მეტოქეები: ფიჯის ნაკრებს ტურნეში კაპიტანი დააკლდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე ერთ-ერთ შეხვედრას ფიჯის ეროვნულ გუნდთან გამართავს. ამ ეგზოტიკური ქვეყნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ინოკი მალემ მორაგბეთა ის შემადგენლობა გააცხადა, რომელიც ევროპაში გამოემგზავრება ტურნეში.

განაცხადში 16 ისეთი მოთამაშე მოხვდა, რომელმაც შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში იასპარეზა. ფიჯის ნაკრებში ამჯერად 14 ლეგიონერი იქნება, 16 კი ადგილობრივ კლუბებში მოასპარეზე მორაგბე.

ფიჯის ნაკრების ქომაგთა დასანანად, გუნდს ევროპულ ტურნეში ვერაფრით დაეხმარება კაპიტანი ნეტანი ტალეი. მის შემცვლელს ნაკრების თავკაცი მოგვიანებით დაასახელებს. კანდიდატი სამია: ლეონე ნაკარავა, სეტეფანო სამოსა და დიკონ მანუ.

შეგახსენებთ,
რომ ფიჯის ეროვნული გუნდი ევროპაში სამ მატჩს გამართავს - ინგლისის, ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებთან.

ამასობაში კი ფიჯელთა მთავარმა მწვრთნელმა ინოკი მალემ ფრანგული და ინგლისური ბობოლა კლუბების წინააღმდეგ გაილაშქრა. მათი მეშვეობით ამ ქვეყნებში უამრავი ახალგაზრდა ფიჯელი მორაგბე ხვდება, რომელთაგანაც საუკეთესოები ფიჯის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობენ.

ცხადია, მათ ინგლისელები და ფრანგები ფულით აცდუნებენ. ინოკი მალე IRB-ს სთხოვს, მიიღოს კანონი, რომლის მეშვეობითაც ფიჯელები ადგილობრივი ნიჭიერი მორაგბეების შენარჩუნებას შეძლებენ.

ფიჯის ნაკრები: სეტეფანო სამოსა, დიკონ მანუ, რატუ მაკუტუ, მანასა საულო, სერემია ნაურეურე, ვილიამ სეკოსო, ტუაპატი ტალემაიტოგა, ლეონე ნაკარავა, აპისაი ნაიკატინი, სოკონიაია კალოუ, აპისალომე რატუნიიარავა, იიესა რატუვა, მალაკაი ვოლაუ, მალაკაი რავულო, ჯონ ქოვუ, ჯოვილი დომოლაილაი, ნემანი ნაგუსა, ნიკოლა მატავალუ, ნემია კენატალე, მეტუისელა ტალებულა, ჯონეთანი რალულუ, ჯოშ მატავესი, კელემედი ბოლა, ვერენიკი გონევა, ჯოსაია ლოტავა, რავაი ფატიაკი, სამუ ვარა, ვატისონი ვოტუ, ვაისეა ნაიაკალევუ, სიმელი კონიფერედი.

* * *

"საკურების" მიზანი საუკეთესო ათეულია
"ბორჯღალოსნები" პირველ ტესტ-მატჩს 17 ნოემბერს იაპონიის ეროვნულ ნაკებთან გამართავენ. ჩვენი მომავალი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა, ავსტრალიელმა ედი ჯონსმა იმ 30 მორაგბის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ნოემბრის ტესტებზე ევროპაში იასპარეზებენ.

პირველ მატჩს ამომავალი მზის ქვეყნის შვილები 10 ნოემბერს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან გამართავენ. 21 ნოემბერს ბასკეთის ნაკრებს, ხუთი დღის შემდეგ კი ფრანგ "ბარბაროსებს" დაუპირისპირდებიან. ედი ჯონსს მიაჩნია, რომ მის მიერ შერჩეული მორაგბეები იმ გუნდის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ, რომელმაც 2015 წლისთვის მსოფლიოს ათ საუკეთესოს შორის მოხვედრა უნდა შეძლოს.

"ევროპულ ტურნეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი გუნდის წინსვლისთვის. ორი ძალზედ ძნელი თამაში გველის საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებთან.

ამ გუნდების წამყვანი მორაგბეები საფრანგეთის პროფესიული კლუბების მოთამაშეები არიან და ყოველ უქმეებზე რეგულარულად ასპარეზობენ.

მათთან წარმატებულ თამაშს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს იქნება პირველი ნაბიჯები იმ დიდი მიზნისკენ, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებას უკავშირდება" - თქვა იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ნაკრებმა აქამდე გამართულ მსოფლიოს თასის ყველა გათამაშებაში იასპარეზა, თუმცა გამარჯვება აქტივში მხოლოდ ერთადერთხელ - 1991 წელს ზიმბაბვეს ნაკრებთან მატჩში ჩაიწერა.

იაპონიის ნაკრები
შერკინება: ჰისატერუ ჰირაშიმა, იუსუკე ნაგაე, იუსუკე აოკი, შოთა ჰორი, კენსუკე ჰატაკეიამა, ჰიროში იამასიტა, ტაკუმა ასაჰარა, ჰიტოში ონო, შოჯი იტო, ტოშიძუმი კიტაგავა, მაიკლ ბროდჰორსტი, ჰენდიკ ტუი, მაიკლ ლიტჩი, დაიკი ჰაშიმირო, ტაკაში კიკუტანი, რიუ ჰოლანი.
უკანა ხაზი: ფუმიაკი ტანაკა, აცუში ჰივასა, კოსეი ონი, ჰარუმიჩი ტატეკავა, იუტა იმამურა, აკიჰიტო იამადა, ტომოჰირო სენბა, იუ ტამურა, გო არუგა, იასუკი ჰაიაში, ჰიროტოკი ონოზავა, ტოშიაკი ჰიროსე, აიუმუ გორომარუ, აცუში ტანაბე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული