განსაკუთრებული ყურადღება დერეფანში თამაშსა და მეტოქის მედანზე ბურთის გადატანის შემდეგ, კონტრშეტევის მოგერიებაზე გაამახვილეს. ცხადია, გარკვეული დრო დაუთმეს რაკში ბურთის დროულად გაწმენდასა და ხელდახელ ბურთაობას.

გასულ უქმეებზე უკრაინასთან გამართულ მატჩში მოთამაშე შემადგენლობიდან, რუსთა გუნდს დააკლდა გარემარბი დენის სიმპლიკევიჩი (ენისეი). სამაგიეროდ, ნაკრების უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯოუნზმა ისევ გამოძახა ეროვნულ გუნდში მესამეხაზელი ვიქტორ გრესევი (ვოსფსი) და ცხრა ნომერი ალექსანდრ იანუშკინი (ვვა).

რუსეთის ნაკრებს სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ დაეხმარებიან შერკინების კვაჭი ვლადისლავ კორშუნოვი (ვოსფსი), მეორეხაზელი ანდრეი ოსტრიკოვი (სეილ შარქსი), ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი) და გარემარბი ვლადიმირ ოსტროუშკო (კრასნოდარი).

რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ითამაშებს მესამეხაზელი პაველ კვერნაძე. ის სათადარიგოთა შორის იქნება.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"მინდა ყველა გულშემატკივარს მივმართო, რომ მთელი თავისი ენერგია მოახმარონ საქართველოს ნაკრების ქომაგობას. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მორაგბეები რუს მორაგბეებთან მეგობრობენ. გთხოვთ იყოთ კორექტული მათ მიმართ. ნუ დავარღვევთ რაგბის ტრადიციებს.

ამასთან ერთად, ყველა ქომაგს სკამზე დახვდება თეთრი ან წითელი ფერის კვადრატის ფორმის ფურცელი, რომლებსაც თამაშის დაწყებამდე ორჯერ აღვმართავათ.
პირველად, როცა გუნდები მატჩის წინ მოედანზე გამოვლენ და მეორედ, მაშინ, როცა საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილი დასრულდება.

მატჩი ძალიან დაძაბული, უშეღავათო გამოვა. ნურავინ მოტყუვდება იმით, რომ რუსეთის ნაკრებმა რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბე დაიმატა. ამ გუნდში, ისევე როგორც ჩვენთან, გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. ეს ის ნაკრებია, რომლის წინააღმდეგაც უახლოესი წლების განმავლობაში მუდმივად მოგვიწევს ასპარეზობა.

საქართველოს ნაკრები საბრძოლველად მზადაა. თუ რუსეთთან შეხვედრაში ერთ საპრემიო ქულასაც ავიღებთ, ერთა თასის მოპოვება თითქმის განაღდებული გვექნება".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისპირების ისტორიის შესახებ, ცხადია, ვიცი. ამ მატჩის მნიშვნელობა უზარმაზარია, მაგრამ ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ მხოლოდ თამაშზე. რუსებთან ეს შეხვედრა არის მხოლოდ რაგბის მატჩი და მეტი არაფერი. ამიტომ, მორაგბეებს მთელი ყურადღება დავალების შესრულებაზე ექნებათ გადატანილი და აბსოლუტურად თავისუფალნი იქნებიან სხვა ემოციებისგან.

ვიცით, რომ მატჩი დაძაბული, უშეღავათო იქნება, მაგრამ რაც მოედანზე ხდება, ის იქვე, მოედანზევე რჩება. ჩვენი მორაგბეები იღონებენ, რათა ისე ითამაშონ, რომ მათმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იამაყონ ამით.

არ გვაინტერესებს რა წინააღმდეგობა არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. რაგბი სამყარო ერთი დიდი ოჯახია და თამაშის მერე ყველა მორგბე ერთია, მიუხედავად იმისა, რა ფერის კვართი ეცვა.

რუსეთის ნაკრები საკმაოდ ძლიერი, ფიზიკურად ღონიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. შეძლებისდაგავარად, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ მათი თამაშების ვიდეოჩანაწერები. როგორიც უნდა იყოს ჩვენს შორის შეხვედრების სტატისიკა, ამ გუნდის სათანადოდ შეუფასებლობა არ შეიძლება".

ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"გვიხარია, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის ნაკრებს თბილისში ვეთამაშებით. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი ხალხი.
ქომაგების გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდით. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც გულმხურვალედ გაგვამხნევებენ. თუმცა, მინდა, ყველას ვთხოვო, რომ პატივისცემით მოვეპყრათ მოწინააღმდეგეს. მატჩმა შეიძლება მოედანზე არც შეხლა-შემოხლის გარეშე ჩაიაროს. თუმცა ეს მხოლდ სპორტული ჟინის გამო ხდება. მოედნის მიღმა ჩვენ ბევრ მათგანთან ვმეგობრობთ".

კინგსლი ჯოუნზი, რუსეთის ნაკრების მწვრთნელი:
"ძალიან რთული მატჩი გველის. ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის ეს კარგი გამოცდა იქნება. მე უელსელი ვარ. ჩვენ და ქართველები ძალიან ვგავართ ერთმანეთს. დიდ პატივს გცემთ და საფრანგეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს შორის ძალიან ბევრი მეგობარი მყავს.

ჩვენთვის მთავარი პრობლემა სტატიკურ მდგომარეობაში თამაში იქნება. თუ შევძელით საქართველოს ნაკრების ამ უპირატესობის განეიტრალება, მაშინ ჩვენ უკანა ხაზს შეუძლია მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნას. ამასთან ერთად მეტოქეს არ უნდა მივცეთ საშუალება ფეხით ჩვენ მოედანზე გადმოიტანოს ბურთი და იქ გვეთამაშოს.

ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა გვყავს, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს ნაკრებთან თამაშის კომპლექსი. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ კარგ შედეგს ვაჩვენებთ. ჩვენთვის მთავარია დავიჯეროთ, რომ საქართველოს ნაკრებთან მოგება შეგვიძლია".

ალექსანდრ იანუშკინი, რუსეთის ნაკრების კაპიტანი:
"ჩვენ გუნდი სანახევაროდ ახალგაზრდა მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. მათ ბევრი აქვთ დასამტკიცებელი და იმედი მაქვს კარგი თამაში გამოგვივა. გვინდა რომ მოვიგოთ, ადრეც გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვდიოდა. 19 წელიწადია საქართველოს ნაკრებისთვის არ მოგვიგია. ეს ძალიან დიდი დროა".

საქართველო-რუსეთი
საქართველოს ნაკრები
15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გივი ბერიშვილი 8. მამუკა გოროგძე.
16. რეზო ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. გიორგი ნემსაძე, 19. დიმიტრი ბასილაია, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. თედო ზიბზიბაძე.

რუსეთის ნაკრები
15. იური კუშნარიოვი, 14. მიხაილ ბაბაევი, 13. სერგეი ტრიშინი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. ანდრეი ოტროკოვი, 10. ანტონ რიაბოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. ნაზარ გასანოვი, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. დენის ანტონოვი, 5. კირილ კულემინი, 6. არტიომ ფატახოვი, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. ვიქტორ გრესევი.
16. კირილ კოპეშკინი, 17. მაქსიმ სტურზა, 18. ვლადიმერ ბოლტენკოვი, 19. პაველ კვერნაძე, 20. ალექსანდრ შაკიროვი, 21. პაველ ბუტენკო, 22. დიმიტრი გერასიმოვი.

რუმინეთი-ესპანეთი
რუმინეთის ნაკრები
შერკინება: ანდრეი ურსაკე, ანდრეი რადონი, მიჰაი მაკოვეი (სამიცე-ბაია მარე), მიჰაიტა ლაზარი, ვალენტინ ურსაკე (ორივე-ექსი), ფლავიუს დობრე, ადრიან იონი (ორივე-დინამო), პაულიკა იონი (ლონდონ აირიში), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), დანიელ კარპო (ტიმიშოარა), ანდრეი გორჩიოაია (კასტლსარასინი).
უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ, ფლორინ ვლაიკუ (ორივე-ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), დორინ მანოლე (ორტეზი), ჩაბა გალი, კრისტიან დინისი, იონუც ნიაჩსუ (სამივე-ბაია მარე), კონსტანტინ გეარა, ადრიან აპოსტოლი (ორივე-ფარული), იულიან დუმიტრაში (ლურდი).

ესპანეთის ნაკრები
ტომ პარკერი (ორდიზია), გლენ როლსი (ვალიადოლიდი), რაიან ლერუ, კრეიგ ლაიონზი, სერხიო გერერო (სამივე-სანტაბოიანა), ხოსე კარლოსი (ვიგო), ჯო ჰატჩინსონი, ჯონათან ფიპსი (ორივე-ლა ვილა), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ხესუს ნუნესი (ლილი), ბენატ ეჩეპერი, მატიო ვისენსანგი (ორივე-ტიროსი), სებასტიან რუე, ხაიმე ნავა (ორივე-სენტ ეტიენი), მატიო პელუკონი (ოში), სერხი ობენალი (კლერმონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), იონ ინსაუსტი (სენ ჟან და ლუზი), მანუელ გარსია (კასტრი), ანტონი პრადალი, ადრიენ აიესტარანი (ორივე-პერიგო), მატიო როსა (ორიაკი), დავიდ ბარერა (მონ დე მარსანი), სესარ სემპერე (ნორსჰემპთონი).

უკრაიანა-პორტუგალია
უკრაინის ნაკრები
15. ვიაჩესლავ პონომარენკო, 14. ვიტალი კრასნოდემსკი, 13. ოლეგ კოსარევი, 12. დენის მასიუკოვი, 11. მაქსიმ კრავჩენკო, 10. სერგეი ცერკოვნი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. ოლეგ ლიტვინენკო, 2. მიკოლა კირსანოვი, 3. ევგენი ჩაიკა, 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. ოლექსანდრ ცარენკო, 6. დმიტრო ფედიშინი, 7. რუსლან რადჩუკი, 8. ჯაბა მალაღურაძე.
16. ვიტალი კრამარენკო, 17. ოლექსანდრ პოლიანსკი, 18. ედუარდ ვერტილეცკი, 19. იური პიდგანიაკი, 20. მიკოლა დელიერგიევი, 21. სერგიი მონასტირიოვი, 22. ტარას მარჩენკო.

პორტუგალიის ნაკრები
შერკინება: ჟოზე და კოსტა, ჟორჟე სეგურადო, ჟოაო მატეუში, დუარტე ფორო, ვასკო მარკესი, ფრედერიკო ვასკონსელოსი, რუი დორეი, გონსალო უვა, ჟოაო პაივა, ვასკო უვა, ლუის სოუსა, ჟუან სევერინო.
უკანა ხაზი: ვასკო ნავალინაში, ლორენცო კადოში, იანიკ რიკარდუ, მანუელ კოსტა, ჩარლი მორაიში, ჟოზე ლიმა, ბერნარდო კამპელო, სერჯიო ფრანკო, ანტონიო აგილარი, ედუარდო სალგადო, ნონო კოსტა.

ერთა თასი 2012
ა თ მ ფ წ ბ ქ
1.ესპანეთი 3 2 0 1 +36 10
2.საქართველო 3 2 0 1 +24 10
3.რუმინეთი 3 2 0 1 +27 10
4.რუსეთი 3 2 0 1 -5 9
5.პორტუგალია 4 1 0 3 -28 6
6.უკრაინა 2 0 0 2 -54 0

ორი წლის ჯამი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 8 7 0 1 +157 32
2.რუმინეთი 8 5 0 3 +124 26
3.ესპანეთი 8 4 0 4 -47 20
4.რუსეთი 8 4 0 4 -3 20
5.პორტუგალია 9 4 0 5 -13 20
6.უკრაინა 7 0 0 7 -218 0

ერთა თასი. V ტური
17 მარტი
საქართველო-რუსეთი
ესპანეთი-რუმინეთი
უკრაინა-პორტუგალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული