მერაბ კვირიკაშვილი: საქართველოს ნაკრების მაისურის ტარება რთულია!

AutoSharing Option

 

საქართველოს ნაკრების 10 ნომერი, მერაბ, იგივე მეკო კვირიკაშვილი თაყვანისმცემელი გოგონების ნაკლებობას არ უჩივის. თურმე ამის შესახებ თავად არაფერი სმენია, მისი მეუღლე, ანანო ბუაძე კი საერთოდ არ ეჭვიანობს.

წყვილი სამ შვილთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც მეკომ უკვე მეოთხე კლუბი გამოიცვალა.

წარმატებულ მორაგბესა და მის მეუღლესთან ინტერვიუ ინტერნეტით ჩავწერეთ. მიუხედავად იმისა, რომ მეკო, ერთი შეხედვით, ძალიან მკაცრი ადამიანი გეგონებათ, მეტად მხიარული ხასიათის აღმოჩნდა.

ანანომ და მეკომ ერთად ძალიან სახალისო ინტერვიუ მოგვცეს.

- მეკო, როგორ დაიწყე რაგბის თამაში და რამ მოგხიბლა ამ სპორტში?
- ათი წლის ვიყავი, როცა ეზოში მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე რაგბის თამაში. "ლელოს" მთავარმა მწვრთნელმა, გიზო ურუშაძემ ბავშვებს შემოგვთავაზა, მასთან გუნდში მივსულიყავით და გვეთამაშა. ჩვენც, ჩვენი აზრით, ვთამაშობდით, კლუბის პატარა წევრებად ჩამოვყალიბდით.

- 19 წლის წინ რაგბი ასეთი პოპულარული არ იყო...
- მართალია, თუმცა დიდ დიღომში საკმაოდ ბევრი მორაგბე ცხოვრობდა და აქედან გამომდინარე, ეზოდანვე დავინტერესდით ამ სპორტით. მეგობრებმა ერთად დავიწყეთ თამაში. რაგბი კი ის სპორტია, რომელიც მალე იტაცებს ადამიანს.

- ამბობენ, რომ ქართულ სულთან ყველაზე ახლოსააო...
- ქართულ სულსა და ჟინთან ახლოს მხოლოდ რაგბი არ არის, მაგრამ ჩემთვის ძალიან აზარტული და საინტერესო თამაშია, ბევრი ფიქრი სჭირდება, მუდმივად ყურადღებით უნდა იყო.

სხვა სახეობებიც მომწონს, მათ შორის, ისინი, რომლებიც ჩვენთან არ არის განვითარებული, მაგრამ იმ მომენტში ჩემთვის რაგბი იყო ყველაზე მისაღები.

სანამ საფრანგეთში წამოვიდოდი, "ლელოში" ვთამაშობდი და ამ გუნდში გავიზარდე. საფრანგეთში სამი კლუბი გამოვიცვალე და ამჟამად მეოთხეში ვარ. ფრანგი მორაგბეები ძალიან მეგობრულები არიან და შეგუება არ გამჭირვებია. ფრანგულიც შეძლებისდაგვარად ვისწავლე. კლუბს, სადაც ამჟამად ვარ, "სენ-ჟუნიენი" ჰქვია, პატარა ქალაქის სახელი. უკვე ერთი წელია, ოჯახთან ერთად აქ ვცხოვრობ.
Sportall.Ge
- სანამ საქართველოს ნაკრებზე ვისაუბრებთ, ანანოს მინდა ვკითხო: მეკოს გაცნობამდე რაგბიზე რაიმე წარმოდგენა გქონდა?
- არანაირი (იღიმება). საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო ეს სპორტი. რაგბიში ძალიან ბევრი წესია, რომელსაც მეკო დღემდე მიხსნის, თუმცა ძირითადი წესები ვიცი.

მეკო:
- არ აღიარებს, რომ არაფერიც არ იცის (იცინის). საერთოდ, მართლაც ძალიან ბევრი წესია. ამის შესახებ წიგნია გამოცემული და ბევრმა მოთამაშემ არ იცის. ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხო.

ძალიან ბევრი მაქვს ნათამაშები. იმხელა პრაქტიკა მაქვს გავლილი, რომ ყველანაირი წესის ახსნა და გადაცემა შემიძლია ადამიანისთვის. თუკი არ წაიკითხე, მაინც ძნელია ათვისება მხოლოდ თამაშის ყურებით. ანანოს კი ვეტყვი, რომ ნუ იბრალებს, წესები ვიციო (იცინიან).

- ანანო, მეკომ რით მოგხიბლა?
- პირველივე წამიდან მოვიხიბლე. ერთმანეთი 2002 წელს გავიცანით. მე ყველა თარიღი მახსოვს, მეკოსგან განსხვავებით, რომელსაც არანაირი თარიღი არ ახსოვს, მხოლოდ ჩემი დაბადების დღე.

ბათუმში ვიყავით. საქართველოს ნაკრები იქ იყო ჩამოსული. მე მეგობრებთან ერთად ვისვენებდი. შემთხვევით ერთ კაფეში ვისხედით და მეკომ ვარდი გამომიგზავნა.

- რა რომანტიკოსი ყოფილა მეკო...
- გთხოვ, მეკოს რომანტიკოსობა არ დააბრალო (იცინის). ერთხელ გაცნობისას მაჩუქა ვარდი და მეორედ დაბადების დღეზე მაჩუქა ყვავილები. ვარდის ჩუქებამდეც მოვიხიბლე, მაგრამ მერე ინტერესი უფრო გამიღვივდა. ნომრები გავცვალეთ. მერე საფრანგეთში წავიდა თამაშებზე და როცა საქართველოში დაბრუნდა, დამირეკა. ორი წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ.

- სიურპრიზები არ გაუკეთებია?
- საფრანგეთში რომ იყო წასული, ისე ჩამოდიოდა ხოლმე, 4-5 თვე იყო გასული ჩვენი წინა შეხვედრიდან, რომ შოკში მაგდებდა. ასეთ რაღაცებს ძალიან ხშირად აკეთებდა.

Sportall.Geმეკო:
- თუ ამას რომანტიკაში ჩავთვლით, მაშინ რომანტიკოსი ვყოფილვარ, მაგრამ ჩემთვის ეს სიურპრიზები უფრო გართობა იყო.

- მეკო, როდის გადაწყვიტე, რომ ანანო შენი მეუღლე უნდა გამხდარიყო?
- ისევ თარიღს მეკითხები? ხომ ვაღიარე, არ მახსოვს-მეთქი? მგონი, 2004 წლის ივლისში?.. აუ, რა მაგარი ვარ, მაინც გავიხსენე (იცინის).

განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი უნდა შეგვექმნა. ამისი დროც იყო მოსული და თან ერთად გვინდოდა ყოფნა. საზოგადოებას გავეპარეთ. ყველა იპარებოდა და ჩვენ რატომ უნდა ვყოფილიყავით გამონაკლისები?!.

თან, ძალიან არ მიყვარს, მისვლა-მოსვლა და ხელის თხოვნა რომ იციან ხოლმე. ვიცოდი, რომ ცოლად უნდა მომეყვანა და ამ ყველაფერს რაღა მნიშვნელობა ჰქონდა?

- ანანოს ნათესავები როგორ შემოირიგე?
- იქით შემომირიგეს (იცინიან).

- ანანო, მეკო რომ ძალიან მოს­წონთ გოგონებს, იცი ეგ ამბავი?
მეკო:
- მეც გამაგებინეთ ხოლმე ასეთი ამბები, რატომ არ ვიცი? ცუდია... (იცინის).

ანანო:
- სისულელეა ამაზე ეჭვიანობა. პირიქით, რაც უფრო მეტი თაყვანისმცემელი გოგონა ეყოლება, მით უკეთესია. ე.ი. ცხოვრებაში სწორი არჩევანი გამიკეთებია. მეკოს თაყვანისმცემლებს არაფრით შევუწუხებივარ. იყო შემთხვევები, როცა შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ დაქორწინების შემდეგ არანაირი პრობლემა არ შეგვხვედრია ამ მხრივ.

- კამათობთ ხოლმე, ჩხუბობთ?
- კამათი ყოველთვის არის ოჯახში.

მეკო:
- ეს ძალიან ოფიციალური პასუხი იყო.

ანანო:
- ჩვენი კამათი ალბათ ათი წუთი გრძელდება ხოლმე. რაც უნდა დავხოცოთ ერთმანეთი, მაინც მალევე ვრიგდებით და პირველ ნაბიჯს მეკოც დგამს და მეც.

- მეკო, რაგბის მოედანზე არ ხარ დამთმობი და ოჯახში ყოფილხარ...
- მე მაინც მგონია, რომ არ ვარ დამთმობი. რატომ უნდა დავთმო (იღიმება)?!. სერიოზულად რომ გიპასუხო, მეტ-ნაკლებად ოჯახის ყველა წევრი რაღაცას უნდა თმობდეს და თმობს კიდეც, მაგრამ ისეთი დაძაბულობა არ გვქონია, რომ განსაკუთრებულად გამახსენდეს. ჩვენთან ყველაფერი ისეა, როგორც ნამდვილ ქართულ ოჯახს შეეფერება.

- თქვენი პატარები ძალიან საყვარლები არიან. მამას თუ გულშემატკივრობენ?
- სულ პატარა, მარიამი, ერთი წლისა და შვიდი თვისაა და მხოლოდ დედას ამბობს. უფროსი, ლიზი ექვსი წლისაა, დავითი - სამის.

- ანანო, არ გიჭირს დამხმარის გარეშე ბავშვების მოვლა?
- ჩემი დამხმარე მხოლოდ მეკოა. თავიდან ძალიან მიჭირდა პატარების მოვლა, მაგრამ ახლა მივეჩვიე.

მეკო:
- მე ბავშვებთან დაკავშირებით ის შემიძლია, რომ ნახევარი საათი მაინც გავართო.

- "პამპერსებიც" გამოგიცვლია?
- არა (იცინის). ვეხმარები იმაში, რომ თუკი ანანოს არ უჯერებენ, მე ვეუბნები და ჩემს ნათქვამს ითვალისწინებენ.

- ანანო კერძებით განებივრებს?
- საჭმელი კარგად გამოსდის, მაგრამ ხშირად არ ამზადებს.

ანანო:
- მეკო პრეტენზიული მჭამელია და უცხიმო საკვები უყვარს, რომელიც სპორტსმენს სჭირდება. თავს უფრთხილდება.

მეკო:
- უფრო მეტად - ფორმას. ცოტა სპორტულად აგიხსნი - კუნთებს ბევრი ცხიმი არ უნდა მიეწოდოს. ამიტომ ვერიდები ცხიმიანს.
Sportall.Ge
- საქართველოს ნაკრებს დავუბრუნდეთ. ანანო, როცა მეკო თამაშობს, ალბათ, ღელავ...
- თამაშების დროს ძალიან არაადეკვატური ვარ. საშინლად ვნერვიულობ, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ბურთს ფეხს ურტყამს.

ბოლოს ჩემპიონატის თამაშებზე ვინერვიულე. რუსეთთან მატჩისას თავიდან ვღელავდი, მერე აღარ.

როცა აგებენ, თამაშების მერე უფრო ვნერვიულობ ხოლმე. თუკი მეკოს ჯარიმა გადამწყვეტია, ამ დროს ძალიან ვნერვიულობ.

- მეკო, ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობ. როგორი გრძნობაა? ამ ბოლო დროს ნაკრებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა...
- ჩემამდე საქართველოს ნაკრების მაისური ბევრ კარგ მოთამაშეს მოურგია და მათი დამსახურებაა საქართველოს ნაკრების პოპულარობა და ხალხის სიყვარული. ამიტომაც ახლანდელ მოთამაშეებს უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეს პოპულარობა გავზარდოთ.

საქართველოს ნაკრებში თამაში ქვეყნის სიყვარულით ასპარეზობაა. ძნელია ამისი გადმოცემა. რთულია ამ მაისურის ტარება და ხალხის სიყვარულის გაზრდა რაგბის მიმართ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხალხის მხარდაჭერა რაგბის განვითარებისთვის აუცილებელია.

- რუსეთთან გამარჯვება ქომაგებმა ძალიან ფართოდ აღნიშნეს. თქვენთვის ალბათ ყველა ასეთი თამაშის წინ ნერვიული ფონი იქმნება...
- მე ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით - ძალიან მომწონს, რომ ქომაგები ასე იქცევიან რუსეთთან თამაშისას, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ყველა თამაშს ასე მოეკიდებიან. ჩვენ რიდი გვექნება მაყურებლის და ყველა თამაშს ისე ვითამაშებთ, როგორც გადამწყვეტ მატჩს. ამით წინ წავალთ.

- რა ოცნება გაქვს ქართულ რაგბისთან დაკავშირებით?
- ეს რეალური ოცნებაა - მინდა, რომ ინგლისში ჯგუფიდან გავიდეთ. უფრო შორეულ მომავალზე თუ ვილაპარაკებთ, მინდა, უფრო მეტი ახალგაზრდა მოთამაშე წამოვიდეს. დღეს მეტი შესაძლებლობა იმიტომ არ გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრები 50-60 მოთამაშისგან არის დაკომპლექტებული. საფრანგეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ნაკრებში მოთამაშეებს ათასი კაციდან არჩევენ. განსხვავება დიდია, ამიტომ საქართველოშიც უნდა გაიზარდოს მოთამაშეთა რიცხვი.

- ანანო, რაგბი საკმაოდ რთული სპორტია. გინდა, რომ შენი შვილი გაჰყვეს ამ სპორტს?
- მართლა რთულია, მაგრამ არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ ამ სპორტს გაჰყვეს. თუმცა ვნახოთ, რას აირჩევს თავად.

მეკო:
- არც მე დავაძალებ. სულ მეყოლება ჩემთან და ალბათ თავად შეუყვარდება.

- სამი შვილი გყავთ და განმარტოებას თუ ახერხებთ, სადმე წასვლას?
ანანო:
- ერთი სკოლაშია, მეორე ბაღში, პატარა მარიამს კი აქეთ-იქით დავატარებთ. თუმცა მარიამი ახლა სამი თვით საქართველოში დავტოვეთ. ბავშვები ხუთ საათამდე სასწავლებლებში არიან და უფრო მეტად ვახერხებთ განმარტოებას.

მეკო:
- დავდივართ ხოლმე სავახშმოდ, როცა დროს გამოვნახავთ. თანაც ფრანგული სამზარეულო ძალიან განვითარებულია და ვცდილობთ, ყველაფერი გავსინჯოთ. კინოს მოყვარული დიდად არ ვარ და არ დავდივარ.

- ფრანგებთან ურთიერთობა არ გიჭირთ?
- ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ მორაგბეები მეგობრულები არიან, ადვილად შეხვალ ურთიერთობაში, მაგრამ თვითონ ფრანგებს დისტანცია უჭირავთ. მაინცდამაინც არ გენდობიან და შენც ვერ ენდობი. ასე რომ, მაინც გვიჭირს აქ ყოფნა.

- საქართველოში როდის დაბ­რუნდები?
- სანამ რაგბის მაღალ დონეზე ვითამაშებ, აქ ვიქნები. ვნახოთ, სადამდე შევძლებ თამაშს. ჩემი ვარაუდით, ალბათ ოთხი წელი მაინც.

ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი" (გამოდის ორშაბათობით)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული