დავით კაჭარავა: "ბორჯღალოსნების" წარმატების საიდუმლო ერთსულოვნებაა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ რაგბის ისტორია საქართველოში ნახევარ საუკუნეს მაინც ითვლის, სპორტის ეს სახეობა ჩვენთან ასეთი პოპულარული არასდროს ყოფილა. 

17 მარტს, რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას, ქართველი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებამ (ანგარიშით 46:0) მთელი საქართველო აალაპარაკა.

მორაგბე დავით კაჭარავას ინტერვიუსთვის მატჩის მეორე დღეს, საფრანგეთში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე შევხვდი. ცნობისთვის, ის 1994 წლიდან "ყოჩებში" თამაშობდა, "ბორჯღალოსნებში" მისი დებიუტი კი 2004 წელს შედგა.

ჩვენს საუბარს მორაგბის მეუღლე - ანკა დუნდუა ესწრებოდა და ბუნებრივია, მათი ოჯახითაც დავინტერესდი.

- დათო, პირველ რიგში, გამარჯვებას გილოცავთ. ქართველი ქომაგები ძალიან გაახარეთ.
თამაშს როგორ შეაფასებთ?
- მოლოცვისთვის დიდი მადლობა! მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას უნდა მივაღწიოთ! რუსეთის ნაკრებთან ასეთი ანგარიშით პირველად მოვიგეთ. გუშინდელი შეხვედრისას რუსებმა მაყურებლისგანაც დიდი ფსიქოლოგიური წნეხი მიიღეს - ჩვენს საქომაგოდ უამრავი გულშემატკივარი მოვიდა, რაც ძალიან მახარებს. ჩვენი მოწინააღმდეგე დაიძაბა, თამაში არ გამოუვიდა.

- როგორც ვიცი, გამარჯვება ბანკეტით აღნიშნეთ. საღამომ როგორ ჩაიარა?
- საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ეს მოსახლეობაზე არ უნდა აისახოს. ჩვენ შორის ამ ყველაფრის გამო არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა და უფრო მეტიც - შემიძლია გითხრათ, რომ ვმეგობრობთ.

- რუსეთის ნაკრების წევრები მატჩის შესახებ რას ამბობდნენ?
- თავად ამბობდნენ, რომ ექსპერიმენტული შემადგენლობა ჰყავდათ. ისიც აღნიშნეს, რომ ჩვენ კარგად ვითამაშეთ, ღირსეული მეტოქეობა გავუწიეთ.

Sportall.Ge- დათო, სპორტის ამ სახეობით რა ასაკიდან დაინტერესდით?
- 9 წლის ვიყავი, სპორტის ამ სახეობამ რომ გამიტაცა.

- მაშინ რაგბი ასეთი პოპულარული არ იყო და ინტერესი საიდან გაგიჩნდათ?
- მართალია, პოპულარული არ იყო. მახსოვს, პირველად პირდაპირ ასფალტზე ვივარჯიშე და სახლში რომ დავბრუნდი, მუხლები გადატყავებული მქონდა. მაშინ მეგონა, რაგბის აღარასოდეს ვითამაშებდი, მაგრამ ტკივილი მალე დამავიწყდა, რაგბი კი შემიყვარდა.

- ნაკრების წევრობამდე რთული გზა გაიარეთ?
- რთული, მაგრამ ამავდროულად, სასიამოვნო გზა გავიარე. ხომ იცით, რაც მეტ სირთულეს დაძლევ, შედეგი მით უფრო სასიამოვნოა.

- როგორც ვიცი, ახლა ერთ-ერთ ფრანგულ კლუბში თამაშობთ...
- მესამე წელია, კლუბ "ნიცაში" ვარ.

- საქართველოს ნაკრების წევრების უმეტესობა საფრანგეთის სხვადასხვა კლუბში თამაშობს. თქვენი ამ ქვეყანაში თავმოყრა როგორ მოხდა?
- ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ფრანგი მწვრთნელი ჰყავდა და სწორედ მან გაგვიხსნა გზა საფრანგეთისკენ. როცა იქაურმა პროფესიონალებმა ჩვენი ბიჭების თამაში ნახეს, ქართველი მორაგბეებით დაინტერესდნენ.

Sportall.Ge- როგორც მეტოქეები, მოედანზე ერთმანეთს თუ შეხვედრიხართ?
- ასეთი რამ ხშირად ხდება. სპორტი სპორტია - ანუ არა აქვს მნიშვნელობა, ვის ეთამაშები. მთავარი გამარჯვებაა... მოხარული ვარ, რომ ქართული რაგბის განვითარებაში სახელმწიფომ და "ქართუ" ჯგუფმა დიდი ფული ჩადეს. დედაქალაქსა და რეგიონებშიც რამდენიმე ბაზა ააშენეს. ჰოდა, ახალგაზრდებს ასფალტზე ვარჯიში აღარ უწევთ. იმედია, კარგი თაობა წამოგვეწევა. მინდა აღვნიშნო, რომ ქართული რაგბის პოპულარობაში დიდი როლი ჩვენმა წინა თაობამ ითამაშა. სპორტის ამ სახეობის აღმასვლა 2003 წლიდან - ანუ მაშინ დაიწყო, როცა ქართველი მორაგბეები მსოფლიოს თასზე სათამაშოდ გავიდნენ...

- ანკა, მიამბეთ, დათო როგორ გაიცანით?
- დათი წყნეთში გავიცანი. წელს ქორწინებიდან 5 წელი გვისრულდება. ისე კი, 9 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ.

- გამოდის რომ, თქვენით და რაგბით ერთდროულად დაინტერესდა...
- (იცინის) 13 წლის ვიყავი, როცა გავიცანი. მაშინ მეგობართან ერთად, კიკეთში ვისვენებდი. ის გოგო დათის მეგობარს მოსწონდა. ჰოდა, ერთ დღეს თაყვანისმცემელთან შესახვედრად რომ წავიდა, მეც გავყევი, დათი კი თავის მეგობარს მოჰყვა და... უკვე გითხარით, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ერთი წელი ვმეგობრობდით, ერთმანეთი ახლოს გავიცანით, მერე სიყვარული მოვიდა და დღეს ერთად ვართ.

- რით მოგხიბლათ?
- ღიმილით. რაღაც განსაკუთრებული ღიმილი, კეთილი თვალები აქვს და სხვათა შორის, ამას ყველა აღნიშნავს. უზომოდ პატიოსანია - ეს ყველაფერი სახეზეც აწერია.

- დათო, ანკამ თქვენზე როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?
- მთელი წლის მანძილზე მატყუებდა, - 16 წლის ვარო. სიმართლე მოგვიანებით კი გავიგე, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მიყვარდა.

Sportall.Ge- მისი გულის მოგება გაგიჭირდათ?
- არა. გრძნობა ორივესთან ერთდროულად მოვიდა, ორივე მოწადინებულები ვიყავით.

- შვილი გყავთ?
ანკა:
- პატარა ნიკოლოზი გვყავს, რომელიც 31 მარტს 3 წლის გახდება.

- ე.ი. კიდევ ერთი მორაგბე კაჭარავა იზრდება...
- კი, მორაგბეების დიდი გულშემატკივარია. რაგბის ბურთს "მამიკოს ბურთს" ეძახის.

- თავად რა პროფესიის ხართ?
- ტურიზმის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მენეჯერი ვარ, მაგრამ ჯერჯერობით მუშაობის დაწყება ვერ მოვახერხე. ახლა ნიკოლოზი ბაღში დაგვყავს (ოღონდ - საფრანგეთში) და იმედია, სექტემბრიდან მეც შევძლებ მუშაობის დაწყებას.

- საფრანგეთში ცხოვრებას როგორ შეეჩვიეთ?
- ნიცაში ვცხოვრობთ. სიმართლე გითხრათ, იქ ყოფნა, ცოტა არ იყოს, მიჭირს. როცა დათის დღეში 2 თამაში აქვს, სახლში უმეტესად, მარტო ვარ და ველოდები, როდის დაბრუნდება. ძნელია იმ მხრივაც, რომ ჩემები მენატრებიან, მაგრამ რას ვიზამ - დათის გარეშე თბილისში დარჩენა უფრო აუტანელი იქნებოდა...

- ხშირად ჩამოდიხართ?
დათო:
- თამაში ხშირად გვაქვს - წელიწადში 7-ჯერ მაინც გვიწევს ჩამოსვლა. იანვარში, საახალწლოდაც მოვდივართ და ზაფხულშიც, დროის გარკვეულ ნაწილს აქ ვატარებთ.

- ანკა, მეუღლეს როგორ დაგვიხასიათებთ?
- ძალიან თბილია, მაგრამ ნაკლებად რომანტიკული და ხანდახან ამის გამო ვუბრაზდები (იცინის).

Sportall.Ge- სიურპრიზებს არ გიწყობთ?
- თუ რაიმეზე ვიტყვი, მომეწონა-მეთქი, აუცილებლად წავა, შეიძენს და მაჩუქებს. საჩუქრებს, უმეტესად, ჩემი გემოვნების მიხედვით ყიდულობს და როცა რაღაცას მჩუქნის, თავადაც ბედნიერია. 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემს სახელზე ლელო დადო - ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო საჩუქარი გახლდათ.

სხვათა შორის, მაშინ დანიშნულები ვიყავით და როგორც კი ლელო დადო, ნიშნობის ბეჭედს აკოცა. დათისთან ურთიერთობის ყოველი დღე ფერადია. ჩვენ ისევ შეყვარებულობის პერიოდი გვაქვს... დღეს საფრანგეთში უნდა წავიდეს. სამწუხაროდ, მასთან ერთად გამგზავრებას ვერ ვახერხებ - აქ 2 კვირით მიწევს დარჩენა და განშორებას ძალიან განვიცდი.

- რაგბიში რამდენად კარგად ერკვევით?
- რაგბი შემიყვარდა და ყველა თამაშზე დავდივარ. სიმართლე გითხრა, წესებში კარგად ვერ ვერკვევი. "ბურთის დაფარებას" რომ ეძახიან, ეს არ ვიცი, რას ნიშნავს - ანუ ტერმინები ვიცი, მათი მნიშვნელობა - ნაკლებად.

- ქართველი მორაგბეების მეუღლეებთან თუ მეგობრობთ?
- რა თქმა უნდა! ირაკლი აბუსერიძის, მერაბ კვირიკაშვილის, ლაშა მალაღურაძის, რეზი გიგაურის მეუღლეებთან ვმეგობრობ, მაგრამ შეკრებას ხშირად ვერ ვახერხებთ.

- როცა მეუღლეები სათამაშოდ გადიან, მათ როგორ გულშემატკივრობთ?
- სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის თასზე თამაშისას ისე დაემთხვა, რომ ყველანი თბილისში ვიყავით. მაშინ ორგანიზებულად ერთ-ერთ კაფეში შევიკრიბეთ. მთავრობის წევრები, სხვა ქომაგებიც შემოგვიერთდნენ და ყველამ ერთად ვუგულშემატკივრეთ.

Sportall.Ge- დათო, მომავალი თამაში უკრაინის ნაკრებთან გექნებათ, არა?
- დიახ. ერთმანეთს უკრაინაში 9 ივნისს შევხვდებით. სხვათა შორის, რუსეთის ნაკრებამდე უკრაინასთან უნდა გვეთამაშა, მაგრამ ძლიერი ყინვების გამო თამაში ზაფხულისთვის გადაიდო. თუ უკრაინელებსაც დავამარცხებთ, ევროპის ერთა თასის ჩემპიონები გავხდებით. წელს ევროპის ერთა თასის გათამაშებაში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები ავტომატურად, ერთმანეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე (რომელიც 2015 წელს ჩატარდება) შეხვდებიან... გარდა ამისა, არაერთი ტესტ-მატჩი გვაქვს ჩასატარებელი კანადაში, ამერიკასა და არგენტინაში...

- ქართველი "ბორჯღალოსნების" წარმატების საიდუმლო რა არის?
- ერთსულოვნება! ჩვენ ერთმანეთის გვერდით დგომა შეგვიძლია. მებრძოლი სული გენეტიკურად მოგვდევს, სისხლში გვაქვს გამჯდარი და ეს ბევრ რამეში გვეხმარება.

- დათო, ნაკრების წევრები თამაშის წინ, ერთმანეთის გასამხნევებლად რამე რიტუალს თუ ასრულებთ?
- თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, წრეში ვდგებით. კაპიტანი მოგვმართავს, მერე ყველა ჩვენს სათქმელს ვამბობთ, ერთმანეთს შევუძახებთ, გავამხნევებთ, მერე "მამაო ჩვენოს" ვამბობთ და მოედანზე გავდივართ - ყოველი თამაშის წინ ასე ხდება; ხოლო წინა დღეს სამებაში კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ჩვენი სულიერი სიძლიერის პარაკლისს იხდის.

- მადლობა ინტერვიუსთვის. ყველა თამაში, რომელიც გელოდებათ, არანაკლები ანგარიშით მოგეგოთ...
- მადლობა თქვენ და ყველა ქართველ გულშემატკივარს.

თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)

მკითხველის კომენტარები / 1 /
რაგბს მეტი ყურადღება ჭირდება,ბიჭები ნამდვილი პატრიოტები არიან,თავს არ ზოგავენ თამაშზე,ფეხბურთელებს კიარ გავენ რო დალასლასებენ მინდორზე,ჩვენ რაგბისტებს გაუმარჯოს,ხალხის სიყვარული დაიმსახურეს
chemipita
23:57 23-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული