"ბორჯღალოსნები" - თამაშის სტილი ახალია, ოღონდ უხარისხო! [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩში "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 33:3 დაამარცხა.

შედეგად, "ბორჯღალოსნებმა" ეს ტურნირი ზედიზედ მეორედ, სულ კი მეხუთედ მოიგეს.

"გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. მორაგბეები მძიმედ გამოიყურებოდნენ და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. ასე რომ არ ყოფილიყო, ბევრად დიდი ანგარიშით მოვიგებდით", - თქვა ნამატჩევს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ცხადია, საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში მეტოქესთან, რომელიც უკვე გავარდნილი იყო დივიზიონიდან, ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ მთავარი ის კი არ იყო, შეხვედრა რა
ანგარიშით დასრულდებოდა, არამედ ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი. ამაზე განცხადება მილტონ ჰეიგმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით გააკეთა.

საერთო ჯამში, თუ ცალკეულ ეპიზოდებს არ გავითვალისწინებთ, რომლებიც საბოლოოდ ლელოთი დასრულდა, ჩვენს გუნდს დალაგებული, მწყობრი თამაში არ გამოუვიდა.

უმიზეზოდ არაფერი ხდება და, ცხადია, ამასაც თავისი, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები გააჩნია.

დავიწყოთ იმით, რომ ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს აქამდე არასდროს უასპარეზია. შეთამაშება და ურთიერთგაგება კი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

"ბორჯღალოსნების" რიგებში ოთხი დებიუტანტი იყო: ირაკლი მირცხულავა, ბაჩუკი გუჯარაიძე, გიორგი თხილაიშვილი და ბექა ბიწაძე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოთხივე გამორჩეული იყო მოედანზე, რაც ნამატჩევს ჰეიგმაც აღნიშნა.

ეს ყოველივე კარგი, მაგრამ რით იყო გამოწვეული ბურთის ხელიდან ხშირად გავარდნა, ძნელი ასახსნელია. შეიძლება, მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ გავლენა იქონია სუსტი მეტოქის ფაქტორმა და ჩვენი მორაგბეები ფსიქოლოგიურად სათანადოდ ვერ განეწყვნენ.

მიუხედავად ყველაფრისა, თამაში მაინც სასარგებლო გამოდგა. ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ჩრდილოეთ ამერიკაში გასამართი ტურნეს წინ კიდევ ერთხელ დაათვალიერა რეზერვი; ცხადია, არც ხარვეზები დარჩენია შეუმჩნეველი და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ აშშ-ისა და კანადის ნაკრებებთან მატჩში "ბორჯღალოსნები" ბევრად მაღალი ხარისხის თამაშს აჩვენებენ.

Sportall.Geუმოტივაციო მეტოქესთან მატჩი ჩვენმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, ხშირი ტექნიკური წუნის გამო იერიშის ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ. თუმცა "ბორჯღალოსნებმა" მე-5 წუთზე ანგარიშის გახსნა მაინც შეძლეს.

უკრაინელებმა ბურთი საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან დაკარგეს. ყველაზე უკეთ შექმნილ ვითარებაში საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შუამარბი მერაბ შარიქაძე გაერკვა, რომელმაც ბურთი ფეხით ჩათვლის მოედნისკენ შეაცურა, მიჰყვა და ლელოში დაამიწა. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახა - 7:0.

ამის შემდეგ, მომდევნო 30 წუთის განმავლობაში, "ბორჯღალოსნებმა" მონაგარს ვერაფერი შემატეს. უკრაინელთა მგეზავმა მიკოლა დელეგირიევმა კი მე-9 წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ უწია.

სტუმრებს ერთ-ერთ ეპიზოდში ლელოს გატანაც შეეძლოთ. ჩვენი გუნდის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში მათ დერეფანი სუფთად მოიგეს და მორკინალების მიძალების წყალობით ლელოს ხაზს მიუახლოვდნენ, თუმცა დაცვაში თამაშისას ქართველი მორაგბეები კარგად გაისარჯნენ და სტუმრებს რაკში ბრძოლისას წესის დარღვევა აიძულეს.

მორიგი ლელო საქართველოს ნაკრებმა 35-ე წუთზე, შეიძლება ითქვას, ერთადერთი, მეტ-ნაკლებად კარგად ორგანიზებული შეტევის შემდეგ მიითვალა. მეტოქის მიერ ფეხით დაკიდებული ბურთი ყიასაშვილმა უკრაინელთა 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან დაიჭირა და ათიოდ მეტრი გაიარა. შეტევა მარჯვენა, მოკლე ფრთაზე შერკინების კვაჭმა რევაზ ბელქანიამ განაგრძო. ის ლელოდან სამიოდ მეტრში შებოჭეს.

წარმოქმნილი რაკიდან ცხრა ნომერმა ირაკლი აბუსერიძემ ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გაათამაშა. მორკინალების ორი მოკლე დარტყმის შემდეგ ისევ აბუსერიძემ აიტაცა ბურთი და ლელოსკენ დაიძრა. უკრაინელებმა მისი შეჩერებაც შეძლეს, მაგრამ კაპიტანს მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე წამოეშველა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ყიასაშვილმა ესეც გარდასახა - 14:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პირველივე იერიში ლელოთი დაასრულა. მარცხენა ფრთაზე წამოწყებული შეტევა ირაკლი აბუსერიძემ მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე განაგრძო. იქ იერიშში ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი ჩაერთო. მან ბურთი გარემარბ ლექსო გუგავას გადააწოდა, რომელიც მეტოქემ იქვე, ლელოდან ხუთ მეტრში შებოჭა.

აბუსერიძემ ახლა ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე მგეზავ ლაშა ხმალაძეს გაუტანა, რომელმაც შეტევის მიმართულება არ შეცვალა, რადგან "ბორჯღალოსნებს" მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ. ხმალაძემ მეორეხაზელ ვახტანგ მაისურაძეს გადააწოდა, რომლის შეჩერებაც მოწინააღმდეგემ ვერ მოახერხა.

გარდასახვა ყიასაშვილმა დაარტყა ზუსტად - 21:0.

სამ წუთში სტუმრებმა ერთი, იშვიათი შეტევისას საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს და ამჯერად დელეგირიევმა ზუსტად დაარტყა - 3:21.

"ბორჯღალოსნები" მეორე ნახევარში უფრო სწრაფად და აგრესიულად ამოქმედდნენ. სწორედ ამის შედეგი იყო 51-ე წუთზე მორიგი, მეოთხე ლელო, რომელმაც ჩვენს გუნდს დამატებითი პრემიალური ქულა მოუტანა, თუმცა საბოლოოდ, ერთა თასის დასაუფლებლად, ეს არაფერში სჭირდებოდა.

Sportall.Geსალელოვე შეტევა მარცხენა ფრთაზე დაიწყო. უკრაინის ნაკრების 22-მეტრიანი ზონის ხაზთან ჩვენმა მორაგბეებმა დერეფანი მოიგეს. შეტევა იქვე გარემარბმა ირაკლი მაჩხანელმა განაგრძო, რამდენიმე მეტრი გაიარა და შებოჭეს. მას აბუსერიძე წამოეშველა, რომელმაც ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა.

უკანახაზელების ხელდახელ მიძალება გვერდით ხაზთან დაბრკოლდა, თუმცა "აბუმ" ახლა ბურთი მარცხნივ გამოათამაშა. ამჯერად ბოლომდე, კიდემდე გათამაშებული კომბინაცია ირაკლი მაჩხანელმა დაასრულა ლელოთი. ყიასაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 26:3.

თამაშის დასრულებამდე 29 წუთი რჩებოდა. უკრაინელებმა სათამაშო ინიციატივა ხელთ იგდეს და ბურთს თითქმის მუდმივად ისინი აკონტროლებდნენ, თუმცა, ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დაცვაში უშეცდომოდ გაისარჯა და სტუმართა მიძალება ორმოცმეტრიანის ხაზის მიდამოებს არ გასცდენია.

თამაშის ბოლომდე ორივე გუნდმა ყველა ცვლილება გამოიყენა. დასკვნით ათ წუთში "ბორჯღალოსნებმა" ისევ შეძლეს მატჩის სადავეების ხელში აღება. მატჩის დასრულებას ერთი წუთი აკლდა, როცა უკრაინის ნაკრების სასარგებლოდ, მისსავე 22-მეტრიან ზონაში შერკინება დაინიშნა. სტუმართა მესამეხაზელმა ჯაბა მალაღურაძემ, რომელიც "ბორჯღალოსანთა" მგეზავის, ლაშა მალაღურაძის ძმაა, იქიდან გამოტანილი ბურთი იქვე დაკარგა.

Sportall.Geშეცვლაზე შესულმა გიორგი ბეგაძემ წარმოქმნილი რაკიდან მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ლაშა მალაღურაძეს გაუტანა. ამან შეტევაში შუამარბი მერაბ შარიქაძე ჩართო, რომელმაც იქვე მიმყოლ ირაკლი მაჩხანელს ბურთი დროულად გადააწოდა. შედეგად "ბორჯღალოსანთა" გარემარბმა ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა.

ყიასაშვილმა გარდასახა - 33:3 და მატჩიც დასრულდა.

ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ ეროვნულ გუნდში მეოთხმოცე მატჩი გამართა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. მატჩის კომისარმა კი ჩვენს გუნდს ერთა თასი გადასცა.

მატჩის შემდეგ
ზაზა ლეჟავა, უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა მეხუთე შეხვედრა გამართა და ძალიან მიხარია, რომ თამაშიდან თამაშამდე წინ მივიწევთ.

სამწუხაროდ, საწვრთნელი შეკრება არ გამოგვივიდა სრულყოფილი. არ უთამაშია ნაკრების ძირითად მგეზავსაც, თუმცა მის ნაცვლად მოასპარეზე ახალმა მორაგბემ თავისი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინა.

კარგად მაქვს გაცნობიე
რებული, რომ საქართველოს თითქმის მეორე ნაკრებს ვეთამაშეთ. მეტოქეს ცოტა უფრო ორგანიზებულად ასპარეზობა რომ მოეხერხებინა, ბევრად მეტი სხვაობით დაგვამარცხებდა".

მიკოლა კირსანოვი, უკრაინის ნაკრების კაპიტანი:
"საქართველოს ძლიერ ნაკრებთან კარგი სპარინგი გამოგვივიდა. თქვენმა გუნდმა კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა. თუ შევძლებთ და სათანადო დასკვნებს გამოვიტანთ, დარწმუნებული ვარ, ერთა თასის გათამაშების ერთი ტურნირის ჩაგდებით, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ხუთი ლელო გავიტანეთ, თუმცა მათ შორის ინტერვალებში თამაშის დალაგებას ვერ ვახერხებდით. რუსეთთან მატჩის შემდეგ გუნდში შვიდი ახალი მოთამაშე იყო. ამ პირობებში ძნელია სტაბილურობის შენარჩუნება.

კმაყოფილი ვარ დებიუტანტების, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი თხილაიშვილის თამაშით. მათთვის ეროვნული ნაკრების კვართით ასპარეზობა ძალიან ბევრს ნიშნავს და დაამტკიცეს, რომ მისი ტარების ღირსები არიან".

ირაკლი აბუსერიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ. ეს იმის ბრალია, რომ სისტემატურად არ გვიწევს ერთი და იმავე შემადგენლობით თამაში.

რუსეთთან მატჩის შემდეგ ნაკრები თითქმის 60 პროცენტით გადახალისდა. ვეცდებით, მომდევნო მატჩში, აშშ-ი
ს ნაკრებთან, დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, კომბინაციები დავხვეწოთ.

ერთს ვიტყვი, ამ თამაშით, რაც უკრაინასთან მატჩში ვანახეთ, ამერიკისა და კანადის ნაკრებებთან ყველა კომპონენტში ძალიან გაგვიჭირდება".

ევროპის ერთა თასი. ავჭალის სარაგბო სტადიონი
საქართველო-უკრაინა 33:3 (იხილეთ ვიდეო)
საქართველო (15-9) ყიასაშვილი, მაჩხანელი, შარიქაძე, ლ. მალაღურაძე, გუგავა (წიკლაური 73), ხმალაძე (კაჭარავა 53), აბუსერიძე (ბეგაძე 53). (1-8) ნარიაშვილი (მირცხულავა 73), ბელქანია (მამუკაშვილი 62), მირცხულავა (ზირაქაშვილი 53), ვ. მაისურაძე (ბიწაძე 73), თხილაიშვილი, ზ. მაისურაძე.

5ლ: შარიქაძე, ვ. მაისურაძე (2), მაჩხანელი (2). 4გ: ყიასაშვილი.

უკრაინა (15-9) კრასნოდემსკი, მონასტირიოვი (კულიკი 53), პონომარენკო, მასიუკოვი, კრავჩენკო (ერმოლენკო 75), დელეგირიევი (შულიაკი 79), კიკაჩეიშვილი. (1-8) სუხიხი (პოლიანსკი 53), კირსანოვი (კრამარენკო 66), ჩაიკა (ლიტვინენკო 41), კრასილნიკი (ცისი 65), ცაპენკო, ფედეშინი, ორლოვი, ჯ. მალაღურაძე.

ს: კრასნოდემსკი

მსაჯი: სტეფანო მანჩინი (იტალია)

2012 წელი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 5 4 0 1 +100 20
2. ესპანეთი 5 3 0 2 +33 16
3. რუმინეთი 5 3 0 2 +97 16
4. რუსეთი 5 3 0 2 -47 14
5. პორტუგალია 5 1 0 4 -30 7
6. უკრაინა 5 1 0 4 -153 5

ორი წლის ჯამი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 10 9 0 1 +233 42
2. რუმინეთი 10 6 0 4 +194 32
3. ესპანეთი 10 5 0 5 -50 26
4. რუსეთი 10 5 0 5 -45 25
5. პორტუგალია 10 4 0 6 -15 21
6. უკრაინა 10 1 0 9 -317 5

ერთა თასი ჩვენთვის არახალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
beso,ჯიგარ თუ საჯაროდ წერ ვისთვისაა ეს ინფორმაცია, ჩვენთვის ხომ? მაშ დაასახელე ვიზეა ლაპარაკი, ყველა თქვენსავით გათვისცნობიერებული ხომ არაა.
Jigaro
03:59 17-06-2012
0
ქართული სპორტის ყველა წარმატება უდავოდ მიხარია და ყველას გაგიმარჯოთ ღმერთმა,წარმატებები და გამარჯვებები არ მოგშლოდეთ, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა, ჩვენი პირველი არხის ეთერით რომ რგოლი გადის ოჯახურ ძალადობაზე და საერთოდ,ძალადობას არაო, მორაგბეები რომ ეუბნებიან საზოგადოებას, ეს მართლა დიდებულია, იმიტომ რომ ამ ჩვენ საწყალ საქართველოში მაგის მეტი რა არის? ვინც მაგ რეკლმაშია გადაღებული, იმათზე არაფერს ვამბობ, მაგრამ გვყავს ჩვენ სერიოზულად "მძიმე""ელემენტი", რომელიც გარეთ კაი ბიჭს თამაშობს და ძალიან საშიში არტილერია კია,არ ვიცი, ახალგაზრდა ადამიანი, თან სპორტსმენი რატომ უნდა იყო ოჯახში ასეთი ...ვერც იტყვი ყველაფერს,ღმერთმა ქნას, შეიცვალოს და მხოლოდ ქება -დიდება გვესმოდეს მასზე, როგორც გარეთ, ისე--შიიინნნ
beso
10:27 12-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული