"ბორჯღალოსნები" ამ შეხვედრისთვის ორშაბათიდან "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ემზადებიან. უკრაინის ნაკრები კი თბილისში 7 ივნისს, გამთენიისას ჩამოვიდა.
საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი გამოაცხადა. უკრაინელების წინააღმდეგ ჩვენს გუნდში სამი დებიუტანტი ითამაშებს.
ესენია: პირველხაზელი ირაკლი მირცხულავა (ტარბი), მესამეხაზელები გიორგი თხილაიშვილი და ბექა ბიწაძე (ორივე - არმია).
მეორე ხაზში ვახტანგ მაისურაძეს (ტარბი), რომელსაც ტრავმის გამო წლეულს ყველა მატჩი გაუცდა, ლოკომოტიველი ბაჩუკი გუჯარაიძე შეუწყვილდება,
გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი) ისევ მესამე ხაზში დაბრუნდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ცხადია, შეუძლია მეორე ხაზში გაისარჯოს. ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად ითამაშებს ნაკრებში ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი). თხილაიშვილზე უკვე ვთქვით.
პირველ ხაზში დებიუტანტ მირცხულავას მხარს მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) და რევაზ ბელქანია (ლა სეინი) დაუჭერენ. თადარიგში კი არმიელი შალვა მამუკაშვილი და ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მორაგბე დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) იქნებიან.
ეროვნულ გუნდში მეოთხმოცე კეპს მოიხვეჭს გუნდის კაპიტანი, ცხრა ნომერი ირაკლი აბუსერიძე (ოსერი). მგეზავის პოზიციას კი ლელოელი ლაშა ხმალაძე დაიკავებს, რომელსაც ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ნაკრებში ტრავმის გამო არ უთამაშია.
ჰეიგმა ეროვნულ გუნდში დააბრუნა გარემარბი ლექსო გუგავა (ლელო). მეორე გარემარბი კი ირაკლი მაჩხანელი იქნება, რომელიც საფრანგეთიდან სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნდა და მომავალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატში თბილისის "არმაზის" ღირსებას დაიცავს.
ექსპერიმენტული იქნება შუამარბების დუეტი. ლაშა მალაღურაძე (ვალანსი) და ახალგაზრდა მერაბ შარიქაძე (ჰართპური) ერთად პირველად ითამაშებენ. ფულბეკი და, სავარაუდოდ, კარში მთავარი დამრტყმელი ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) იქნება.
საბრძოლო რაზმი დაასახელა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამაც. სტუმართა გუნდში ორი ქართველი ითამაშებს - მესამეხაზელი ჯაბა მალაღურაძე, რომელიც "ბორჯღალოსანთა" შუამარბის, ლაშა მალაღურაძის ძმაა და ცხრა ნომერი ზურაბ კიკაჩეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ერთა თასის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრებს ხელს ფრეც აძლევს. უკრაინელები კი სრულიად უმოტივაციონი არიან, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ბოლო ადგილს ვერაფრით ასცდებიან.
შესაბამისად, მომავალი წლიდან ერთა თასის გათამაშებაში მათ ადგილს ბელგიის ნაკრები დაიკავებს.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ 17 საათზე დაიწყება.
საქართველო-უკრაინა
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. მერაბ შარიქაძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. რევაზ ბელქანია, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. ბაჩუკი გუჯარაიძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ზვიად მაისურაძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. დავით ზირაქაშვილი, 18. ბექა ბიწაძე, 19. გიორგი კალმახელიძე, 20. გიორგი ბეგაძე, 21. დავით კაჭარავა, 22. ბექა წიკლაური.
უკრაინა: 15. ვიტალი კრასნოდემსკი, 14. სერგეი მონსრირიოვი, 13. ვიაჩესლავ პნამარენკო, 12. პავლე მასიუკოვი, 11. მაქსიმ კრავჩენკო, 10. მიკოლა დელეგირიოვი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. ოლეგ ლიტვინენეკო, 2. მიკოლა კირსანოვი, 3. ევგენი ჩაიკა, 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. ოლექსანდრ ცარენკო, 6. დიმიტრი ფედიშინი, 7. ვიტალი ორლოვი, 8. ჯაბა მალაღურაძე.
16. სერგეი სუხიხი, 17. ოლექსანდრ პოლიანსკი, 18. ვიტალი კრამარენკო, 19. ოლექსანდრ ცისისი, 20. მიროსლავ შულიაკი, 21. არტიომ კულიკი, 22. სერგეი ერმოლენკო.
2012 წელი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 5 3 0 2 +33 16
2. რუმინეთი 5 3 0 2 +97 16
3. საქართველო 4 3 0 1 +70 15
4. რუსეთი 5 3 0 2 -47 14
5. პორტუგალია 5 1 0 4 -30 7
6. უკრაინა 4 1 0 3 -123 5
ორი წლის ჯამი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 9 8 0 1 +203 37
2. რუმინეთი 10 6 0 4 +194 32
3. ესპანეთი 10 5 0 5 -50 26
4. რუსეთი 10 5 0 5 -45 25
5. პორტუგალია 10 4 0 6 -15 21
6. უკრაინა 9 1 0 8 -287 5
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"