"ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერთ - ქართული რაგბის გულშემატკივრებს, მიგვაჩნია, რომ წინამდებარე თხოვნაში დასმული საკითხი სცილდება ვიწრო სპორტულ თემატიკას და მას აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა:
რაგბი უფრო მეტია, ვიდრე თამაში, რაგბი მომავალი თაობების აღზრდის საუკეთესო სისტემაა; საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებები ხელს უწყობს რაგბის პოპულარიზაციასა და უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას ქართული სარაგბო თემის ჯანსაღ სივრცეში; ჩვენი "ბორჯღალოსნების" წარმატებისათვის კი უმნიშვნელოვანესია ის მატერიალური პირობები, რასაც მას სახელმწიფო შეუქმნის.
რაგბისთვის დახარჯული თითოეული თეთრი სახელმწიფოსა და საზოგადოებას სიკეთის
ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ სახელმწიფოსა და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მიერ ამ მიმართულებით დღემდე გაკეთებულ საქმეებს და სამომავლოდ დასახულ გეგმებს; ასევე გვესმის, რომ დღეს არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ფონი, თითქოსდა, არ არის ხელსაყრელი ამგვარი თხოვნისათვის, მაგრამ საქმე ეხება ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომლის გადადებაც დააზარალებს საერთო საქმეს და ეს არ იქნება მხოლოდ სარაგბო თემისათვის მიყენებული ზიანი.
საქმე ეხება რაგბის ეროვნული ნაკრების მიერ საერთაშორისო მატჩების ჩატარების ადგილს.
მოგეხსენებათ, დღეისათვის ქ. თბილისში არსებობს ორი სტადიონი (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული/"დინამოს" სტადიონი), რომელზედაც შეიძლება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამართოს საერთაშორისო სარაგბო მატჩები.
საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით აშენებული ორი სარაგბო სტადიონი ("ავჭალისა" და "შევარდენისა"), მართალია, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ მათი ტევადობა (არაუმეტეს 2000 კაცი) არ აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ნაკრების საერთაშორისო მატჩებისათვის საჭირო მოთხოვნას.
ამ რამდენიმე წლის წინ ქ. თბილისის მერიამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი გრძელვადიან მფლობელობაში გადასცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ხოლო "დინამოს" სტადიონი ასევე გრძელვადიანი იჯარით გადასცა საფეხბურთო კლუბ "დინამოს".
ამასთანავე, ამ ხელშეკრულებებში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არ იქნა გათვალისწინებული რაგბის ეროვნული ნაკრების მიერ ამ სტადიონებით შეუფერხებლად და უსასყიდლოდ სარგებლობის შესახებ ნორმა, რის გამოც დღეს საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს არა აქვს არც საკუთარი სარაგბო სტადიონი, სადაც მიზანშეწონილი იქნებოდა საერთაშორისო მატჩების ჩატარება, და არც დიდი ტევადობის საფეხბურთო სტადიონი, რომლის სარგებლობაც შეეძლებოდა საიჯარო ქირის გადახდის გარეშე.
ამასთანავე, ზოგიერთ შემთხვევაში (სარაგბო და საფეხბურთო მატჩების დამთხვევა, მინდვრის საფარის გაფრთხილება საფეხბურთო გუნდების ხელმძღვანელთა მხრიდან და სხვა) რაგბის ეროვნულ ნაკრებს არც საიჯარო ქირის გადახდის პირობით ეძლევა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონით სარგებლობის უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მითითებული სტადიონების ამჟამინდელი მფლობელები გაგებით ეკიდებიან ქართული რაგბის საჭიროებებს და შესაბამისი კეთილგანწყობით თანამშრომლობენ რაგბის თემის ხელმძღვანელობასთან, მიგვაჩნია, რომ რაგბის ეროვნული ნაკრებისა და მთლიანად ქართული სარაგბო თემის დატოვება შესაბამისი ტევადობის საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის გარეშე არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ საწყენიცაა.
გარდა იმისა, რომ საიჯარო ქირის გადახდა რაგბის კავშირისათვის მძიმე ტვირთია, ყოვლად შეუწყნარებელი და პრინციპულად მიუღებელია, საქართველოს ეროვნული ნაკრები საქართველოს სახელით გამართულ საერთაშორისო მატჩებში სახელმწიფოს მიერ აშენებული და მერიის საკუთრებაში არსებული სტადიონით სარგებლობისთვის საიჯარო ქირას იხდიდეს (ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა ქირის ოდენობას).
რაგბის ეროვნული ნაკრები არის ყველაზე წარმატებული ნაკრები სპორტის სათამაშო სახეობებში (არასათამაშო სახეობებიდან კი მას მხოლოდ მოჭიდავეები თუ უწევენ კონკურენციას), იგი უკვე მუდმივად მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე, არის ერთა თასის არაერთგზის გამარჯვებული და მას არაერთხელ მოუტანია უდიდესი სიხარული მთელი საქართველოსთვის;
ქართველი "ბორჯღალოსნები" თავიანთი თავდადებით, პიროვნული ღირსებებითა და მაღალი პროფესიონალიზმით სამაგალითონი არიან ახალგაზრდა მორაგბეებისათვის, ხოლო საყოველთაო აღიარებით საქართველოს რაგბის კავშირი ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ფედერაციაა.
სწორედ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, რაგბის საერთაშორისო საბჭომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მიანიჭა განვითარებული სარაგბო ქვეყნის სტატუსი.
ამგვარ ვითარებაში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არა აქვს შესაფერისი ტევადობის სტადიონი, სადაც გარანტირებულად ჩაატარებს საერთაშორისო მატჩებს. არსებულ მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოებაც, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭომ ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით დააფუძნა თბილისის ტრადიციული საერთაშორისო სარაგბო ტურნირი, რომელიც პირველად წელს ივნისის თვეში უნდა ჩატარდეს და მასში საქართველოსთან ერთად ელიტური სარაგბო ქვეყნების "ა" ნაკრებებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა. სტადიონის პრობლემის გამო კი დღემდე გაურკვეველია ამ უმნიშვნელოვანესი ტურნირის ჩატარების ადგილი.
არსებული მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი რაგბის ეროვნული სტადიონის აშენება იქნება, რაც, ცხადია, სწრაფად შესასრულებელი საქმე არ არის; პრობლემა კი რაგბის ეროვნული სტადიონის აშენებამდეც საჭიროებს მოგვარებას.
საკითხის გადაწყვეტა შეიძლება შემდეგნაირად: "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონების ამჟამინდელ მფლობელებთან დადებულ ხელშეკრულებებში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილებები, რომლითაც საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს ექნება უფლება, უსასყიდლოდ ჩაატაროს ყველა საერთაშორისო მატჩი (წინასამატჩო ვარჯიშებითურთ) ამ სტადიონებზე; ამასთანავე, შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (თამაშის შემდეგ მინდვრის საფარის მოწესრიგების ხარჯების ჩათვლით) გადაიხდის რაგბის კავშირი. იმ შემთხვევაში, თუკი ერთმანეთს დაემთხვევა რომელიმე საფეხბურთო კლუბის/ასაკობრივი ნაკრების და რაგბის ეროვნული ნაკრების მატჩები, უპირატესობა მიენიჭოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს. ამასთანავე, რაგბის კავშირს უფლება უნდა ჰქონდეს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ჩატარებული ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის ყველა მატჩი ჩაატაროს "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონებზე.
ვიმედოვნებთ, ძალისხმევას არ დაიშურებთ რაგბის ეროვნული სტადიონის აშენებამდე სტადიონის პრობლემის დროულად მოსაგვარებლად. რაც შეეხება რაგბის ეროვნული სტადიონის აშენებას, კარგად გვესმის, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს საკითხი სწრაფად ვერ გადაწყდება, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება დღესვე შეიძლება (ტერიტორიის შერჩევა, პროექტირება და ა. შ.).
მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების დროისათვის კი, იმედი გვაქვს, საქართველოში გაჩნდება შესაძლებლობა, დაიწყოს ქართული რაგბის თემის არაერთი თაობის საოცნებო სტადიონის მშენებლობა".
პატივისცემით,
რაგბის გულშემატკივრები