საქართველო VS იაპონია - ამათ ისე გადავყლაპავთ, ყელში არ გაგვეჩხირება!

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სატდიონზე, 15:00 სთ-ზე იაპონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ორივე გუნდმა 16 ნოემბერს, ბოლო, კაპიტნის ვარჯიში გამართა. მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა კი პრესკონფერენციაზე ჟურნალსიტთა მრავალრიცხვოვან შეკითხვებს უპასუხეს.

პირველად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონელები გამოჩნდნენ. ვარჯიში ჟურნალისტებისთვის მხოლოდ საწყისი ათი წუთი იყო ღია და მერე ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა დახურული კარის მიღმა ივარჯიშეს.

ედი ჯონზი, იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ. გუნდის მორაგბეთა უმრავლესობა საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში თამაშობს. ძირითადად მორკინალები.
უკანახაზელები კი ფედერალ 1 დივიზიონში ასპარეზობენ.

ქართველებს ძალიან ძლიერი შერკინება ჰყავთ. განსაკუთრებით გამოირჩევიან სტატიკურ მდგომარეობაში თამაშისას. უკანა ხაზიდან კარგად ამოაქვთ ბურთი. მგეზავი ფეხით შესანიშნავად თამაშობს. შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზეც ვნახე საქართველოს ნაკრების თამაშები. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი გუნდია.

იაპონიის ნაკრები ამ მატჩისთვის კარგადაა მომზადებული. მთელი 80 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. მორაგბეებმა კარგად იციან, როგორი რაგბის თამაშისკენ ვისწრაფვით და 2015 წლის მსოფლიოს თასზე სრულიად განსხვავბულ, სხვა რაგბის ვაჩვენებთ. დარწმუნებულნი ვართ, რომ გუნდის თამაშის ხარისხი მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

რუმინელებთან შედარებით ქართველი მორაგბეები უფრო ათლეტურები არიან. ბუნებრივია, თქვენი ნაკრების თამაში შესწავლილი გვაქვს და ვეცდებით ის სუსტი წერტილები, რაც დაცვაში გაქვთ, ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

საქართველოს ნაკრებმა მას შემდეგ, რაც სათავეში ახალზელანდიელი მწვრთნელი ჩაუდგა თამაშის სტილი შეცვალა. მილტონ ჰეიგმა თამაში უფრო გაშალა. რაც მთავარია, გუნდს ახლა შეუძლია მატჩის მსვლელობისას საჭიროების მიხედვით სხვადასხვა სტილით ითამაშოს.

ქართველთაგან გამოვყოფდი მესამეხაზელ მამუკა გორგოძეს, რომლიც ფრანგული "მონპელიეს" შემადგენლობაში ვნახე და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ძლიერი მორაგბეა. მომწონს ასევე გარემარბი ირაკლი მაჩხანელი, რომელიც ძალიან სწრაფია და თამაშის გამწვავება შეუძლია".


ტოშიაკი ჰიორში, იაპონიის ნაკრების კაპიტანი:
"ძალიან საინტერესოა ისეთი ძლიერი შერკინების გუნდებთან თამაში, როგორიც საქართველოს ნაკრებია. რაშიც ჩვენ ცოტა მოვისუსტებთ, ვეცდებით, ამის საკომპენსაციოდ უკანა ხაზში ბურთი ჩქარა გავათამაშოთ და მეტოქის შეცდომებით ვისარგებლოთ".

Sportall.Ge* * *
იაპონელების შემდეგ ასპარეზი საქართველოს ნაკრებს დაეთმო.

"ბორჯღალოსნებმა" მცირე მოთელვის შემდეგ დაცვასა და შეტევაში თამაშზე ივარჯიშეს. ბოლოს კი ტანა უმაგა უკანახაზელებს ეხმარებოდა ხარვეზების აღმოფხვრაში.

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"გუნდის მომზადებით მწვრთნელი, როგორც წესი, არსადროსაა კმაყოფილი.

თუმცა მიმაჩნია, რომ საფრანგეთში გამართულ საწვრთნელ შეკრებაზე და აქაც, თბილისში ნაყოფიერად ვიმუშავეთ.

მთავარი ის არ არის, რა სუსტი მხარეები აქვს მეტოქეს. მთავარია, საქართველოს ნაკრები როგორ ითამაშებს, რამდენად ზუსტად შეასრულებს დავალებას, ტაქტიკურ მონახაზს, რამდენად ხარისხიანად გაირჯება, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაშისას.

ედი ჯოუნზმა იაპონიის ნაკრებს თავისი ხელი დაატყო. მორაგბეები ცდილობენ ბურთი შეინახონ, უპირატესობის ხაზი წინ გადასწიონ.

ამ მწვრთნელს იგივე სტილი ჰქონდა, როცა "ბრამბიზში" მუშაობდა. მან ბევრი ახალი სათამაშო სისტემა დანერგა იაპონელთა გუნდში.

ძალიან მომწონს იაპონიის ნაკრების მესამე ხაზი. გამორჩეულად კარგი მორაგბეა შერკინების შემკვრელი (N8) ტაკაში კიკუტანი. მას შეუძლია ბურთით დიდ მანძილზე გადაადგილება. ცხრა ნომერს სათამაშო არეალს უთავისუფლებენ. ერთი სიტყვით, ამ გუნდის თამაში დაწვრილებით შევისწავლეთ".


Sportall.Geირაკლი აბუსრიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"რთული თამაში იქნება. იაპონიის ნაკრები კარგად ორგანიზებული, სწრაფი გუნდია.

აქცენტს მორკინალების თამაშზე გავაკეთებთ და ვეცდებით მათ მიერ მოპოვებული უპირატესობა უკანა ხაზელებმა სათანადოდ გამოვიყენოთ.

ტანა უმაგა ძირითადად ტექნიკური წუნის აღმოფხვრაში გვეხმარება. ახალი სისტემის დანერგვას მოკლე ხანში ვერ მოასწრებს, რომ სცადოს, პირიქით, ყველაფერი აირევა.

ამიტომ, ჯერ მხოლოდ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას".


დავით ზირაქაშვილი, საქართველოს ნაკრების ბურჯი:
"ბოლო დროს სულ იაპონელების ორგანიზებულობაზე მესმის ლაპარაკი.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენც არანაკლებ ორგანიზებული და მონდომებულნი ვართ.

გვითხრეს, რომ მათმა წარმომადგენელმა, როცა ჩვენი გუნდის შემადენლობა გაიგო, სიხარული ვერ დამალაო. ამდენი ხანია მათ ამბებს ვღეჭავთ და ხვალ ისე გადავყლაპავთ, რომ ყელში არ გაგვეჩხირება".


* * *
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და იაპონიის ნაკრებებს აქამდე ერთხელ უთმაშიათ. 2006 წლის მაისში "ბორჯღალოსნები" მეტოქეს სტუმრად დაუპირისპირდნენ და 7:32 წააგეს.

საქართველო-იაპონია
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. გიორგი ბეგაძე, 21. გიორგი თხილაიშვილი, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თედო ზიბზიბაძე.
იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. ტოშიაკი ჰიორში, 13. ტომოჰირო სენბა, 12. ჰარუმიჩი ტატეკავა, 11. ჰიროტოკი ონოძავა, 10. კოსი ონო, 9. ფუმიაკი ტანაკა. 1. იუსუკე ნაგაე, 2. შოთა ჰორი, 3. კენსუკე ჰატაკეიამა, 4. ჰოტოში ონო, 5. ლუკ თომპსონი, 6. ჰენდრიკ ტუი, 7. მაიკლ ლიტჩი, 8. ტაკაში კიკუტანი.
16. ჰარუკი ოტა, 17. ტაკუმა ასაჰარა, 18. ჰიორში იამასიტა, 19. მაიკლ ბროდჰურსტი, 20. ტიუ ჰოლანი, 21. აცუში ჰივასა, 22. იუ ტამურა, 23. გო არუგა.
მსაჯი: გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფრთხილად იყავი ვერან ხახაში არ გაგეჩხიროს არ დაიღალეთ ამდენი ტრაბახით? ამ ნაკრებით აპირებთ მსოფლიოზე ჯგუფიდან გასვლას? ისე რაშიც მართლა მაგრები ვართ ტრაბახი და ბაქი ბუქია
levani
17:22 17-11-2012
0
არ გვინდა ეს გადაყლაპვა.ასე ნეკერჩხალსაც ვაცლიდით ფოთლებს თამაშამდე,ბოლოს ვინ ვის გააცალა,კი გვახსოვს.არა,მშვენიერი ნაკრები გვყავს, უამრავჯერაც გავუხარებივართ, მაგრამ სოლიდურობას ნუ დავკარგავთ. ძალიან ძლიერია იაპონია და უბრალოდ ვეცადოთ ის,რაც ყველაზე კარგად გამოგვდის: ჯიგრით თამაში!
zurab
13:01 17-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული