ლევან დათუნაშვილი: თუ ახლა არ გამოვადექი ნაკრებს, აბა, როდის?

AutoSharing Option
ფოტოზე: ბურთით ლევან დათუნაშვილი და კარლენ ასეიშვილი

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი მორაგბეთა იმ რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ჩუმად აკეთებენ საკეთებელს და ფუტკარივით მშრომელები არიან.

"ჩაქუჩა", როგორც მას მეგობრები ეძახიან, საფრანგეთში შვიდი წლის წინათ გადაბარგდა და თამაში ფედერალ 1 დივიზიონის "მონლუსონში" დაიწყო. ბოლო ორი სეზონია, დათუნაშვილი ელიტარული, მეორე დივიზიონის "ორიაკში" ირჯება და პირველ დივიზიონში გადაბარგებისთვის იბრძვის.

30 წლის ასაკში მან მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში მოასწრო ასპარეზობა. უკანასკნელი ხუთი წელიწადია, მის გარეშე "ბორჯღალოსნებს" თითქმის არ უთამაშიათ.

ახლა ერთა თასის
ახალი გათამაშება იწყება და დათუნაშვილი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

საკლუბო და სანაკრებო კარიერის შესახებ სასაუბროდ ლევან დათუნაშვილს ორიაკში დავუკავშირდით.

- მოდი, საკლუბო კარიერით დავიწყოთ, სადაც სალაპარაკო თემა გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე სანაკრებო...

- კლუბში ყველაფერი წესრიგშია, რეგულარულად ვთამაშობ. ის კი არა, კონტრაქტი სამი წლით გავახანგრძლივე. "ორიაკმა" ზედიზედ შვიდი თამაში მოიგო და ახლა მეორე ადგილზე ვართ.

გვინდა წლეულს პლეი ოფში ვითამაშოთ და ელიტურ, პირველ დივიზიონში გადავიდეთ. საამისოდ კლუბში ყველაფერი კეთდება. დაფინანსება 40 პროცენტით გაიზარდა.

მართალია, წინ კიდევ 12 თამაში გვაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, პლეი ოფში თამაშის უფლების მოპოვებას აუცილებლად შევძლებთ. გადამწყვეტი იქნება მომდევნო ორი ტურის მატჩები. ჩვენი გუნდი სტუმრად ეთამაშება "ტარბს" და "ბრივს".

- სეზონის დაწყებისას "ორიაკის" გეგმებზე ასეთი ოპტიმიზმით არ საუბრობდით. რა შეიცვალა?
- დასაწყისში არავინ ფიქრობდა, რომ ასეთ შედეგს ვაჩვენებდით. 18 თამაშიდან 14 მოვიგეთ და მხოლოდ ოთხი წავაგეთ.

ასე იმიტომ ხდება, რომ ძალიან კარგი გუნდი შეიკრა. სეზონის წინ ექვსი კარგი მოთამაშე დავიმატეთ და ყველა თამაშში მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს - მოვიგოთ.

- "ორიაკში", თქვენს გარდა, კიდევ ორი ქართველია: კარლენ ასეიშვილი და გიორგი ნაცარაშვილი. ისინიც რეგულარულად თამაშობენ?
- დიახ, ნაცარაშვილის კონკურენტი კანადელია, რომელმაც ტრავმა მიიღო და ისიც ძირითად შემადგენლობაში ჩაჯდა.

ფრანგული კანონმდებლობით, გუნდში უცხოელთა რაოდენობა 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

მომავალი სეზონიდან ეს რიცხვი ორმოცამდე შემცირდება. ამიტომ გუნდები ცდილობენ, იმდენი უცხოელი იყოლიონ, ერთდროულად მოედანზე რამდენის გაყვანასაც შეძლებენ.

- დანარჩენმა ქართველებმაც თქვენსავით გაახანგრძლივეს "ორიაკთან" კონტრაქტი?
- არა, ასეიშვილმა ახლახან "ბრივთან" მოაწერა ხელშეკრულებას ხელი. გამორიცხული არ არის, ამ გუნდში ნაცარაშვილიც გადავიდეს. თუმცა მან კიდევ ერთი წელიწადი უნდა ითამაშოს "ორიაკში".

- თქვენ არ გინდათ სხვა, უფრო ძლიერ გუნდში გადასვლა?
- როგორ არ მინდა. ძალიან მინდა და უკვე დროა, ელიტურ, პირველ დივიზიონში ვითამაშო. თუმცა შეიძლება სხვაგან გადასვლა არ დამჭირდეს. გამორიცხული არ არის, ელიტაში "ორიაკთან" ერთად გადავბარგდე.

აქაურები უკვე ემზადებიან, ახალ სტადიონს აშენებენ. თუ პირველ დივიზიონში გადავალთ, ხელფასის 60 პროცენტით გაზრდას გვპირდებიან.

- ერთი სიტყვით, ორიაკში სარაგბო ბუმია. არადა, პატარა ქალაქია. საიდან ამდენი ფინანსები?
- ორიაკში 30 ათასი კაცი ცხოვრობს და აქედან 15 ათასი ყველა მატჩზე მოდის ჩვენს საქომაგოდ. რაგბის გარდა, აქ სხვა სპორტი არ არის.

ამიტომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და თითქმის ყველა მსხვილი თუ წვრილი კომპანია კლუბის სპონსორია. მაგალითად, ახალ სტადიონს ქალაქის მუნიციპალიტეტი გვიშენებს. მსხვილი სპონსორები კი მაღაზიათა ქსელები და გადამზიდი კომპანიები არიან.

- "ორიაკს" წარმატება ვუსურვოთ და ეროვნულ ნაკრებზეც ვისაუბროთ. მალე ერთა თასის გათამაშება დაიწყება. თქვენი სახელი და გვარი გუნდის გაფართოებულ სიაში არ არის...
- იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ პირველ ორ მატჩზეა ასე. ჩემთან არავის ულაპარაკია და არ უთქვამთ, ნაკრებში აღარ გამოგიძახებთო.

არადა, ახლა რომ ფორმაში ვარ, ასე არასდროს ვყოფილვარ. თუ ახლა არ გამოვადექი საქართველოს ნაკრებს, აბა, როდის? "ორიაკის" მწვრთნელებს კი გაუხარდათ, ნაკრების სიაში რომ არ ვარ, მაგრამ თუ ნაკრებში გამომიძახებენ, პრობლემა არ შემექმნება, აუცილებლად ჩამოვალ და, ჩვეულებისამებრ, მაქსიმალურად დავიხარჯები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩაქუჩას შეცვლაზე ლაპარაკი ნაადრევია!!! უბურთოდ თამაში ზალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე რაგბში და ამას ჩაქუჩა იდეალურად აკეთებს!!!
data
02:17 25-01-2013
0
რაქში, მოლში, აუტში , შერკინებაში და გაშლილ თამაშში ჩაქუჩა შეუდარებელია , ლეგიონერებიდან მას ყველაზე მეტი დრო აქვს გატარებული მოედანზე ყველა ტამაშს ორივე ტაიმს თამაშობს მთლიანად.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული